მარიამ ნებულიშვილი
03.09.2020

„ამ ტიპის ნივთიერების გამოყენება, არ ხდება უმაღლესი ხელისუფლების პირდაპირი ნებართვის და მითითების გარეშე", - ასე ეხმიანება რუსეთის მკლევარი და ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას, გერმანიის მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით" მოწამლეს.

„ბიბისის" ინფორმაციით, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა „ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება" „ნოვიჩოკის" ნერვული აგენტების ჯგუფიდან.გერმანიის მთავრობა გმობს თავდასხმას და რუსეთს სასწრაფო ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდებს.

„შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა რუსეთში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მინისტრებს შემდგომი ნაბიჯების განსახილველად შეხვდა. ნავალნის „ნოვიჩოკით" მოწამვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა.

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ნავანიზე გაანხრციელებულ თავდასხმას „საზიზღარი და მხდალი ქმედება" უწოდა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნავალნის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას აღმაშფოთებელი უწოდა.

ნავალნის „ამ გზით გაჩუმების მცდელობა" დაგმო საფრანგეთმაც.

ფხალაძის თქმით, მნიშნელოვანია, რომ დასავლეთის განცხადებები, მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს და მას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვეს.

„მე ეჭვი არ მეპარება იმ ვერსიის სისწორეში, რომლის თანახმადაც ნავალნი რუსეთის ხელისუფლებამ მოწამლა. იმიტომ, რომ ისეთი ნივთიერება იქნეა, გამოყენებული, რომელიც რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია, სამწუხაროდ და ამ ტიპის ნივთიერების გამოყენება, არ ხდება უმაღლესი ხელისუფლების პირდაპირი ნებართვის და მითითების გარეშე. ეს არი კრემლის მიერგამოყენებული იარაღი, რომელსაც კიდეც ერთხელ ვხედავთ.

„აქ ყველაზე მთავარი არის ის თუ რამდენად მტკიცე იქნება დასავლეთის ქვეყნების რეაქცია და რამდენად გასცდება ეს სიმტკიცე განცხადებების ფორმას. საუბარი მაქვს კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება გამოიხატოს მაგალითად სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებაში, რითაც რუსეთითვის ასეთი ტიპის ქმედებებს ექნება მძიმე პოლიტიკური ფასი. საერთოდ ვიტყოდი, რომ რაც უფრო მტკიცე და მაღალი ფასი ექნება ყველაფერ ამას, მით უფრო დიდი შანსი არსებობს, რომ მომავალში მსგავსი დივერსიები, ქიმიური შეტევები და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა იყოს თავიდან აცილებული", - თქვა ფხალაძემ.

გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იური შვიტკინიმა სააგენტო „რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ის ასევე რუსეთის მიმართ ალექსეი ნავალნის საქმეზე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

დუმის დეპუტატის ამ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. ის აცხადებს, რომ მოსალოდნელია წინსაარჩევნოდ საქართველოსადმი მსგავსი ქმედებები გამძაფრება. გარდა ამისა ვოლსკი დეპუტატის ამ განცხადებას მუქარად აფასებს.

„რუსეთმა, მითუმეტეს მაღალ საექსპერტო დონეებზე ზუსტად იცის, რომ არაფერი ამდაგვარი ლუგარის ლაბორატორიებში არ ხდება. ეს არის აშკარა პოლიტიკური დემარში, მე ვიტყოდი, მუქარა. ისევე როგორც ბორდერიზაცია, ხალხის გატაცება და უნდა მოველოდეთ, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს მიმართულება, ეს ტრენდი იქნება კიდევ უფრო გამძაფრებული",- განცხადა ვოლსკიმ.

თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ საქართველოს რუსეთთან უწევს მუდმივი მოპასუხის რეჟიმში ყოფნა, რაც უნდა შეიცვალოს და აქეთ წაუყენოს პრეტენზიები რუსულ ლაბორატორიებს.

„ფაქტია, რომ ჩვენი მიმართულებით დეზინფორმციის ტალღა წამოსულია და კიდევ ერთი ქვა არის ნსროლი აქეთ. მე მგონია, რომ ერთხელ ამ ყველაფერს ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს საქართველოსგან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ბავშვივით მოპასუხე რეჟიმში და არასდროს არ ვსაუბრობთ, იმ მართლაც რეალურ საფრთხეზე რაც არის რუსეთში და რა საფრთხეებიც მომდინარეობს იქ არსებული ლაბორატორიებიდან. მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი კი არ ვიმართლოთ, არამედ, პრეტენზიები აქეთ წავუყენოთ", - ამბობს თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან".

რუსი ოპოზიციონერი და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როდესაც თვითმფრინავში ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. ნავაალნი უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პრესკონფერენცია გამართეს და მოწამვლის ვერსია გამორიცხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×