მარიამ ნებულიშვილი
28.08.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, საზოგადოება ოპოზიციის პორემიერ-მინისტრობის კანდიდატებს ელოდება. თემა მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური, რაც გარკვეული განცხადებები გაჟღერდა, მაგალითად მაშინ, როდესაც თაკო ჩარკვიანმა საჯაროდ დაასახელა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა, რასაც უთანხმოება მოჰყვა „ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც დაზუსტებით არ ამბობს, მაგრამ გარკვეულ მინშნებებს აკეთებს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობაზე.

სააკაშვილისა და ვაშაძის გარდა სხვა კანდიდატებზე ჯერჯერობით ოპოზიციაში არ საუბრობენ. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ყველა პარტიას საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

„ყველა ოპოზიციურ პარტიას ეყოლება თავისი პრემიერობის კანდიდატი და მას შემდეგ, რაც პარლამენტში შევლენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, შემდეგ ვნახავთ, ვის რამდენი მანდატი ექნება, ვის რა შანსი აქვს და რაზე შევთანხმდებით. ის, რომ წინასწარ ვასახელებთ კანდიდატურებს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც იმაზე მოხდება შეთანხმება. ვისზეც შევთანხმდებით, საბოლოოდ ის იქნება გაერთიანებული კოალიციის კანდიდატი", - თქვა ბობოხიძემ.

ის არ უარყოფს, რომ პარტიაში დავით ბაქრაძის კანდიდატურაზეც მსჯელობენ, თუმცა არც ადასტურებს. მისი თქმით ამ ეტაპზე სამი კანდიდატი განიხილება, რომელთა ვინაობაც სიის დარეგისტრირების შემდეგ გახდება ცნობილი.

„როგორც კი მორჩება მაჟორიტარი კანდიდატების და სიის რეგისტრაცია, დავასახელებთ პრემიერობის კანდიდატსაც. განიხილება რამდნეიმე კანდიდატურა, მათ შორის სამი ადამიანი. ვინ არის ეს სამი უკვე ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ჩვენ შევჯერდებით", - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

„რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებულ პროცესებს აფასებ და ამბობს, რომ ის კინკლაობა, რაც ახლა ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს, არ შეესაბამება ნორმალურ პოლიტიკურ ქცევას.

„ყველაზე კარგი ვარიანტია ბრძოლა შესვლაზე და შემდეგ უკვე პარლამენტიდან საუკეთესო კანდიდატის არჩევა, იმის მიხედვით თუ ვინ რა ძალით გავა. იმიტომ, რომ ოპოზიციაში ნამდვილად არის სამი თუ ოთხი ადამიანი, არამარტო მამაკაცი, ქალიც, ვინც შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი. მაგრამ რაც დღეს წამოიწყო ოპოზიციამ, ეს ბოდიში და „წუწაობა", ვინ იქნება პრემირ-მინისტრი, აბსოლუტურად არ შეესაბამება ნორმალურ პოლიტიკურ ქცევას. ამიტომ, მგონია, რომ ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი საკუთარი კანდიდატი გაიყვანონ პარლამენტში.

„ვინ რამდენი პროცენტით მოხვდება, ვის რა ხმები აქვს, ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. შეიძლება ერთი იდეალური ადამინაი იყოს, პირობითად კანდიდატი იქსი, მაგრამ სხვებმა მას მხარი არ დაუჭირონ და ვიღაც იგრეკმა, რომელიც ნაკლებად კონკურენტუნარიანი იქნება, მეტი ხმები მოაგროვოს", - თქვა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი არაპროდუქტიულია. ფიქრობს, რომ არც ვაშაძეს და არც სააკაშვილს არ აქვთ პრემიერობის რეალური შანსები.

„ძალიან უცნაური და ულამაზო პროცესი მიმდინარეობს ახლა ვაშაძესა და სააკაშვილთან დაკაშირებით. ჯერ ეს ერთი სააკაშვილი საზოგადოებას სძულს, ვინც ხმას არ აძლევს, მათ სძულთ უბრალოდ.

„ვაშაძისგანაც გამკვირვებია, იმიტომ, რომ ის არ არის უგნური ადამიანი. ძალიან მცირერიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავს და ვიხილავთ პარლამენტში იმედია, მაგრამ მას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, იმიტომ რომ არ წარმოადგენს ძლიერი ოპოზიციური პარტიების ფიგურას. ძალიან გამიკვირდა მისგან ეს საქციელი იმიტომ, რომ ძალიან განათლებულია პოლიტიკაში და პოლიტიკური ალღო აქვს. არავითარი საფუძველი არ არსებობს ასეთი განცხადებისა („მე ვიქნები პრემიერ-მინისტრი").

„ამიტომ, არასწორია დღეს ლაპარაკი, რომელი გუნდიდან უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. აქ მოქმედებს უამრავი სხვადასხვა ფაქტორი. პრემიერ-მინისტრმა გუნდი უნდა შექმნას, აქ არ არის მხოლოდ ის, რომ კარგი კაცია და მოდი იყოს პრემიერ-მინისტრიო. შეიძლება ვერ შექმნას გუნდი და ამან სულ სხვა პიროვნება შეიძლება გაიყვანოს პრემიერ-მინისტრად, მესამე კატეგორიის კანდიდატი, რომელიც უფრო კარგ გუნდს შეკრავს", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შერეული სისტემით 120/30 და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. სადაც 30 დეპუტატი მაჟორიტარულიხ, ხოლო 120 პროპორციული წესით იქნება არჩეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×