ვინ არიან ახალი რჩეულები და რაზე გააკეთა კანდიდატების შერჩევისას აქცენტი ივანიშვილმა
ელზა პაპოშვილი
10.09.2020

„ქართულმა ოცნებამ"  საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა, სადაც უმრავლესობა ახალი სახეებისგან შედგება.  სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ პარტია უკვე ასახელებს არა პრემიერობის კანდიდატს, არამედ „მომავალ პრემიერს“ - გიორგი  გახარიას. პარლამენტის თავმჯდომარე კი კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება. 

საარჩევნო სიის წარდგენამდე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მთავარ მიზნად საქართველოს ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბება დაასახელა. 

„პარტიის შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო და არის. საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია ოჯახის რჩენა, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ, სადაც თანაბარ პირობებს ქმნიან თვითეულის წარმატებისთვის, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით“ - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

„მინდა იცოდეთ, ,,ქართული ოცნება” კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ. მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არა გააჩნიათ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილს განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია უპირობო გამარჯვებაში: „თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველი შედეგისგან, მაგრამ ვადგავართ იმ გზას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე. ჩვენს სწორ და თანამიმდევრულ მიდგომებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამას აღიარებს ჩვენი ხალხი და ამიტომაც, დარწმუნებული ვართ, კვლავ უპირობოდ გამარჯვებული გამოვალთ იმ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად აიღო სტარტი“.

„ქართული ოცნების“ პირველი ოცეული კი ასე გამოიყურება: 1. გიორგი გახარია, 2. არჩილ თალაკვაძე, 3. ირაკლი კობახიძე, 4. თეა წულუკიანი, 5. მამუკა მდინარაძე, 6. კახა კუჭავა, 7. გიორგი კახიანი, 8. მარიამ ქვრივიშვილი, 9. მიხეილ სარჯველაძე, 10. მაია ბითაძე, 11. მიხეილ დაუშვილი, 12. გიორგი ამილახვარი, 13. ვიქტორ სანიკიძე, 14. მაკა ბოჭორიშვილი, 15. შალვა პაპუაშვილი, 16. დავით კაჭარავა, 17. ნიკოლოზ სამხარაძე, 18. გიორგი ხელაშვილი, 19. მარიამ ლაშხი, 20. ბექა დავითულიანი. 

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ოცეული უკვე ცნობილია, უკვე შეიძლება გაიცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა და რატომ გადაწყვიტა, რომ წარმოდგენილი სიის დიდი ნაწილი ახალი სახეებით დაეკომპლექტებინა?

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ძველ სახეებს ძირითადად ცვლის და ფსონს პოლიტიკურად სუფთა წარსულის კანდიდატებზე აკეთებს. ამბობს, რომ ივანიშვილმა გათვლა გააკეთა იმაზე, რომ ამ ახალ სახეებს ძველ ცოდვებს ვერავინ გაუხსენებს. ამავე დროს, ივანიშვილმა დასავლეთში განათლებულ ადამიანებზეც აქცენტები მიზანმიმართულად გააკეთა, რითაც იმის თქმა სურს, რომ ის და მისი პარტია რელურად პროდასავლურია და ოპოზიციის ბრალდებები მის პრორუსულობაზე, სიცრუეა. 

„ივანიშვილის აქილევსის ქუსლი  2012 წელსაც პრორუსულობა იყო. ამიტომ,  როდესაც მან ბლოკი გააკეთა, მაშინ შესაძლოა „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ რეალურად არც უნდოდა, მაგრამ იმისათვის, რომ ეს სუსტი წერტილია ამოევსო და ეთქვა, რომ პროდასავლური ძალებია ძირითადად წარმოდგენილი, ეს ხალხი შეიყვანა. ახლაც ცდილობს, რომ იგივე  გააკეთოს.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ 2016 წელს მის  მიერ შემოყვანილმა ახაგაზრდებმა, რომლებიც პროდასავლურ ძალებად ითვლებოდნენ პარტია დატოვეს, ხოლო ისეთი ძალა დარჩა, რომლეთა საგარეო პოლიტიკაც კითხვის ნიშნებს აჩენდა. ამიტომ მისი შევსება მოხდა. ის, რომ ეს ხალხი ქულებს და ხმებს მოიტანს, ამაზე ლაპარაკიც არ არის. არ ვგულისხმობ გახარიას, რა თქმა უნდა, მას რეიტინგი აქვს და ის ცალკე აღებული ძალას წარმოადგენს. აქ ვსაუბრობ ახალ სახეებზე, რომლების გამარჯვებასაც ივანიშვილი უზრუნველყოფს. სიაში ვინც არ უნდა იყოს, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს“, - ამბობს ანალიტიკოსი „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, შემდეგი ოცეულები მთლად ასეთი არ იქნება და იქ შესაძლოა ძველი სახეებიც ვნახოთ. გარდა ამისა პარტიის ლიდერი რაც უფრო ხანში შედის, ცდილობს, გუნდი უფრო ახალგაზრდა ჰყავდეს. ეს ქართული პოლიტიკის ტრადიციაა და სხვა პარტიებთან მიმართებაშიც ყოველთვის ასე ხდებოდა–ხოლმე. 

პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი  „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ მან ამ სიის შემადგენლობაში რაიმე რადიკალური ცვლილება ვერ დაინახა. მისი აზრით, სიის მთავარი ბირთვი ძველი სახეები არიან და სახელისუფლო სათავეებთანაც ისევ პრემიერი გახარია და პარალმენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დასახელდნენ. ერთი  ტენდენციაა რაც შეამჩნია, ისაა, რომ იმ სახეებმა შედარებით უკან გადაინაცვლეს, რომლებმაც საზოგადოების თვალში თავი დიდად ვერ გამოიჩინეს. 

„მცდელობა არის, რომ ეს პარლამენტი უფრო უკეთესად გამოიყურებოდეს, ვიდერ ადრინდელი. სურვილი არის, რომ უფრო სოლიდარულად იყვნენ წარმოდგენილები. რაც შეეხება ივანიშვილის საჯარო აქტიურობას, არ მგონია, რომ მან სოფელ-სოფელ იაროს და ხალხს შეხვდეს, მაგრამ, როგორც სიის წარდგენისაც სიტყვით გამოვიდა, მას ასეთი გამოსვლები ექნება.  

2016 წელს უფრო არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ გაიმარჯვებდნენ, როგორც ახლა. მაშინ ყველა კვლევების მიხედვით „ოცნების“ და „ნაციონალების’ რეიტინგი თითქმის თანაბარი იყო. ახლა კი ყველა კვლევების მიხედვით, „ოცნების“ რეიტინგი ორჯერ უსწრებს. როგორც ჩანს, თავად მმართველ გუნდსაც შიდა კვლევები აქვს და ხვდებიან, რომ თუ რამე დიდი უბედურება არ დაემართათ, ისინი ამ არჩევნებს  მოიგებენ“, - ამბობს ზურაბიშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, „ოცნება“ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ კორონავირუსთან მიღწეული შედეგის მერე საზოგადოებში დამკვიდრებული აზრი, რომ ხელისუფლებას არაფრის თავი არ ჰქონდა, გარკვეულწილად გააქარწყლა და მოსახლეობის ნაწილის თვალში კორონავირუსის მართვის კუთხით პლუსები დაიწერა. 

ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ამ პოზიტივის განულება არჩევნებამდე არაფრით არ მოხდება, რადგანაც „ოცნება“ ყველანაირად შეეცდება, რომ ეს განწყობა შეინარჩუნოს. 

„მეორეა ოპოზიციის უნიათობა და ისევ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი. ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სათავეში ისევ საკუთარ თავს განიხილავს, ამიტომაც საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ისევ ქვეყნის საფრთხედ აღიქვამს და მათთვის  „ოცნება“ კვლავ სტაბილურობის  გარანტია ხდება“, - ამბობს  „რეზონანსთან“  ზურაბიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×