ელზა პაპოშვილი
26.08.2020

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი  „რეზონანსთან“ ინტერვიუში  ამბობს, რომ ოპოზიციის აქტიურობა მხოლოდ წინასაარჩევნო შარიშურია და არა აქვს იმედი, რომ საბოლოოდ მათ მიერ დადებული შეთანხმებები და ხელმოწერები მათივე მხრიდან არ დაირღვევა. ფიქრობს, რომ ამის ძალიან ბევრი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და ამ ქმედებებით „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ პირადი ინტერესებით  მოქმედებს. 

ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ისინი წინასაარჩევნოდ გარკვეული კოალიციის შექმნის იმიტაციას ცდილობენ. ხოლო ვინც ამ დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, შემდგომ მათი დაბულინგება მოხდება, რომ „ოცნების“ მიერ არიან ნაყიდები. 

 „რეზონანსი“: ოპოზიციაში მიუხედავად რიგი დაპირისპირებისა, როგორც ჩანს ცდილობენ, რომ გარკვეული სახით ერთობის ილუზია შექმნან. როგორ ფიქრობთ, ვისთვის  და რისთვის შეიქმნა დეკლარაცია, რომელზეც 30-მდე პარტიამ ხელი მოაწერა და რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ერთმანეთის ხმების დაცვის პირობას დებს?

გია ხუხაშვილი: მიმაჩნია რომ ეს არის გარკვეული იმიტაცია რაღაც პროცესის და ამის უკან რაიმე რეალურს ვერ ვხედავ. ამ მხრივ საკმაოდ მწარე გამოცდილება გვაქვს. პარტიები მაინც თავის ტყავზე ზრუნავენ–ხოლმე და საბოლოოდ არცერთი შეთანხმება არ სრულდება. ეს უბარლოდ იმაზე ხაზგასმაა, რომ ხელისუფლება რაღაცა საშინელებას აპირებს, ესენი კიდევ დადგებიან და ამ ხმებს დაიცავენ. მთავარია იმას მიხედონ, რალურად დასაცავი მართლა რამე ჰქონდეთ. თუმცა ამ შარიშურით, მგონია არც არაფერი არ ხდება. 

„რ“: ხმების დაცვასთან დაკავშირებით ალბათ ხელისუფლებისთვისაც რომ შეეთავაზებინათ, ხელს ისიც მოაწერდა. 

გ.ხ: კი ბატონო, ალბათ უარს არც ისინი იტყოდნენ. ხმების დაცვა ყველას პრეროგატივაა. „ნაციონალები“, რა თქმა უნდა,  ამით რაღაცა კონტექსტებს ატრიალებენ. ეს პარტია თავის იმიჯს არ იცვლის. უნდათ, რომ სამყარო მხოლოდ მათ ორბიტაზე ტრიალებდეს. ალიანსების და კოალიციების შექმნა რომ უნდოდეს, რაღა უშავდა. ესეც კი არ უნდათ. მათ უნდათ, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ და მერე სხვა დანარჩენი. ესე რეალურ  ცხოვრებაში არ ხდება. ეს ყველაფერი არანაირ სერიოზულის მომცემი არ არის. არჩევნებამდე არანაირი კავშირები და კოალიციები არ იქმნება. ეს მხოლოდ შარიშური და იმიტაცია იქნება. არჩევნების შემდეგ კი გამოჩნდება ვინ რა შეთანხმებაზე მოაწერა ხელი და რას ასრულებს. 

„რ“:რაც შეეხება მეორე დეკლარაციას, რომლის მიხდევითაც ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი უნდა მაოწერონ იმ შეთანხმებას, რომ „ოცნებას“ თუ კი დასჭირდება კოალიცია არ შეუქმნან. რა სახის თამაშია და როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა წავიდნენ ამ შეთანხმებაზე პარტიები?  

გ.ხ: ეს არის პოლიტიკური ტრიუკი, მარტო ბიძინამ კი არ იცის ტრიუკების კეთება, მიშამაც იცის. გასაგებია, რომ მათი ინტერესია ლუსტრირება მოხდეს ვიღაც პარტიების და მათით სპეკულირება დაიწყონ, რომ ისინი ივანიშვილის მიერ არიან მოსყიდულები. ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. სინამდვილეში არცერთ პარტიას ამ დეკლარაციაზე ხელმოწერას არ ვურჩევდი. მარტივი მიზეზის გამო, როდეასც მცირე პარტია ვარ და ორი დიდი პოლიტიკური ცენტრი არსებობს, რომელთათვისაც შესაძლოა  ხელისუფლების ფორმირებისთვის  ოქროს გასაღები გავხდე, წინასწარ ამის თქმა არა თუ არ მჭირდება, არამედ პოლიტიკურად არაჯანსაღი იქნება.

პატარა პარტიებს შეუძლია  ამ ოქროს გასაღებით ორივე მხარეს პოლიტიკურად ევაჭროს. ამას დადებით კონტექსტში ვამბობ. მათ ადგილას, ვინც  დადებით პირობებს შემომთავაზებს, იმასთან ვითანამშრომლებდი. ახლავე გამოაცხადონ ვისთან შექმნიან კოალიციას და ვისთან არა, ამ სიტუაციაში პოლიტიკური სიბრიყვე იქნება. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი გასაგებია. ეს არის ძალიან იაფფასიანი თამაში და ნორმალურმა პოლიტიკოსმა ეს არ უნდა ჭამოს.

„რ“: თქვენ ფიქრობთ, რომ წინა დეკლარაციისგან განსხვავებით ამას ნაკლები ხელმომწერი ექნება?

გ.ხ: ვიღაცა ჩაერთვება და ვიღაცა არა. „ნაციონალური მოძრაობა“ წინასწარ ცდილობს ასეთი ირიბი ფორმით კოალიციის ფორმირება მოახდინოს. ეს დეკლარაცია და მსგავსი შეთანხმება დასავლეთისთვისაც ძალიან უცნაური გზავნილია. ამიტომ, ამას არც ისინი ჭამენ. 

„რ“: ხომ არ ფიქრობთ, რომ თავის მხრივ კულუარულად მოლაპარაკებებს ოპოზიციის ნაწილთან ბიძინა ივანიშვილი ცდილობს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ასეთი დეკლარაციის შექმნა გადაწყდა? 

გ.ხ: არ მგონია და ავხსნი რატომაც. ჯერ ერთი,  „ქართული ოცნება“ დღეის მდგომარეობით საკამოდ ძლიერად არის წარმოდგენილი. ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია კონკრეტულ პროდუქტში ბოლო მომენტში გადაიხადოს. ვინც დაადასტურებს, რომ რაღაცის თავი აქვს და რაღაცას მიიღებს, ეს მერე იყიდის. შესაძლოა ძვირი დაუჯდეს, მაგრამ, როგორც ამბობენ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×