მარიკა ხორავა
17.09.2020

„რა უნდა ეთქვა ამაზე IRI-ს? უნდა ეწამებინა ხალხი, თუ ფრჩხილები უნდა დაეძრო და ეთქმევინებინა ხმას ვის აძლევს. კვლევითი ორგანიზაციის ფუნქცია ეს არ არის", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მწვავე კრიტიკას, რომელმაც კვლევით ორგანიზაციას უთავმოყვარეო უწოდა.

ხუთშაბათს გამოქვეყნდა IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 36% არჩევნებზე „ქართულ ოცნებას", 15 % კი „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. ამასთან, კვლევაში მონაწილეთა დიდმა ნაწილმა საკუთარი პოზიცია გამოკითხვისას არ დააფიქსირა.

პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კვლევითი ორგანიზაცია, რომელსაც 27%-ზე მეტისგან ვერ გაუგია ხალხი არჩევნებზე ვის უჭერს მხარს, ასეთ ორგანიზაცია უთავმოყვარეოდ უნდა ჩაითვალოს.

ხუხაშვილისთვის გაუგებარია, თუ ამომჩეველს გადაწყვეტილი არ აქვს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს, ამ დროს კვლევითმა ორგანიზაციამ რა უნდა გააკეთოს.

„რბილად რომ ვთქვათ, კობახიძის განცხადება იყო არაკორექტული IRI-ს მიმართ. მოსახლეობის ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე. ამ დროს კობახიძე აკრიტიკებს კვლევის ორგანიზაციას და მას არაკვალიფიციურს უწოდებს.

„კვლევითი ორგანიზაცია აფიქსირებს ამომრჩევლის განწყობას, მეტს არაფერს აკეთებს. ეტყობა კობახიძეს სხვანაირი კვლევები აქვს - თავიანთ ხალხს აგზავნიან და თვალებს უბრიალებენ, ამომრჩევლებს ეკითხებიან - აბა, „ქართულ ოცნებას" უჭერ მხარს თუ არა? ასეთ გამოკითხვებს ატარებენ ეტყობა და ვისაც ეშინია, რა თქმა უნდა, პასუხობს, რომ შეყვარებულები ვართ თქვენზე, ბატონო ირაკლი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ამ კვლევაში ტენდენციები სწორად არის ასახული.

„კონკრეტულ ციფრებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, ტენდენციები სწორად არის ასახული და პოლიტიკური მოზაიკა დაახლოებით ასეთი პროპორციით არის განაწილებული. ვენდობი IRI-ს მსგავსი ტიპის კვლევებს, რადგან მსგავსი ტიპის კვლევები პოლიტიკურად არ არიან ანგაჟირებული. ყველა ორგანიზაცია თავის პრესტიჟს უფრთხილდება და ამიტომ, შესაბამისი კონტროლის მექანიზმები აქვთ", განაცხადა ხუხაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×