თამთა ჩაჩანიძე
16.09.2020

პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე წარწერით „ალეკო გისმენთ" საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა. ელისაშვილს „რეზონანსმაც" დაურეკა. ადრესატმა გვიპასუხა სიტყვებით „ალეკო გისმეთ". როგორც მან გვითხრა, რაც ბანერი განათავსა, მას შემდეგ 200-ზე მეტ ზარს უპასუხა.

ელისაშვილისვე თქმით, აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე მოქალაქეები ძიარითადად იმიტომ რეკავენ, რომ შეამოწმონ ნამდვილად ელისაშილი უპასუხებთ თუ არა.

„ძალიან ბევრი მირეკავს, ალბათ 200-ზე მეტ ზარს ვუპასუხე. რაღაც ნაწილს ვერ ვუპასუხე იმიტომ, რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი. სტატისტიკას რაც შეეხება, ყველაზე მეტად რეკავენ იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, მართლა მე ვუპასუხებ თუ არა. ზოგი ამით კმაყოფილია, ზოგი დაბნეული, ზოგი კვდება სიცილით.

„ასევე პრობლემებთან დაკავშირებითაც რეკავენ. ბანკიდანაც დამირეკეს - „თქვენი წარწერა ვნახეთ და კრედიტი ხომ არ გინდათო", ეგეთი ამბავიც იყო. მითიშავენ კიდეც -ეტყობა აინტერესებთ ნამდვილად მე ვუპასუხებ თუ არა. ჟურნალისტებიც მირეკავენ და მოკლედ ერთი აჟიოტაჟია. გამისკდა თავი, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია და მტკიცედ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ხალხს უნდა უსმენდნენ და ემსახურებოდნენ, ხალხთან და ზემოთ კი არ უნდა ვიყოთ, ხალხთან და ქვემოთ უნდა ვიყოთ.

„პოლიტიკურ ოპონენტებს არ დაურეკავთ. შესაძლოა გამითიშეს, მაგრამ მათთან არ მილაპარაკია.

„გაჭირვებულმა ხალხმა დამირეკა, ზოგი ფულს მთხოვდა, ზოგი დახმარებას, ზოგი უსახლკარო იყო, ზოგიც ზოგად პრობლემებზე, რომ ამ ქალაქს და ქვეყანას რა ეშველებაო. ზოგმა მითხრა ხმა რატომ უნდა მოგცეთ, განსხვავებულს რას გვპირდებითო", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება, რომელიც მას უკავშირდება, ბანერის იდეით აღტაცებულია.

„ვინც მირეკავს, ხალხის 95% იდეით აღტაცებულია, ამბობენ, რომ ხმას იმიტომ მოგცემთ, რომ ასეთი რამ გააკეთეო.

„მე თვითონ გული ამერია, რომ ამდენ ბანერს ვუყურებდი, რაზეც სიაფანდად მომღიმარი პოლიტიკოსები არიან და ამ უზარმაზარ ბანერებში ქვეყნის ფული რომ აქვთ ჩათხლეშილი, საშინლად არ მომწონს ეს სიყალბე და ვფიქრობდით, რომ რა გავაკეთოთ, რომ ამათ არ დავემსგავსოთო, იმიტომ, რომ ბანერებიდან ზემოდან ყურება და ვითომ მზრუნველი ღიმილი ჩემთვის ძალიან გულისამრევია. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და ეს დავაწერეთ. თავი გამისკდა ისეთ დღეში ვარ, მაგრამ პოლიტიკა ასე უნდა იყოს - ხალხს უნდა უსმენდე და ემსახურებოდე", - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×