ელზა პაპოშვილი
31.08.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია და შესაბამისად,  პოლიტიკურ პარტიებსაც, კანონის მიხედვით, როგორც გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ და ასევე პრივილეგიებიც ენიჭებათ. ქვეყანა უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში ოფიციალურად გადავიდა და 31 ოქტომბრამდე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო აგიტაციის უფლება კანონის ყველა დაცვით მიეცემათ.

„რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2020 წლის პარლამენტი სხვა ყველა საკანონმდებლო ორგანოებისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ მასში საკმაოდ ბევრი პოლიტიკური პარტია თავს მოიყრის, თუმცა წამყვანი როლს მაინც ორი პარტია  შეასრულებს  - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. 

არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა და საზოგადოებას მიმართა:

„დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. 

„მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად. 

„დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის. 

„ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზოგადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ; სწორედ ასევე უნდა ჩავატაროთ არჩევნები. 

„ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ.  30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველომ ჩაატარა უკვე მაშინაც დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე როგორც უკიდურესად დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ეს შეგვიძლია!“ - განაცხადა პრეზიდენტმა. 

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ. 

„პარტიებს შეუძლია გამოიყენონ ყველა ნებადართული მეთოდი, რათა წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაატარონ. გარდა ამისა, არჩევნების დანიშვნის დღიდან დრო ირთვება, რომლის განამვლობაშიც, სხვადასხვა ვადებში, პარტიებისთვის საეთერო დროის გამოყოფა იწყება.  აქ მთელი რიგი მექანიზმებია იმის მიხედვით, თუ რა სახის ტელევიზიებს რა ვალდებულებები აქვთ. 

„ძირითადი ვალდებულება მაინც საერთოეროვნული მაუწყებლობებისთვის არის დადგენილი. არჩევნებამდე განსაზღვურლი დროით ადრე, ასე 50 დღით  ადრე, აქვთ ვალდებულება, რომ უფასო საეთერო დრო ყველა პარტიას გამოუყონ.

„რაც შეეხება მმართველ პარტიას, რაიმე განსაკუთრებული აკრძალვები მას არ აქვს. ისიც სხვა პარტიების მსგავსად თანაბარი პირობებით სარგებლობს. თუმცა მას ეკრძალება ადმინისტრაციული და სახელმწიფო ბიუჯეტის პარტიის სასარგებლოდ გამოყენება. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ამის გამო დასჯილი არცერთი მმართველი გუნდი არ მინახავს და მსგავსი გამოყენების პრეცედენტებიც გვაქვს“, - ამბობს ხმალაძე „რეზონანსთან“.

რაც შეეხება იმას, თუ რითი იქნება 2020 წლის პარლამენტი წინა მოწვევის პარლამენტებისგან განსხვავებული, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს საკანონმდებლო ორგანო უფრო მრავალფეროვანი და მრავალპარტიული იქნება. თუმცა პარლამენტში მაინც ორი ძირითად პარტიას ექნება წამყვანი ფუნქცია. საყვარელიძე ფიქრობს, რომ წინა შემთხვევების მსგავსად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ კვლავ უფრო დიდი შემადგენლობით მოხვდება, ვიდრე სხვა დანარჩენი პარტიები,  მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ „ნაციონალების“ ელექტორატის ნაწილი „ევროპულმა საქართველომ“ და გიორგი ვაშაძის პარტიამ გადაინაწილონ. 

„ამ პარლამენტში ბევრი პარტია უდავოდ შევა. თუმცა, ერთი კონკრეტული პარტია „ოცნება“  იქნება და დანარჩენი პარტიების  ყოფნა პარლამენტში მეტნაკლებად ნომინალურ მნიშვნელობას მიიღებს. მეეჭვება მათ ხმების ის რაოდენობა მიიღონ, რომელიც პოლიტიკურ გადაწყევტილებებზე გავლენის საშუალებას მისცემთ. 

„რა თქმა უნდა,  ამ პარალმენტში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სხვებისგან განსხვავებით უფრო დიდი შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილი. სხვა ციფრებით, მაგრამ უპირატესობა პარტიებს შორის ისევ ამ თანმიმდევრობით წავა - „ოცნება“ პირველ ადგილზე, „ნაციონალები“ მეორეზე და შემდეგ სხვა დანარჩენები მიჰყვებიან. 

„თუმცა ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში წინა შემთხვევებისგან  განსხავვებით ახალ უფრო  ნაკლები შემადგენლობით შევა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მას ბევრი განშტოება აქვს, ვგულისხმობ „ევროპელებს“, „გირჩს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, სწორედ მისი ელექტორატის ნაწილი ამ პარტიებზე გადანაწილდება. ბევრი ერთნაირი  ტიპის ოპოზიციური პარტიებია და ბუნებრივია, ისინი ამომრჩეველს ერთმანეთს წაართმევენ“, - აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძეც „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ წინა პარლამენტებისგან განსხვავებით, ეს პარლამენტი საკამოდ ჭრელი იქნება. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ 8 პარტია მაინც შეძლებს 2020 წლის პარლამენტში შევიდეს. თუმცა, საყვარელიძის მსგავსად, ისიც ვარაუდობს, რომ „ოცნებას“ და „ნაციონალებს“ ყველაზე მეტი დეპუტატები ეყოლება. 

„მომავალი პარლამენტი გაცილებით უფრო ჭრელი და მრავალფეროვანი იქნება. მგონია, რომ „ოცნება“ იმდენივე ხმებს ვეღარ მიიღებს, რაც 2016 წელს მიიღო. გახსოვთ, რომ მათ 76  მაჟორიტარულ ოლქში მოიგეს. ჯერ ერთი, რომ ახლა მაჟორიტარული ოლქები შემცირებულია და მეორეც, მგონია, რომ ბევრ მათგანში მეორე ტურებიც იქნება და ოპოზიციის კანდიდატებიც შეძლებენ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვონ. 

„მგონია, რომ 8 პარტია მაინც შეძლებს ამ პარლამენტში მოხვდეს. ესენი იქნებიან, „ოცნება“, „ნაციონალები“, „ევროპელები“, „პატრიოტები“, „ლელო“, ბურჯანაძის პარტია, „ლეიბორისტები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. ნუ, დანარჩენი რამდენად გადალახავენ 1%-იან ბარიერს, ეს უკვე მეეჭვება. 

„ზუსტად ასევე რთულია იმის თქმა, „ოცნება“ შეძლებს თუ არა მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას. თუ ვერ შეძლებს, მაშინ მას ამაში, რა თქმა უნდა, „პატრიოტები“ დაეხმარებიან. წინა პარლამენტისგან განსხვავებით მგონია, რომ ახალი საკმაოდ სინტერესო იქნება და ქართულ პოლიტიკაში ახალ დღის წესრიგს შემოიტანს“, -ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
2020   (01.09.2020)
დიდ ვერაფერს მივაღწიეთ ამ 8-წლის განმავლობაში, ლარი ორჯერ გავაუფასურეთ, ტერიტორიებს ყოველდღე ვკარგათ, საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლია ჩავძირეთ, საყდრისი ავაფეთქეთ, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები გავანულეთ, ნელა-ნელა ვეტყებით ოკუპანტ რუსეთს...ვნახოთ, რას გადაწყვეტს, ბრძენი ერი...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×