მარიამ ნებულიშვილი
27.08.2020

მას შემდეგ რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის მაჟორიტარულ ოლქში „გაერთიანებული ოპოზიციის" საერთო კანდიდატ გიორგი ვაშაძეს კონკურენტი დაუყენა, ოპოზიციის ერთობის ხმები ორად გაიყო, დიდი ნაწილი კვლავ ვაშაძეს უჭერს მხარს, ხოლო რესპუბლიკური პარტია „ნაციონალებს" ამართლებს. მიუხედავად ამისა, „ოპოზიციური ერთობა" კვლავ ერთიანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მათი თქმით, უმთავრესი ამოცანა „ქართული ოცნების" დამარცხებაა.

ექსპერტები „რეზონანსთან" ვითარების შეფასებისას ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებით ოპოზიცია მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს და საკუთარ თავს აზარალებს.

თავად „ნაციონალური მოძრაობა" ისნის ოლქში კონკურენტი კანდიდატის დაყენებას იმით, ხსნის, რომ გიორგი ვაშაძემ დატოვა „ძალა ერთობაშია" და თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი" დაარსა. „ნაცმოძრაობის" თქმით, ვაშაძემ პირველმა დაარღვია შეთანხმება ერთობიდან გასვლით. გარდა ამისა, პარტიაში ამბობენ, რომ არასწორია, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასა" და სტრატეგია აღმაშენებელს" თბილისში ერთი და იმავე რაოდენობის მაჟრიტარობის კანდიდატები ჰყავთ. „ნაცმოძრაობა" რამდენჯერმე, საჯაროდ ალაპარაკდა წყენებსა და შეუთანხმებელ მოქმედებებზე, მაგალითად მაშინ, როდესაც თაკო ჩარკვიანი დაასახელდა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად. იყო შეუთანხმებლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზეც. „ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავდა, გიორგი ვაშაძემ კი რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადა, რომ თავად სურდა პორემიერობა.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც „გაერთიანებული ოპოზიცია" თბილისში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების დაყენებაზე შეთანხმდა, „ნაცმოძრაობამ" თქვა, რომ მხოლოდ ორ ოლქში დააყენებდა საკუთარ კანდიდატებს, ექვს კი დანარჩენ ოპოზიციას უთმობდა. გიორგი ვაშაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ დაარღვია საჯაროდ გაკეთებული პირობა და ოპოზიციური შენთანხმებაც.

„სამწუხაროდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება, ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაარღვია შეთანხმება და გატეხა სიტყვა, ამის დასტურია სხვა შეთანხმების მონაწილეების განცხადებები. ძალიან ვწუხვარ... ისანში გაიმარჯვებს ღირსეული", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ხატია დეკანოიძის ისნის მაჟორიტარად დასახელების შემდეგ, აქტიურობით გამოირჩეოდა „ევროპულმა საქართველო", პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი მიღწეული შეთანმხების ერთგულნი რჩებიან და მხარს გიორგი ვაშაძეს უჭერენ.

„ევროპული საქაეთველო" რჩება ერთგული იმ შეთანხმებისა, რომელიც მიღწეული იქნა. შესაბისად, ჩვენ მხარს დავუჭერთ გიორგი ვაშაძეს. აქ საუბარი არ არის პიროვნებებზე, არამედ საუბარია პროცესზე და შეთანხმების დაცვაზე. "ევროპული საქართველოს" აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შეთანხმება არის დარღვეული. სამწუხაროა. ამას ჩვენი აზრით, არც მორალური და არც საქმიანი გამართლება არ აქვს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სხვა შეთანხმებები დაცული იქნება.ის, რომ დღეს აქ შეხვედრას ვმართავთ, იმის ერთ-ერთი მიმანიშნებელია, რომ ოპოზიციური ერთობა განაგრძობს შეხვედრებს. იქნება სხვა შეთანხმებებიც და იქნება ერთობაც", - ამბობს „ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი.

გარდა ამ განცხადებისა, „ევროპულმა საქართველომ" არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობა" მიღებული გადაწყვეტილების გამო. პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ დასძინა, რომ „ამისთვის ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას" დასჯის".

„მიმაჩნია, რომ ამისთვის ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას" დასჯის და კერძოდ იმ კანიდადატს, ვინც დააყენეს ისანში. ჩვენს მოქალაქეებს არ ეშლებათ იმ ვითარების შეფასება, ვინ იქცევა პოლიტიკურად უმწიფრად და უპასუხისმგებლოდ. რამდენადაც ვიცი, არავინ სხვა და პირველ რიგში, „ევროპული საქართველო" არ აპირებს, რომ ამ ცუდ მაგალითს მიბაძოს, „ნაციონალური მოძრაობის" ამ რადიკალური ფრთის და დაარღვიოს სადმე სხვაგან შეთანხმება. ანუ ხატია დეკანოიძე გამონაკლისი იქნება ამ საერთო შეთანხმებაში, რომელსაც მივაღწიეთ და ამის ფასს გადაიხდიან სარჩევნო უბანზე, განსაკუთრებით ისანში. მგონია, რომ ამომრჩეველი მათ დასჯის, თუმცა ცუდია, რომ ეს შეიძლება მოხდეს იმის ხარჯზე, რომ პირველ ტურში საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვოს", - განაცხადა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენას საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.

„მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან", ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო", - წერს გიგი უგულავა.

„ევროპული საქართველოს" განცხადებებზე კომენტარი გააკეთა თავად ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, უგულავას განცხადება არაეთიკურია და „ევროპული საქართველოს" და „სტრატეგია აღმაშენებლის" კავშირი დიდხანს არ გაგრძელდება.

„გასაგებია მათი მწვავე რეაქცია, არ გამკვირვებია. გიგი უგულავას განცხადება, რომელიც არ იყო ბოლომდე ეთიკური. ჩემთვის ახლა ეს არაფერს არ ნიშნავს. მე პოლიტიკური სენტიმენტები რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ არ გამაჩნია. დროებითი კავშირი პარტიებს შორის, ვგულისხმობს „ევროპული საქართველოს" და გიორგი ვაშაძის პარტიას, ეს დროებითი კავშირი გასაგებია, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი კავშირი რაღაცა პერიოდი განმავლობაში შეიძლება გადაიხედოს," - თქვა დეკანოიძემ.

ოპოზიციური ერთობიდან „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ჯერჯერობით მხოლოდ რესპბლიკური პარტია უჭერს მხარს.

„ხატია დეკანოიძე არის ქალი პოლიტიკოსი, ის არის მაჟორიტარობის ძალიან აქტიური კანდიდატი. მე მას წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო ამომჩევლის კარნახით. ვინ დაარღვია შეთანხმება, დაირღვა თუ არა საერთოდ შეთანხმება? - ახლა,მთავარია, ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ნიშნავს. ამისათვის ოპოზიციური პარტიები ერთიანნი არიან. საკოორდინაციო საბჭოში დღევანდელი შეხვედრაც ამ პროცესის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ მთავარ ამოცანაზე და ვიმუშაოთ კოორდინირებულად", - ამბობს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას ოპოზიციაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს. მისი თქმით, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ოპოზიციისადმი საზოგადოების განწყობაზე. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციურმა განხეთქილებამ ამომრჩეველში ნიჰილიზმი გააღვივოს.

„ეს რასაკვირველია ოპოზიციაზე აისახება, იმიტომ, რომ ამომრჩეველი ხედავს ამ ყველაფერს. ხალხისთვის ნათელი გზავნილია, ოპოზიციის შიგნით ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ ვერ ახერხებენ სიტყვის შენარჩუნებას. ვინ არის ამაში დამნაშავე და ვინ არა - ამას ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამომრჩევლისთვის და განსაკუთრებით ელექტორატის იმ ნაწილისთვის, რომელიც „ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და მხარს უჭერს ოპოზიციურ გაერთიანებას მნიშვნელოვანია სწორედ ეს ერთობა და როდესაც ხედავენ, რომ ეს გაერთიანება რღვევის პროცესშია, რასაკვირველია მათ უჩნდებათ უარყოფითი განწყობა და ნიჰილიზმი საერთოდ არჩევნების მიმართ, ასე ვთქვათ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მათი ენთუზიაზმიც ქრება.

„როდესაც ეს საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში იყო და გდაწყვეტილება მიღებული არ იყო, მაშინ ასეთი განწყობები შეიქმნა თვითონ ისნის ოლქის მოსახლეობის ერთ ნაწილში, ვისთანაც მე მქონდა კონსულტაციები, რომ ოპოზიცია თავისი საქციელით „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამდა წყალს. იმიტომ, რომ ოპოზიციური ხმები იყფა. ეს ნათელიცაა, რომ არის მმართველი პარტიისთვის საუკეთესო საჩუქარი. შესაბამისად, მოსახლეობა და ამომრჩეველი არ დაუჯერებს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სიტყვას ვერ ასრულებენ. გახსოვთ ალბათ, რად დაუჯდა „ქართულ ოცნებას" დაპირების არშესრულება 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. მმართველ პარტიას რაღაც მაინც აქვს გაკეთებული და ოპოზიციური პარტიები საკუთარი საქმიანობით დიდად არ გამოირჩევიან, „ნაციონალურ მოძრაობას" არ ვგულისხმობ ბუნებრივია. ამის შემდეგ, როდესაც მათ როგორღაც მოახერხეს ერთ პოზიციაზე დადგომა და მერე დაიწყო რღვევა, ამას ბუნებრივია ხალხი უარყოფითად აღიქვამს", - ამბობს მამუკა არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×