მარიამ ნებულიშვილი
31.08.2020

ექსპერტები და დასავლელი პარტნიორები ვარაუდობენ, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ეცდება. საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს და უნდა ელოდეს რუსეთისგან არჩევენბში ჩარევას. რუსეთის მკვლევარი და ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ რუსეთი უკვე ჩარეულია საქართველოს შიდა საქმეებში და მათ შორის საარჩევნო პროცესებში.

„საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი ჩაერევა არჩევნებში. არსებობს ჩარევის ხანგრძლივი, საკმაოდ მწყობრი სქემა დეზინფორმაციული კამპანიებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით, არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად", - თქვა დეგნანმა.

თენგიზ ფხალაძის შეფასებით, რუსეთი უმთავრესად ინფორმაციული კუთხით ჩაერევა საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, მოიმატებს დეზინფორმაციის გავრცელება, გაძლიერდება ანტიდასავლური კამპანიები, ასევე რუსეთი შეეცდება შუღლი გააღვივოს საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის.

„რუსეთი უკვე დიდი ხანია რაც ჩარეულია საქართველოს შიდა საქმეებში, მათ შორის არჩევნებშიც. მთელი ის დეზინფორმაცია, რაც დღეს მოდის და არის სრულიად ანტისახელმწიფოებრივი, არის ორკესტრირებული რუსეთისგან.

„რუსეთის ინტერესებშია, რომ დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფო და დეზორიენტაცია შემოიტანოს ქართველ ამომრჩეველში. შესაბამისად, როგორც წესი, რა საშუალებებსაც იყენებს რუსეთი, იმასვე გამოიყენებს ახლაც. ესაა დეზინფორმაცია-პროპაგანდა თავისი „ფეიქ ნიუსებით" და გარკვეული ჯგუფების გააქტიურებით, რომლებიც რუსეთის მიერ ფინანსდებიან.

„დაიწყება მუშაობა მოსახლეობასთან, რომლებიც ძირითადად ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს არ აქვს სხვა გზა, გარდა რუსეთისა, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ დასავლეთი ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას და რომლებიც ამავდროულად აღვივებენ ან ცდილობენ, რომ გააღვივონ შუღლი სხვადასხვა ერებს შორის და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, თურქეთთან და აზერბაიჯანთან", - ამბობს ფხალაძე.

იგი პარალელს ავლებს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტთან. მისი თქმით, ის მეთოდი, რაც რუსეთმა აშშ-ში გამოიყენა თავის დროზე საქართველოში გაიტესტა. ფხალაძე არ გამორიცხავს, რომ წელს რუსეთის მხრიდან კიდევ რაიმე ახალი მეთოდი ვიხილოთ.

„რეალურად, რუსეთი, სამწუხაროდ, ჩვენნაირ სახელმწიფოებზე ტესტავს რაღაც გარკვეულ ტექნოლოგიებს, რომლებსაც შემდეგ იყენებს სხვაგან. თავის დროზე შეერთებულ შტატებში გამოყენებული ტექნოლოგიები იყო ის, რაც დაიტესტა საქართველოში, მათ შორის, კიბერშეტევები, დეზინფორმაცია და ა.შ. ჩვენ თუ გავიხსენებთ რა კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა საქართველო, ჯერ აქ მოხდა ეს ყველაფერი და შემდეგ ამერიკაში. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ რაიმე ახალი მეთოდი გამოიყენოს რუსეთმა. ამიტომაც გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება და ძალიან დიდი სიფრთხილე იმასთან დაკავშირებით, რაც ზოგადად მომდინარეობს რუსეთისგან", - თქვა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×