მარიამ ნებულიშვილი
28.08.2020

„არ ვიცი რას ემსახურება ეს განცხადებები, მაგრამ აცდენილია იმას, რასაც რეალურად, ითხოვს საზოგადოება. ეს დისკუსია მოსახლეობას არცერთ პრობლემას არ უგვარებს", - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „რეზონანსთან" საუბრისას, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება და საზოგადოებას ბოდიშს უხდის წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის.

როგორც „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩნია „რეზონანსთან" აცხადებს, მსგავსი ტიპის მიმართვები გაუგებარია და პოლიტიკურას სერიოზული არ არის. ხვიჩია ამბობს, რომ ვიდეომიმართვა მხოლოდ სააკაშვილის მხადამჭერებზეა გათვლილი, მათთვის გულის ასაჩუყებლად.

„ეს მიმართვა იყო უკვე არსებულ მიშას მხარდამჭერებზე გათვლილი, მათ გასამხნევებლად. მაგრამ, როგორც წესი, ქართველი პოლიტიკოსების ასეთი გამოსვლები გაუგებარია. რას ნიშნავს მე დავრუნდი? მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში სულ იყო და არასდროს არ წასულა. ასევე, თუ ფიზიკურ დაბრუნებას გულისხმობდა, ფაქტია, რომ საქართველოში არ არის. ბოდიშიც იყო ასევე გაუგებარი, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო გაერკვია რაზე იხდიდა ესქპრეზიდენტი ბოდიშს. იმაზე, რომ მეტი ჰქონდა გასაკეთებელი და არ გააკეთა თუ რაც გააკეთა ის ზედმეტი მოუვიდა და მეორეჯერ აღარ იზამს იგივეს. როდესაც ამდენი რამეა გაუგებარი მიმართვაში სადღეგრძელო ხდება და ხვდები, რომ ეს არის წინასაარჩევნო გამოსვლა, მისი ამომრჩევლებისთვის, რომ რაღაცნაირად გულაჩუყებული მიშა წარმოაუდგეს მის მხარდამჭერებს. შეიძლება ცუდი არაფერი არ იყოს, მაგრამ ასეთი მიმართვები პოლიტიკურად სერიოზული არ არის.

„ერთხელ ნახევრადხუმრობით გამოვთქვი ეჭვი საბოლოოდ შეიძლება ისე აღმოჩნდეს-მეთქი, რომ მიშას ბიძინა უხდიდეს ფულს რაღაცების გაკეთებაში. იმიტომ, რომ ბიძინა ძალიან კარგად იყენებს მიხეილ სააკაშვილი მიერ ჩაწოდებულ „პასებს". თუმცა ამის მიუხედავად მე მიხეილ სააკაშვილს ვერ ავუკრძალავ იმის ლაპარაკს რაც უნდა, მას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ივანიშვილს სააკაშვილი მიაჩნია სასარგებლო ადამიანად მისთვის, რომელის განცხადებებსაც იყენებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ზოგადად იმაზე, რომ ჩავანაცვლოთ პოლიტიკოსები დროთა განმავლობაში და ახალი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ, თორე ძველების გამოსწორება ძალიან რთული ამოცანაა", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ „რეზონანსთან".

„ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, ის დისკუსიები, რომლებიც ექსპრეზიდენტის მიმართვას მოჰყვება საზოგადოებას აზარალებს. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს ერთი ადამიანის მმართველობის განმტკიცებას.

„მგონია, რომ საზოგადოება დაიღალა იმ დისკუსიით, როცა მესამე პრეზიდენტი იძახის, რომ დაბრუნდება და „ქართული ოცნება" პასუხობს, რომ ვერ დაბრუნდება. საერთოდ უნდა მორჩეს ეს საუბრები, იმიტომ, რომ აქ მნიშვნელოვანია შემდეგი ხელისუფლება არ იყოს ერთი კაცის მმათველობა და გვყავდეს კოალიციური მთავრობა. რადგან ეს დისკუსია, როცა ვიღაც ქვეყანაში ვერ ბრუნდება იმიტომ, რომ არის პოლიტიკური დევნილი ქმნის არაჯანსაღ სიტუაციას ქვეყანაში. სწორედ ამის დასამთავრებლად არის საჭირო ივანიშვილის მოშორება. არ ვიცი რას ემსახურება ეს განცხადებები, მაგრამ აცდენილია იმას, რასაც რეალურად, ითხოვს საზოგადოება. ეს დისკუსია მოსახლეობას არცერთ პრობლემას არ უგვარებს, არც სიღარიბეს, არც უმუშევრობას, არც გაუფასურებულ ლარს და არაფერს. არის უაზრო საუბრები", - თქვა სერგი კაპანაძემ „რეზონანსთან".

რაც შეეხება „ლელოს" პოზიციას, ანა ნაცვლიშვილის თქმით, სააკაშვილის განცხადებებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები. მისი თქმით, ეს ყველაფერი მათ კონსოლიდაციას ემსახურება.

„ჩვენ არაერთხელ გვინახავს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული მსგავსი ტიპის განცხადება და შემდეგ, შედეგებიც, რაც მოჰყვება მსგავსი ტიპის განცხადებებს. რეალურად, ამას ყოველთვის მოჰყვება ერთი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილის მომხრეები, რომლბიც უკვე სულ უფრო და უფრო დეზორიენტირებულები არიან წარუმატებლობით, რომელიც „ოცნებას" აქვს და თვითონვე უჭირთ ხოლმე გაამართლონ თავისი პარტიის არსებობის მიზნები და ხელისუფლებაში ყოფნის სისწორე. სააკაშვილის ყოველი გამოჩენა, მათ არსებობის აზრს უბრუნებს. აი, მიშამ ხო თვქა, რომ მოვდივარ და ახლა უნდა დაავირაზმოთ და გადავარჩინოთ საქართველო მიშასგანო, ამას ამბობენ და რეალურად, სააკასვილი არც არსად მოდის და არც არსად მიდის. ეს არაერთხელ მომხდარა და არჩევნების წინ განსაკუთრებით ხდება ხოლმე ასეთი სცენარები. ფაქტია, რომ სააკაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ მისცეს ამ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, ისევ აბრუნებს წარსულში და იწვევს დღეს არსებული უკიდურესად წაუმატებელი ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების კონსოლიდირებას", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×