მარიამ ნებულიშვილი
04.09.2020

უკვე რამდნეიმე დღეა ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საზოგადოების პროტესტი 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით ის მილიციის იზოლატორში წამებით მოკლეს. მომხდარის გამო დე ფაქტო პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა, თუმცა მოსახლეობის პროტესტი ამით არ შეწყვეტილა. ცხინვალში მიმდინარე მოვლენებზე, ოპოზიციურ პარტიებზე და დეფაქტო ხელისუფლებაზე „რეზონანსი" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

პროტესტის მონაწილეები კი პირველ რიგში დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებას მოითხოვენ. თავად ჯაგაევი კი გადადგომას არ აპირებს. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კი ჯაბიევის გარდაცვალების ფაქტს „საშინელ ტრაგედიას" უწოდებს, მაგრამ ამბობს, რომ ცხინვალში „მაიდანი" არ განმეორდება.

პაატა ზაქარეშვილის შეფსებით, ქუჩაში გამოსული ხალხი სახლში ასე მარტივად არ დაბრუნდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოვლენები რევოლუციური სცენარით არ განვითარდება, არ არის გამორიცხული ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

„ეს ასე ნამდვილად არ დამთავრდება. ცხინვალში სერიოზული პოლიტიკური ძალებია, რომლებმაც ძალიან ეფექტურად გამოიყენეს ციხეებში არსებული მძმე მდგომარეობა, წამების ფაქტები და მკვლელობები. ამიტომ, ეს ადამიანები უკან სახელში არ შებრუნდებიან. ბიბილოვს მოუწევს გარკვეულწილად ამაზე ანგარიშის გაწევა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ან გადადგომა.

„დღეს ცხინვალში ჩადის მოსკოვის კურატორი კავკასიის და არაღიარებული ტერიტორიების საკითხებში. საინტერესოა რაზე იქნება მოლაპრაკება მასთან. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ის შეხვდება ოპოზიციასაც. რა თავისთავად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რაზე შეთანხმდებიან. მე არ გამოვრიცხავ, რომ წავიდნენ ვადამდელ არჩევნებზე და ვინც გაიმარჯვებს გაიმარჯვებს - დაახლოებით ასეთ პოზიცია ჰქონდეთ და ამაზე დაითანხმონ ბიბილოვი. თუმცა მეორე ვარიანტიცაა, გადადგეს პირდაპირ, იმიტომ, რომ ტემპერატურა ძალიან დაწეულია და ბიბილოვი ვერ დაიბრუნებს იმ ძალას, რაც მას ჰქონდა ერთი წლის წინ", - ამობობს ზაქარეიშვილი.

ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე საპროტესტო აქციების სათავეში დგას ალან გაგლოევი, ოპოზიციური პარტია „ნიხასის" თავმჯდომარე. პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსს" უყვება, რომ „ნიხასის" თავმჯდომარე გაგლოევამდე დავიდ სანაკოევი იყო, რომელიც პარტიის პარლამენტში შესვლიდან მალევე გადააყენეს და მის ნაცვლად გაგლოევი დანიშნეს. ზაქარეიშვილის თქმით, გაგლოევი რუსეთისთვის სასურველი პირია და გამორიცხული არაა, რომ სწორედ მან ჩაანაცვლოს ბიბილოვი.

„ცნობილი პოლიტიკოსია სანაკოევი, არა ერთხელ და ორჯერ იყრიდა კენჭს, იყო დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ომბუდსმენი. მან შექმნა პარტია და თავადვე იყო მისი თავმჯდომარე. სანაკოევი ამ პარტიითვე გავიდა პარლამენტში, ხოლო მას შემდეგ რაც პარლამენტში მოულოდნელად, პარტიამ შიგნით მოაწყო ყრილობა, გადააყენა სანაკოევი თავმჯოდმარეობიდან და დანიშნა გაგლოევი. რაც თავისთავად უცნაური მოვლენა იყო და ასე ამოტივტივდა გაგლოევი ზედაპირზე. ძალიან მნიშვენლოვანია, რომ სანაკოევი არ იყო მაინც და მაინც სასურველი რუსეთითსთის და გაგლოევი შეძლება ყოფილიყო ის ფიგურა ვინც ჩაანაცვლებდა ბიბილოვს. ეს თავის დროზეც ითქვა, როდესაც ყრილობა ჩატარდა, რომ სანაკოევი ვერ მოახერხებდა რუსეთისთვის იმის დაჯერებას, რომ ეს ოპოზიციური ძალა მისთვის საინტერესო იქნებოდა და გაგლოევი ამას შეძლებდა.

„როქირება მოხდა და ერთმანეთს გაუცვალეს ადგილები, სანაკოევი არის ფრაქციის ხელმძღვანელი დე ფაქტო პარლამენტში და გაგლოევი გარედან მართავს სიტუაციას. შეიძლება ითქვას, რომ მას საზოგადოების საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა აქვს, იმიტომ, რომ პარლამენტში გავიდა და წამყვანი ოპოზიციური ძალაა. გარდა ამისა, ის, რომ გაგლოევი დაინიშნა პარტიის თავმჯდომარედ მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს პარტია რაღაც სერიოზულისთვის ემზადება და ეს შეიძლება არის ახლა ვადამდელი არჩევნებში, ან შემდეგ არჩევნებში გამარჯვება", - თქვა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. ცხინვალში ასევე საკმაოდ ძლიერია ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცხინვალში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა ე.წ. საზღვართან ის არ შეუშვეს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ გაგლოევმა და კოკოითმა ითანამშრომლონ და ერთად ჩამოაყალიბონ ახალი მთავრობა.

რაც შეეხება კოკოითს, ის ვერ გახდება დე ფაქტო პრეზიდენტი საცხოვრებელი ცენზის გამო, იმისთვის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი გახდე, საჭიროა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მუდმივად იქ ცხოვრობდე. კოკოითი კი არჩევნებში დამარცხების შემდეგ რუსეთში ცხოვრობდა და ახლაც იქ იმყოფება. ამ მიზეზით მას ერთელუკვე ეთქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.

„ოპოზიციაში ასევე ძლიერია კოკოითის ფრთა, მაგრამ ის ვერ გახდება პრეზიდენტი. თუმცა შესაძლებელია მისი ფრთიდან ვინმე იყოს, ვისაც კოკოითი ჩათვლის საჭიროდ. საქმე ისაა, რომ ვისაც კოკოითი ასახელებს შემდეგ მას განუდგებიან ხოლმე, ბიბილოვიც კოკოითის გუნდიდან იყო თავის დროზე. აშკარად ჩანს, რომ კოკოითი ბოლომდე მისაღები არაა მოსკოვისთვის მიზეზთა გამო და აქედან გამომდინარე ცდილობენ, მის მიერ რეკომენდირებული კანდიდატები ჩამოაშორონ. თავად კოკოითსაც ძალიან უჭირს კანდიდატების შერჩევა, იმიტომ, რომ საბოლოოდ მას უპირიპირდებიან. კოკოითი ვერ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე, თუკი პარლამენტში გავა.

„არ გამოვრიცხავ, რომ კოკოითმა და გაგლოევმა საერთო მთავრობა ჩამოაყალიბონ. აშკარაა, რომ კოკოითი მხარს უჭერს მოძრაობას ბიბილოვის წინააღმდეგ, რომლის სათავეშიც გაგლოევია. ამიტომ, თუ გაგლოევისთის მისაღები იქნება კოკოითთან ერთობა და შეეცდებიან ერთად დაამარცხონ ბიბილოვი, მგონია, რომ გაგლოევი უნდა წავიდეს ამაზე", - ამბობს ის.

რაც შეეხება საქართველოს, ზაქარეიშვილის თქმით, ცხინვალში მიმდინარე პროცესებით საქართველოსთვის არაფერი არ იცვლება, რადგან ჩვენ არ გამოვხატავთ ნებას და ჩართულობას, რომ ცვლილებები განხორციელდეს.

„თუ ადამიანი ზარმაცია და ლოგინში წევს, მისთვის არანაირი მნიშნელობა არ აქვს მზე ამოვა თუ მთვარე. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, ამიტომ ის პროცესები რაც მიმდინარეობს აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში ჩვენზე, არანაირ გავლენას არ ახდენს. ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს მოლოდინი, რომ იქ თუ რაღაც ცვლილებები მოხდება აუცილებლად ჩვენ ჩაგვეხუტებიან და აქ მოვლენ. არანაირი საფუძველი არ არსებობსიმის, რომ აფხაზურმა თუ ოსურმა საზოგადოებებმა შეიცვალოს პოზიციები საქართველოს მიმართ. საქართველო არაფერს არ აკეთებს, არავითარი სტრატეგია არ გავქვს. ამ ფონზე ისინი თვლიან, რომ დამოუკიდებლები არიან, თუმცა მე მათ დამოუკიდებოლბაში ეჭვი მეპარება, მიუხედავად ამისა, ისინი თავის პოლიტიკას ახორციელებენ, ვიღაცებს გადააყენებენ, გაიმარჯვებენ, დამარცხდებიან და საერთოდ არ უნდათ საქართველო. საქართელოს იხსენებენ მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. თუ აქ ადამიანი ვინმეს არ მოსწონს, მაშინვე რუსეთის აგენტობაში სდებს ბრალს. დაახლოებით იქაც ასეა, როდესაც არ იციან რა დააბრალონ, ერთამნეთს აბრალებენ ქართველების აგენტობას. ბიბილოვმა ახლა მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია დააბრალა ქართულ ბოტებს. რაც სასაცილოა. ასე რომ, საქართველო მათთვის არის მხოლოდ საფრთხობელა, მტრის ხატი და შესაბამისად ამ პროცესებით არაფერიც არ იცვლება ჩვენთვის", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები 28 აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, რომლისგანაც აღიარებით ჩვენებას მოითხოვდნენ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გამოძიების ფარგლებში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელს უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა.

მომხდართან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულებას მაშინვე მოაწერა ხელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ბიბილოვმა აქციაზე შეკრებილებს პირადად განუცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×