თამთა ჩაჩანიძე
10.09.2020

ხუთშაბათს კორონავირუსის დღიური რეკორდული ნიშნული, 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების აზრით, კოვიდშემთხვევების ყოველდღიური ნახტომისებური ზრდა და უცნობი წყაროების მატება, მიანიშნებს იმაზე, რომ „საშიშ ეტაპზე გადავდივართ", მთავრობის სხდომაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, განხილვის მთავარი საკითხი ეპიდვითარება იყო.

როგორც მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ სხდომისას განაცხადა, ფაქტობრივად მეორე ტალღის პროცესი იწყება, თუმცა მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, რადგან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მისი თქმით, ამჯერად კონკრეტული შეზღუდვების დაწესება მთავრობას მაინც უწევს, მაგრამ შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას არანაირად არ ეხება.

„დღეიდან იკრძალება ღია ცის ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის. დღეის მდგომარეობით, დახურულ შენობებში ეს ისედაც აკრძალულია. კიდევ ერთხელ ვამბობ - ღია ცის ქვეშ იკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

„რაც შეეხება რიტუალურ ღონისძიებებს, სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანებაც მოჰყვეს, მაგრამ საგულისხმო მაგალითია ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, ქორწილი იყო.

„იძულებული გავხდით, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს ასევე მოუწოდებს, რომ რომლებიც 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში იყვნენ სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ.

როგორც ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, არსებული სიტუაცია ძალიან საყურადრებოა, იგი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არსებული რეკომენდაციები დაიცვან, რათა ეპიდსიტუაცია უკონტროლო არ გახდეს და მთავრობა იძულებული არ გახდეს, რომ უფრო სერიოზული შეზღუდვები შემოიღოს.

„სიტუაცია საფრთხილო და საყურადღებოა და უკვე საშიშ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც შემთხვევების რაოდენობა იზრდება და ამ შემთხვევებთან ერთად იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, ვისი წყაროც უცნობია, ამიტომ აქ ერთადერთი მოსახელობას რაც შეგვიძლია ისაა, რომ რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, რადგან სხვანაირად ჩვენ სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნებას სხვანაირად ვერ შევძლებთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრიდან წესები დაცული იყოს, რადგან არსებულ შეზღუდვებზე მეტი შეზღუიდვა არ დაწესდეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ, დღის წესრიგში უფრო სერიოზული შეზღუდვების ამოქმედება დადგება, რაც არცერთ ჩვენთაგანს არ გვინდა და არც ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვისაა მომგებიანი, ამიტომ ჩვენ თადარიგის დაჭერა და რეკომენდაციების სრული დაცვა ახლავე უნდა დავიწყოთ, რათა შემდგომში მეტი შეზღუდვა არ მივიღოთ.

„თუ ბოლო დღეების სტატისტიკას დავეყრდნობით, შემთხვევების ზრდას ვერ გამოვრიცხავთ, ორ-სამ დღეში შესაძლოა რადიკალურად არ გაიზარდოს, მაგრამ ამის საშიშროება მაინც არის, ამიტომ ყველა ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს, თუ ვინმეს სიმპტომები აქვს, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართოს და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავი შეიკავოს.

„ვაქცინასთან დაკავშირებით საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაციებია, რომ უკვე რამდენიმე თვეში შესაძლებელია, რომ მსოფლიოს ეფექტური უსაფრთხო და ყველა პირობის დამაკმაყოფილებელი ვაქცინა ჰქონდეს, იმედია, რომ ამ წლის ბოლოს, ან მაქსიმუმ 2021 წლის დასაწყისში საქართველოსაც ასეთი ვაქცინა ექნება.

„საუბარია ამერიკელების მიერ შექმნილ ვაქცინაზე, ასევე ვაქცინაზე ბრიტანეთშიც მუშაობენ, ანუ რამდენიმე ვაქცინაა, რომლებიც კვლების ბოლო სტადიებს გადიან და უკვე შესაძლებელია, რომ აღიარებულ იქნას, როგორც უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინებად," - განაცხადა გოგინავამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 პაციენტი მკურნალობს. 18 ინფიცირებული მეთვალყურეობას საკარანტინი სივრცეში გადის, მათი მდგომარეობა უსიმპტომოა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×