მარიამ ნებულიშვილი
11.09.2020

გიგი უგულავას მიერ „გიული დეიდაზე" გაკეთებულმა განცხადებებმა ყოფილ თანამებრძოლებს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაძაბა. გავრცელებული ინფორმაციით ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტაობის კანდიდატი მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია იქნება. რაც, ამავე ოქში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, „პოლიტიკის საოჯახო ბიზნესად გადაქცევის" მცდელობა იქნება.

„მე არ მინდა წინსწრებით რაიმე ვთქვა, როდესაც დადასტურდება ეს ინფორმაცია, შემდეგ გვექნება ამაზე საუბარი. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვგრძნობ იმას, რომ გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ეს ყველაფერი პასუხობს.

„გიული ალასანიას დასახელება, რბილად რომ ვთქვა, ძალიან ცუდად გამოიყურება. ერთი შემიძლია ვთქვა ამ თემაზე, გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი, მე კი ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას", - ამბობს გიგი უგულავა.

უგულავას ამ განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრობის" წევრი თინა ბოკუჩავა. მან გიგი უგულავას კორექტულობისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ გიული ალასანიასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

„არ მგონია, რომ ასეთი უხეში შეფასებები სწორია. დაველოდოთ მოვლენებს, ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე გავაცნობთ საზოგადოებას ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატებს. რამდენიმე მათგანი ცნობილია.

„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზუგდიდში აიღებს უფრო მეტ ხმას, ვიდრე „ევროპული საქართველოს", ამიტომ უნდა დავრჩეთ კორექტულები ერთმანეთის მიმართ, „საოჯახო ბიზნესი" და მსგავსი შეფასებები არასწორია", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

როგორც ჟურნალისტი გია იაკობაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, გიული ალასანიას კანდიდატად დაყენება იმაზე მიუთითებს, რომ „ნაციონალური მძრაობა" კადრების შიმშილს განიცდის.

„მე არ ვიცი, გიული ალასანიას რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის აღზრდაა თუ ამას აღზრდას დავარქმევთ. დაადასტურებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" ამ ფაქტს, არ აქვს მნიშვნელობა, თავისთავად ძალიან დამაჯერებელია მათი მხრიდან ამ კანდიდატის დაყენება. როგორც ჩანს, „კადრების შიმშილს" განიცდიან, ნორმალურთან მიახლოებულ ადამიანებსაც არ უნდათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" იყვნენ აფილირებული. ან, მეორე მხრივ, გიული ალასანია დედურ მარაზმში არის გადავარდნილი და ფიქრობს, რომ რადგან სააკაშვილის დედაა, აუცილებლად მას აირჩევენ", - თქვა იაკობაშვილმა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს აქამდე უნდა შეესწავლა გიული ალასანიას წარსული საქმიანობა.

„თუმცა „ქართულ ოცნებას" ამ დროის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ გიული ალასანიას დეპუტატობაზე კი არ ეფიქრა, არამედ იმაზე თავი სირცხვილით სად გამოვყოო. გიული ალასანიას სახელთან დაკავშირებულია ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცება ჩალის ფასად. პროკურატურა და სამართალდამცველები უნდა მუშაობდნენ ამაზე და არა იმაზე, გიული ალასანია საკუთარ კანდიდატურას რომ დაარეგისტრირებს, რამდენად მისაღებია, ხო არაა ნარკომანი", - აღნიშნა იაკობაშვილმა.

რაც შეეხება უგულავას განცხადებას, იაკობაშვილის თქმით, „ევროპულმა საქართველომ" ჯერ „საკუთარ თვალში დირე უნდა ეძებოს" და შემდეგ გააკეთოს განცხადებები.

„რაც შეეხება „ერვოპულ საქართველოს" სანამ ისინი „ნაციონალურ მოძრაობაზე" რაიმეს თქმას დაიწყებენ, სჯობს საკუთარ თვალში დირე აღმოაჩინონ", - ამბობს გია იაკობაშვილი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (11.09.2020)
რა უნდა ალასანიას დეპუტატად? რისი გამკეთებელი იქნება ? ესენი ხომ მთლიანად ოჯახი კრიმინალები არიან.სირცხვილი ნაც.მოძრაობას,როგორ შეუძვრნენ თავის ბელადს არ იციან,ოღონდაც შეუსრულონ ბრძანებები. ფუი ამ პარტიას, სურს ისევ მოსვლა? ზუგდიდელები გამჭრიახი ხალხია,ბევრის გადატანილი და დამნახველი ამ პარტიის მხრიდან და ამას არ დაუშვებენ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×