ელზა პაპოშვილი
25.08.2020

რას უმზადებს ოპოზიცია მმართველ გუნდს და რას ნიშნავს მათ მიერ ორი ინიცირებული დეკლარაცია, რომელთაგან ერთ-ერთზე ოპოზიციის 30-მა პარტიამ ხელი უკვე მოაწერა? ანალიტიკოსთა ნაწილი ოპოზიციურ პარტიებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ ორი დეკლარაცია შეიმუშავა. ერთი ჯერ დამუშავების პროცესშია. „ნაციონალური მოძრაობა“  გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნება დეკლარაცია, რომელზეც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს იმის დასტურაd, რომ „ოცნებას“ პარლამენტში არჩევნების შემდეგ, თუ კი დასჭირდება, კოალიცია არ შეუქმნან. 

კიდევ ერთ დეკლარაციაზე კი, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას ეხება, ხელი უკვე მოაწერეს. ხელმომწერთა შორის არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ლელო“ და სხვები.

პარტიები თანხმდებიან, რომ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი და ძალები გაერთიანდება შემდეგი მიმართულებებით: შეიქმნება საერთო მონაცემთა ბაზა, რომელიც ასახავს არჩევნების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევას; შემუშავდება საერთო სამოქმედო საკოორდინაციო მექანიზმი, დარღვევებზე შემდგომი სწრაფი რეაგირებისთვის; ერთობლივი ძალებით მოხდება კენჭისყრისა თუ ხმის დათვლის პროცესების მეთვალყურეობა, დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა თუ საჩივრების დაწერა.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების  სავარაუდო მონაწილეთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა წინა წლების რეკორდებს. ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 58 არასაპარლამენტო პარტია და ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. 

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციის აქტიურობა მხოლოდ წინასაარჩევნო შარიშურია და არ აქვს იმედი, რომ საბოლოოდ მათ მიერ დადებული შეთანხმებები და ხელმოწერები მათივე მხრიდან არ დაირღვევა. 

ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამის ძალიან ბევრი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და ამ ქმედებებით „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ პირადი ინტერესებით  მოქმედებს, ისინი წინასაარჩევნოდ გარკვეული კოალიციის შემქნის იმიტაციას ცდილობენ, ხოლო ვინც ამ დეკლარაციებს ხელს არ მოაწერს, შემდგომ მათი დაბულინგება მოხდება. 

ხუხაშვილი მიესალმება იმ დეკლარაციაზე 30 პარტიის ხელმოწერას, რომლის მიხდევითაც ისინი ერთმანეთის ხმების დაცვას აპირებენ, თუმცა პარტიებს არ ურჩევს იმ დეკლარაციაზე ხელის მოწერას, რომლის მიხედვითაც პირობა უნდა დადონ, რომ „ოცნებას“ კოალიციას არ შეუქმნიან. 

„ნაციონალებს“ თავისი დღის წესრიგი აქვთ და ხომ არ უღალატებენ?! ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები. მე ყველა პარტიას ვურჩევ, რომ ამ ხაფანგში არ გაებან. „ნაციონალებს“ სურთ შექმნან ილუზია, რომ მათ გარშემო ტრიალებს ყველა და ყველაფერი. რაღაც წინასაარჩევნო კოალიციის შექმნის  მცდელობაა. რომელი პარტიაც ამ დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, მერე მათ მიმართ ჩვეულებრივი ზეწოლა დაიწყება, რომ ისინი „ოცნების“ მიერ ნაყიდები არიან. 

„ვურჩევ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ამ მახეში არ გაებან. როდესაც პატარა პარტია ხარ და ამ ორ დიდი პოლიტიკურ პარტიას  შენი თავი შესაძლოა დასჭირდეს, მე, მაგალითად, მათ ადგილას პოლიტიკურ ვაჭრობას დავიწყებდი. ამას კარგი გაგებით ვამბობ. დაველოდებოდი და ვინც უკეთეს შემომთავაზებდა, მის მხარეს ვიქნებოდი. 

„როცა ხელში ოქროს გასაღები გიჭირავს, ეს უნდა გამოიყენო. ივანიშვილი კიდევ მაშინ გამოვა სავაჭროდ, როცა დაინახავს რეალურა ვის რა შესაძლებლობები აქვს“, - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.

ანალიტიოკსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მთავარი მეორე დეკლარაციაა, რომლის მიხედვითაც პარტიებმა „ოცნებისთან“ კოალიციის არშექმნის პირობა უნდა დადონ. რაც შეეხება ერთმანეთის ხმების დაცვის შეთანხმებას, მისი თქმით, წინა წლების გამოციდლებიდან ცნობილია, რომ რეალურად მხოლოდ იმ პარტიების ხმების დაცვა ხდება, რომლებსაც საარჩევნო უბენებზე წარმომადგენლები ჰყავთ. ხოლო ვისაც არა ჰყავს, მათ ხმებს სხვა პარტიები მშვენივარდ ინაწილებენ. 

„რა თქმა უნდა, „ნაციონალების“ მხრიდან ეს არის პოლიტიკური სვლა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, რომ მთელი ოპოზიცია მათ გარშემო იყოს გაერთიანებული. ეს კი, ჯერ ერთი, დასავლეთისთვის მოსაჩვენებლად სჭირდებათ, რომ აი, ესაა პარტია, რომელიც ქვეყანაში მთავარი წამყვანი ძალაა და რომლის გარშემოც ყველა და ყველაფერი ერთიანდება. მეორეც, ამით ცდილობენ რაღაც გაერთიანების იმიტიაცია შექმნან. არადა საქმე საქმეზე როდესაც მიდგება, ძალიან ბევრი ყველა ხელმოწერას და შეთანხმებას დაივიწყებს. 

„ასევე მთავარია, რომ ხმები მართლა დასაცავი ჰქონდეთ და მხოლოდ საკუთარი კუნთების დაცვა არ მოუწიოთ. თუმცა, ცუდი და საგანგაშო იმაში არაფერია, თუკი ხმების დაცვაზე ყველა შეთანხმდება. ალბათ ეს „ოცნებისთვისაც“ რომ შეეთავაზებინათ, ხელს ისინიც მოაწრედნენ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×