მარიამ ნებულიშვილი
30.08.2020

საქართველოში არჩევნების დროს ყოველთვის აქტუალურია ადმინისტრაციული რესურსის საკითხი, რომელიც, როგორც წესი, მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, იმ საარჩევნო სისტემის პირობებში, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ამას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშნელობა ჰქონდეს. „ადმინისტრაციული და ორგანიზაციული რესურსი, საერთო ჯამში, არჩევნების შედეგების 5-დან 10 პროცენტამდე კორექციას ახდენს", - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამ საკითხთან დაკაშირებით „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, არჩევნების დროს ადმინისტრაციულ რესურსზე მეტად მნიშვნელოვანია ის სოციალური დახმარებები, რომელბსაც მთავრობა გასცემს. ხუხაშვილის შეფასებით, იმის გამო, რომ საქართველოში მძიმე სოციალური ფონია, მოსახლეობა თუნდაც ერთჯერადი დახმარების სანაცვლოდაც „ჰყიდის" საკუთარ ხმას.

„ადმინისტრაციული რესურსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური რისკები არის ძალიან მაღალი და ადამიანები ორიენტირებული არიან თუნდაც ერთჯერად სარგებელზე, ადმინისტრაციული რესურსი ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ეფექტური იარაღია. მარტივად რომ ვთქვათ, იაფად შეიძლება ამომრჩევლის ყიდვა, რომელსაც არ აქვს არჩევანი.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს რეალობა, როდესაც პოლიტიკისთვის არ სცალია ამომრჩეველს და მზად არის ერთჯერადად გაიყიდოს რაღაც სარგებელზე.

„ამ არჩევნებში რესურსი არ არის გადამწყვეტი. თავისი ადმინისტრაციული, ორგანიზაციული რესურსი, საერთო ჯამში, არჩევნების შედეგების 5-იდან 10 პროცენტამდე კორექციას ახდენს", - ამბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ის სოციალური დახმარებები, რომლებიც სახელმწიფომ მოსახლეობისთვის კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად გასცა, ირიბად ამ მიზანს ემსახურება. ხუხაშვილის აზრით, ამ დახმარებების სანაცვლოს მმართველი გუნდი არჩევნებში პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებს.

„ყველა ის დახმარება, რომელიც გაიცა, ირიბად შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ადმინისტრაციული რესურსი. თუნდაც ობიექტური მიზეზებით. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს დახმარებები არ უნდა გაცემულიყო, იმიტომ, რომ ქვეყანაში სერიოზული გაჭირვებაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი აისახება არჩევნების შედეგებზე და სწორედ ამაზე კეთდებოდა ალბათ გათვლაც", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა „რეზონანსთან".

2020 წლის საპარლამენტიო არჩევნები 31 ოქტომბერს შერეული სისტემით 120/30-ზე და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×