მარიამ ნებულიშვილი
04.09.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. დედაქალაქის რვავე ოლქში მოსახლეობისთვის უკვე ცნობილია პარტიათა დიდი ნაწილის მაჟრიტარობის კანდიდატები. „მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ ისეთ ოლქს, სადაც უკვე გადაწყვეტილია შედეგები", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას თბილისის მაჟორისტარულ ოლქებში არსებულ სიტუაციას.

მისი აზრით, ყველა ოლქში იქნება მეორე ტური. ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცმებით ყველაზე მძიმე ოლქებია საბურთალო, ვაკე და ისანი.

„ვფიქრობ, რომ თბილისის ყველა ოლქში მაღალი ალბათობით იქნება მეორე ტურები. გასაგებია, რომ მეორე ტურებში აუცილებლად იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. თუ ოპოზიცია მოახერხებს იმაზე შეთანხმებას, რომ მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს კონსოლიდირებულდ დაუჭირონ მხარი, ეს ინტრიგას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ ისეთ ოლქს სადაც უკვე გადაწყვეტილია შედეგი. თანაბარი შანსები ალბათ არ არის კანდიდატებს შორის და ხელისუფლებას აქვს უპირატესობა, მაგრამ ეს უპირატესობა დღეის მდგომარებით ვერ უზრუნველჰყოფს 50%+1-ს. კიდევ შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, დაკორექტირდეს, არჩევნებამდე კიდევ დროა დარჩენილი, მაგრამ სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება ტოტალური მეორე ტური.

„ვფიქრობ საბურთალოს რაიონი ყველაზე მძიმე ოლქია. ვაკის ოლქშიც, მას შემდეგ რაც ლევან კობერიძემ წამოაყენა თავისი კანდიდატურა, დაიძაბა სიტუაცია, იგივე ისნის ოლქში საკმაოდ კონკურენტული ვითარება ჩამოყალიბდა", - ამბობს გია ხუხაშვილი „რეზონანსთან".

რაც შეეხება ოლქებში კანდიდატების გადანაწილებას, ვაკეში „გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატია - „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარი, მმართელი გუნდის - ნოდარ ტურძელაძე, „ლელოსი" - ლევან კობერიძე, ხოლო „ჩვენ საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" მხრიდან დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად თავად პარტიის თავმჯდომარე - ბექა ნაცვლიშვილი იბრძოლებს.

მთაწმინდა-კრწანისის ოლქში „გაერთიანებულმა ოპოზიციამ" - შალვა შავგულიძის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ" ბექა ოდიშარია დაუპირისპირა, „ლელომ" - საბა ბუაძე, ხოლო „ჩვენ საქართველო - სოლიდარობის ალიანისის" სახელით მაჟორიტარობისთვის ამ ოლქში ჯაბა ჯიშკარიანი იბრძვის.

რაც შეეხება საბურთალოს, სადაც საკმაოდ მაღალია კონკურენცია, აქ „გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატია ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც მხარს არ უჭერს „ნაციონალური მოძრაობა", თუმცა არც კონკურენტ კანდიდატს უყენებს. რაც შეეხება მმაღთველ გუნდს, „ქართული ოცნების" სახელიღ დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად საბურთალოზე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო იბრძოლებს. „ლელოს" კანდიდატი პარტიის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძეა, გარდა ამისა დეპუტატობისთვის იბრძვიან თაკო ჩარკვიანი „სტრატეგია აღმაშენებელიდან", ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეებიდან" და საბურთალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი „ჩვენ საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" სახელით.

დიდუბე-ჩუღურეთში „გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა, „ოცნების" სახელით გია ვოლსკი იბრძლებს, „ლელოს" კანდიდატი ლევან სამუშიაა, „ჩვენ საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" სახელით გედევან ფოფხაძე იბრძოლებს, ხოლო ანა დოლიძე პარტია „მოქალაქეებს" წარმოადგენს.

რაც შეეხება ისნის ოლქს, სადაც „გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" კონკურენტი კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაუყენა. ისანში მმართველი გუნდის სახელით კახი კახიშვილი იბრძოლებს, „ლელოს" - ლანა გალდავა წარმოადგენს, „ჩვენ საქართველო - სოლიდარობის ალიანსს" კი რამაზ ბლუაშვილი.

ნაძალადევში „გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატია ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნება" ყოფილ ფეხბურთელს მიხეილ ყაველაშვილს უპირისპირებს, „ლელო" - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს, „ჩვენ საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" კი ზვიად თავაძეს.

სამგორის რაიონში „გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, „ქართული ოცნების" - სოზარ სუბარი, „ლელოს" სახელით მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად ფიქრია ჩიხრაძე იბრძოლებს, ხოლო „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსს" ალექსანდრე რიჟამაძე წარმოადგენს.

რაც შეეხება გლდანს, აქ „გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი ნიკა მელია დაუპირისპირდება „ქართული ოცნების" კანდიდატს, გლდანის მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე ყოფილ ფეხბურთელ ლევან კობიაშვილს. გლდანში „ლელოდან" გიგლა მიქაუტაძე, ხოლო „ჩვენ საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" ლაშა გიორგაძე იბრძოლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×