ქრისტინე კაპანაძე
13.09.2020

„ჯერჯერობით არის ისე, როგორც არის და არ ვაპირებთ სრულად ონლაინ რეჟიმზე გადასვლას. ღმერთმა არ ქნას, რომ კატასტროფული ვითარება შეიქმნას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით“, - ასეთია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი კორონავირუსით დაინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის კიდევ უფრო გადავადება და განათლების სისტემის მთლიანად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა.

მისი თქმით, თუ საუბარია „სკოლაში მისვლა-არმისვლის საკითხზე“, გამოსავალი ონლაინ სწავლებაა, თუმცა ამ ეტაპზე სწავლის გადავადება დღის წესრიგში არ დგას.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ დისტანციურად სწავლა აუცილებლად დაიწყება, სკოლაში მისვლის დროს კი გათვალისწინებული უნდა იყოს რეკომენდაციები, რადგან სკოლა არ გახდეს  ვირუსის გავრცელების კერა. 

„მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ეს არ გვეხება, რადგან ყველაფერი კარგად იყო აქამდე და ქართველები განსაკუთრებული იმუნიტეტით ვსარგებლობთ. ასე არ არის და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ზუსტად იყოს დაცული დირექტივები. 

„თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა იქნება, ამაზე ცალკე სამომავლოდ ვიმსჯელებთ, რადგან წინასწარ დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, ეს არის  დამოკიდებული იმაზე, თუ რა იქნება ხვალ და ჩვენ ყველაფერს გადავწყვეტთ იმის შესაბამისად, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს უპირატესი“, - ამბობს მარგველაშვილი. 

ის ასევე საუბრობს რეგიონში მყოფ და სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, რომელთაც ტექნიკური მზაობა არ აქვთ ონლაინ სწავლების პროცესში ჩასართავად. 

„სკოლის დირექტორებს ქონდათ აუცილეობლობა გამოევლინათ ჯგუფები, რომელთაც საკომუნიკაციო საშუალებები არ აქვთ. რასაკვირველია ზუსტი რიცხვი არ ვიცით რამდენი ბავშვია ასეთი, თუმცა მოვუწოდებთ სკოლის დირექტორებს, სწრაფად გამოავლინონ ასეთი ბავშების რაოდენობა, სულ რომ ერთი პერსონა იყოს, რომელსაც შეიძლება ტელევიზორიც კი არ აქვს, რათა მათ შეძლონ ონლაინ სწავლის პროცესში ჩართვა“, - განაცხადა დეპუტატმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

მან მშობლების ნაწილის მიერ 15 სექტემბერს დაგეგმილი აქციის შესახებაც ისაუბრა, რომლებიც სწავლის 1-ლ ოქტომბრამდე გადადებას აპროტესტებენ.

მარგველაშვილის თქმით, დედებს აქციას ვერავინ აუკრძალავს და ეს მათი უფლებაა. 

„ჩვენი ქვეყანა არის ძალიან ღია და თავისუფალი, მთავარია აქცია ჩატარდეს შესაბამისი წესების დაცვით, რადგან არ მოხდეს ვირუსის გავრელება“, განაცხადა მარგველაშვილმა. 

ის დარწმუნებულია, რომ მთავრობა შეძლებს „ოქროს შჲალედის“ მონახვას ისე, რომ ბავშვების უსაფრთხოებაც დაცული იყოს და მათ სრულფასოვანი განათლების მიღებაც შეეძლოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×