ელზა პაპოშვილი
10.09.2020

სპეციალისტები ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას ქვეყანაში  ოქტომბერ-ნოემებრში ვარაუდობდნენ, თუმცა ფაქტია, რომ პანდეემის გავრცელება უკვე დაიწყო. როგორ ხვდება ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების  მეორე ტალღა და არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მომზადებული?!- „რეზონანსთან“  სპეციალისტები ამბობენ, რომ  ქვეყანაში კორონავირუსიის გავრცელების ზრდა რომ იქნებოდა მოსალოდნელი იყო, რადგანაც ტურისტული სეზონის დაწყების თანავე ამის რიკსი არსებობდა. მათივე თქმით, სამწუახროა, რომ ჯანდაცვის სისტემა ამისტვის სატანადოდ მომზადებული კვლავ არ არის და ტესტირებების  ჩატარება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც უკვე პანდემიის აფეთქება იწყება. 

პრემიერმა გიორგი გახარიამ კი  მთავრობის სხდომაზე განცხადება  გააკეთა, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მედია არ ესწრებოდა. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია.

„დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება.

ვვარაუდობდით შემოდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, იმიტომ, რომ სრულად ვმართავთ სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები.

ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა, ისევე, როგორც სოციალური, ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ვირუსის მართვის პირობებში.

მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყებიდან პირველ დღეებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში 150 პისიარ ტესტს აკეთებდა და დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია საშუალოდ გააკეთოს 6000-7000 ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, როგორც კლინიკური ჯგუფის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მაღალი მზაობაა.

„როგორც კლინიკური ჯგუფის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მზაობა მაღალია. კლინიკურ ჯგუფს გააჩნია ყველა საჭირო რეკომენდაცია და გაიდლაინი იმისთვის, რომ სწორად იმართოს პაციენტების მდგომარეობა, როგორც მძიმე მდგომარეობაში, ასევე საკარანტინო სივრცეებში მსუბუქ მდგომარეობაში მყოფთა მართვის შემთხვევაში. პანიკის საფუძველი ამ მხრივ არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ საყოველთაო მობილიზება ჩვენი მოქალაქეების,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გასაკვირი  ამაში არაფერია, რომ ტურისტული სეზონის პარალელურად დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. ამიტომაც ამისთვის ქვეყანა უნდა მომზადებულიყო და ახლა თავში მხოლოდ ხელის ცემა გამოსავალი არ არის. მედიცინაში არ არსებობს ტერმინი პირველი და მეორე ტალღა. კორონავირუსი არსად არ წასულა და ის ხან მოიმატებს და ხანაც დაიკლებს. შესაბამისად ამისთვის ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა მომზადებული უნდა დახვედრილიყო.  

„ზოგადად ეპიდემიოლოგიურად სიტყვა ტალღის განმარტება არ არსებობს. დაავადება იყო და რჩება, არსად წასვლას არ აპირებს. მერამდენე ტალღაც გინდა დაარქვი. უბრალოდ, როგორც მართლა რეალური ტალღების დროს ხდება ან პატარა იქნება და ან დიდი. გააჩნია მის მართვას როგორ შევძლებთ. სამწუხაროდ მზად ახალი შემოტევისთვის არ ვართ. მთელი ზაფხულია არფერი არ გაგვიკეთებია. ახლა, რომ გავარდნენ და ბათუმში ანალიზებს იღებენ. 

არ ვიცოდით, რომ ზაფხულში როდესაც აჭარას დამსვენებლები მიაწყდებოდნენ, ასეთ სიტუაციას მივიღებდით? არ ვიცოდით, რომ წესებს საკურორტო ზონებში  არავინ იცავს? მაშინ  მესტია რაღაზე ჩაკეტეს ბათუმს თუ არ კეტავენ. აი ეს ქაოსური არაგეგმიური ქცევებია შეცდომაა. პრაქტიკულად თითი-თითზე არა აქვთ დაკარებული. მთელი ივლისი და აგვისტო უნდა მოვმზადებულიყავით. იგივე სკოლების მომზადება, მასწავლებლების, ექიმების. მართლა ღმერთის იმედზე ვართ უკვე“, - ამბობს ვატო სურგულაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ასევე გაუგებარია სტატისტიკას როგორ ითვლიან, რადგანაც ზუსტად არ ვიცით, წინა შემოტევის დროს რელური ციფრები დაავადებულების რა იყო. არ გვქონდა მასობრივი ტესტირება და ზოგს საერთოდ შესაძლო უსიპტომოდაც კი გადატანილი ჰქოდეს. ამიტომაც ახლა იმის ძახილი, რომ წინასგან შედარებით უფრო მეტი შემთხვევები გვაქვს, არასწორია. ასევე სრულიად გაუგებარია ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები საწოლების რაოდენობაზე. ადრე ამბობდა, რომ 1500 გვქონდა და ახლა  600 გვაქვსო. საბოლოო ჯამში რეალურად ისიც არ ვიცით, რამდენი გვაქვს.  

„მომზადების  პერიოდში მინიმუმ 100  სასუნთქი აპარატი და 200-მდე საწოლი უნდა დაგვემატებინა. მსგავსი არაფერიც არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება ქვეყნის ჩაკეტვას, ისევ ეს არის აბსურდი. ამის გაკეთება საერთოდ აღარ შეიძლება. ერთი იმედის მომცემი ის არის, რომ ჩვენმა ექიმებმა და მთელმა მსოფლიომაც ამ ვირუსის მართვა ისწავლა. მას უკვე კარგად ვიცნობთ და ასეთი რადიკალური ზომების მიღება საჭირო აღარ იქნება“,-ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“.  

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სავარუდოდ, უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას უნად ველოდოთ, რადგანაც საკმაოდ ბევრი უკონტროლო კლასტერები გაჩნდა. ბუწაშვილს  წინასწარ იმის პროგნოზირება უჭირს, როგორი შეიძლება იყოს მეორე ტალღა და რამდენად გაიზრდება მისი რიცხვი. წინა ტალღისგან განსხვავებით სავარაუდოდ მეორე უფრო მზარდი იქნება, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. ინფექციონისტებს ახლა ყველა კონტაქტის დადგენა გაუჭირდებათ, მაგრამ მართვა შედარებით ვისწავლეთ და ამან სიტუაცია ცოტა უნდა გაამარტივოს. 

„ფაქტია, რომ წინასწარ რაიმეს  პროგნოზირება ძაიან რთულია. თუმცა იმის თქმა შესაძლებელია, რომ წინასგან განსხავებით, როდესაც ქვეყნის სრული ჩაკეტვა მოხდა, ახლა რიცხვის ზრდა უფრო მეტი გვექნება. თუმცა ამან არ უნდა შეგვაშინოს. ერთი ისაა, რომ განვითარება როგორ მოხდება ამაზე საუბარი რთულია. ჩვენთან მაგალითად ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით პიკი უფრო მდორე იყო და არ ჰქონდა ისეთი მასშტაბი როგორც ევროპაში. ამიტომაც ზუსტად რამის თქმა გაჭირდება. უბრალოდ ინფექციონისტები ახლა ყველა კონტაქტების დადგენას ვერ შეძლებენ, რადგანაც ბევრი უკონტორლო კერები გვაქვს. მთავარი სწრაფი ტესტირებების ხელმისაწვდომობა და მალე გამოვლენა. ქვეყნის ჩაკეტვა  ამ ეტაპზე საჭირო არ არის და მგონია, რომ ამის გაკეთება აღარც უნდა მოხდეს“, - ამბობს ბუწაშვილი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×