ელზა პაპოშვილი
04.09.2020

პროკურატურის მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილმა სუცოცხლე თბითმკვლელობით დაასრულა და ამასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოძიებამ თავისი დასკვნა წარმოადგინა. ამასვე ამტკიცებენ მისი მეგობარი დეა კაპანაძე, კლასელი ანა კურტანიძე და გარდასვლილის ბებია. სავარაუდოდ, სუიციდის მიზეზად ოჯახურ პრობლემებს ასახელებენ. დეა კაპანაძე აცხადებს, რომ გოგონა მკვლლეობამდე წინა დღით სახლში დაიმუქრა, რომ ისეთ ადგილას წავიდოდა და დაიკარგებოდა, რომ ვერავინ იპოვიდა. ამბობს, რომ ამის შესახებ თამარის გაუჩინარებიდან მეორე დღეს მამამისისგან მოისმინა, რომელიც წუხდა, რომ თამარმა შესაძლოა ეს მუქარა შეასრულა.

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე კი ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგებს და მასთან შემხებლობაში მყოფ მტკიცებულებებს ასაჯაროებს. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები. ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება მინიმალურ, ლეტალურ რაოდენობას. მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას, ადამიანის ორგანიზმში აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სს საქმის გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზის შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები. გამოძიების ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები. საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.

გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე „გუგლის" საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს - „საძილე აბები ურეცეპტოდ", „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები". ასევე, მან „გუგლის" საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.

იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს", „იმპექსის", პსპ-ს, „ჯიპისის", „ავერსის" აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი, და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი. პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ. აღნიშნული მითითებულია სს საქმეში.

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს" პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, „ნაბეღლავისა" და „ბაკურიანის" ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის" წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.

ასევე, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე - ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება. ასევე, ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის იუთუბის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, მისი მობილური ტელეფონიდან ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ვასაჯაროებთ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რომლებიც ასახავენ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნის და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზების დასკვნების და გამოძიების შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოების ინფორმირებას პერიოდულად მოახდენს," - აცხადებს პროკურორი დავით გუმბერიძე.

რაც შეეხეება FBI-ის ის თამარ ბაჩალიაშვიოლის საქმის გამოსაძიებლად არ ჩამოვა - გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი ქალის საქმეზე, FBI-ის ჩართვის საკითხთან დაკავშირებით, პროკურორმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართულ მხარეს კომუნიკაცია ჰქონდა ამერიკის ფედერალურ ბიუროსთან, მათ კი განმარტეს, რომ შტატების გარდა სხვა ტერიტორიაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების უფლება არ აქვთ.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების საკითხზე, საიდანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიურო, იძიებს მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და ასევე, მათთან დაკავშირებულ კონკრეტულ საქმეებს, შესაბამისად, მათ ჩვენს ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარების უფლება არ აქვთ. ამიტომ, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება, მხოლოდ ჩვენს, ქართულ მხარეს გააჩნია,"- განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

ექსპერტიზის დასკვნის შედეგებთან დაკავშირებით ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია, მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან.

ოჯახის ადვოკატს არ სჯერა, რომ პროკურატურამ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ბაჩალიაშვილის საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა და ამის შემდეგ ეფბიაიმ საქმეში ჩართვაზე თქვა უარი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ფედერალურ ბიუროს პროკურატურამ საქმის საკუთარი ვერსია მოაწოდა, თვითმკვლელობის შესახებ და ეფბიაის უარიც საქმეში ჩართვაზე ამას უკავშირდება.

„თუ ეფბიაის მიაწოდეს გენერალური პროკურატურიდან ინფორმაცია, რომ ადამიანმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, ამით დასრულდა დანაშაულის შემადგენლობა და არაფერი აღარ არის გამოსაძიებელი, არაფერი ეჭვი აღარ არსებობს, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს გარკვეული ჯგუფი, მაშინ დაუსრულებია ბატონ გენერალურ პროკურორს დანაშაულის გამოძიება. პირველ რიგში, ვითხოვთ, გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალურმა პროკურატურამ ფედერალურ ბიუროს და რა მოთხოვნა გააგზავნა კიდევ ერთხელ. პირველად გაგზავნილ წერილში სულ სხვა შინაარსის იყო და იქიდანაც სულ სხვა პასუხი მოვიდა. რა ინფორმაცია გამოიტანა სახალხო დამცველმა, ეს კითხვის ნიშანს აჩენს. ეტყობა, ხელმეორედ ფედერალურ ბიუროში სხვა ინფორმაცია გადააგზავნეს. გამოაქვეყნონ, გენერალურმა პროკურორმა რა მისწერა და რა პასუხი მოიღო გამოძიების ფედერალური ბიუროდან", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×