ტატა შოშიაშვილი
29.08.2020

ცხინვალი მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. დე ფაქტო მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ქალაქის ქუჩებში დე ფაქტო მილიციის გაძლიერებული რაზმები მორიგეობენ. ყველაფრის მიზეზი კი დე ფაქტო მილიციის მიერ დაპატიმრებული 28 წლის მამაკაცის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება გახდა.

ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „მთავრობა" მას შემდეგ გადააყენა, რაც ათასობით ადგილობრივი ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გამოვიდა ძალოვან სტრუქტურებში არსებული უკანონობის გასაპროტესტებლად. ამ გადაწყვეტილების შესახებ „პარლამენტის" ე.წ. სპიკერმა ალან ტადტაევმა დეპუტატების საგანგებო შეკრებაზე განაცხადა.

ე.წ. მთავრობის გადაყენების წინ ჯერ, ბიბილოვის გადაწყვეტილებით, დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევს დროებით შეუწყდა უფლებამოსილება, შემდეგ კი „პრემიერ-მინისტრმა" ერიკ ფუხაევმა დატოვა საკუთარი ნებით თანამდებობა.

ფუხაევმა პარასკევს ღამით მომიტინგეებთან სცადა სიტყვით გამოსვლა, მაგრამ მას არ მოუსმინეს. ამის შემდეგ „პრემიერმა" განაცხადა, რომ მიტინგზე გასვლისა და მოსახლეობის მოთხოვნების მოსმენის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი სამწლიანი მოღვაწეობა უნდა დაესრულებინა და პოსტი დაეტოვებინა.

მასობრივი პროტესტის მიზეზი დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის საეჭვო ვითარებაშ გარდაცვალება გახდა.

„გენერალური პროკურორის" ურუზმაგ ჯაგაევის ინფორმაციით, 28 აგვისტოს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ე.წ. გენერალურ პროკურატურას შეატყობინეს, რომ ცხინვალის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს იქამდე დაკითხვაზე მყოფი ინალ ჯაბიევი, რომელიც ეჭვმიტაინლი იყო „შინაგან საქმეთა მინისტრზე" განცხორციელებულ თავდასხმაში, რომლის დროსაც 17 აგვისტოს ნანიევის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს - მაშინ ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ინალ ჯაბიევი გონზე არ მოსულა და 28 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე ექიმებმა მისი გარდაცვალების შესახებ ჯაბიევის ნათესავებს აცნობეს.

ინფორმაცია მალევე გავრცელდა, რის შემდეგაც გარდაცვლილის ნათესავები და ნაცნობები მორგთან შეიკრიბნენ. სამართალდამცველებმა მათ მორგში შესვლის საშუალება არ მისცეს და არც გარდაცვლილის ცხედარი აძლევდნენ ნათესავებს. ამის შესახებ ინფორმაციისა და პრესის კომიტეტის თავმჯდომარე მარია კოტაევამ დაწერა „ფეისბუკში".

თუმცა 23:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის ცხედარი გადასცეს ნათესავებს.

მალევე გარდაცვლილის ცხედრის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა, ფოტოებზე ჩანს, თუ როგორი ნაცემი და ნაწამები იყო ინალ ჯაბიევი გარდაცვალებამდე.

ამას ცხინვალის ცენტრში სტიქიური მიტინგი მოყვა. ღამით დაახლოებით 2 ათასი ადამიანი შეიკრიბა ქალაქის მთავარ მოედანზე, ე.წ. მთავრობის სახლთან. თვითმხილველების თქმით, მთელი მოედანი შეივსო. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ, რომ ნანიევის ხელმძღვანელობის პერიოდში ადამიანების ცემა და მათზე ძალადობა ნორმად იქცა.

დემონსტრაციაზე შეკრებილები სკანდირებდნენ: „თქვენ არ ხართ ხელისუფლება, მკვლელები ხართ!".

მოედანზე ე.წ. პრეზიდენტიც გავიდა, ყოფილ „პრემიერთან" ერთად. შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა ბიბილოვის გადადგომაც იყო.

გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია" სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (29.08.2020)
მონებო, დედებიც მოგიტყანთ.

ჯიმა   (29.08.2020)
გველეშაპი შვეს. გველეშაპს როცა მოშივდა, მშობლებს დაერია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×