ელზა პაპოშვილი
12.09.2020

საქართველოს ტერიტორიის მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი სოფელ ხურვალეთთან - ოკუპანტებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბოძების დამონტაჟება დაიწყეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რუსები სოფლის სიღრმისკენ მოიწევენ და უკვე სოფლის სკოლიდან სულ რამდენიმე მეტრით არიან დაშორებულები. 

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბორდერიზაცია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება.

„დაახლოებით 20-მდე ბოძია დამონტაჟებული და სავარაუდოოდ, სამუშაოებს ხვალ და ზეგ გააგრძელებენ. ოკუპანტები, როგორც წესი. ბოძების ჩაყრის შემდეგ სპეციალურ ღობეებს ან კიდევ მავთულხლართებს აბამენ. პროცესის გაგრძელება იქნება და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებისგან მხოლოდ სტნადრატულ განცხადებებს ვხედავთ და რაიმე რეალურ ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ.

„სამწუხაროდ, რუსები უკვე სოფლის შუაგულში მოიწევენ. ეს ადგილი სკოლის სიახლოვეს არის. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სკოლიდან რუსები რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მოქმედებენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში შემოდიან. სკოლა სოფლის შუაგულშია და ფერდობიდან, რომელიც რუსების მიერ არის ოკუპირებული, ქვემოთ მოიწევენ. სოფლის მიმართულებით მოდიან“, - ამბობს ქაცარავა „რეზონანსთან“. 

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებნი კი „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ოკუპანტები ტექნიკით პარასკევს საღამოდან გამოჩდნენ. მათ ბოძების ჩასაყრელად მიწა ამოჭრეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორია მონიშნეს. ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ მონიშნულის იქით არ გადავიდნენ. 

„ადრე ამ ტერიტორიაზე არ გადმოდიოდნენ. ეს არის ფერდობი, საიდანაც სოფლის სიღრმეში გზა მოდის. ეს ადგილი ჩვენი ხელისუფლების მიერ იყო კონტროლირებადი და ჩვეულებრივად გადავაადგილდებოდით. ახლა ტრაქტორებით და სამხედრო მანქანებით გამოჩდნენ, ჩაყარეს 20-მდე ბოძი და რა თქმა უნდა, შემოღობავენ. ვინ რას დაუშლით, როგორც უნდათ ისე მოიქცევიან. ჩვენ კიდევ თვალს შორიდან ვადევნებთ თვალს. შიში გვავს, რომ სოფლის ნაწილი არ მიიტაცონ“, - ამბობს სოფელ მხურვალეთის მცხოვრები „რეზონანსთან“. 

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ეხმაურებიან. უწყების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

„საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×