ელზა პაპოშვილი
25.08.2020

საზარელი შემთხვევა თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში-11 წლის ბიჭის თვითმკვლლეობამდე მიყვანის ბრალდებით მისივე მამაა დაკავებული. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მამას ბრალი დაუმძიმდეს და მას მკვლელობის მუხლი წაუყენონ. „რეზონანსთან“ გარდაცვლილი ბავშვის ნათესავები და მეზობლები ყვებიან, რომ ბავშვი შესაძლოა მამას ცემაში შემოაკვდა.  

მამას ის ორი დღის განმავლობაში სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და მასზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ბავშვის დეიდა ია ბოგვერაძე  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მან ძალადობის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გაიგო და საპატრულო პოლიციაც მან გამოიძახა, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. დეიდა ამბობს, რომ სიძესთან ნათესავებს კონფლიქტი ჰქონდათ, ამიტომაც სახლში შესავლას თავად ვერ ახერხებდა. 

11 წლის ბავშვი კი ხეზე ჩამომხრჩვალი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში ორი დღის წინ იპოვეს. მეზობლებიც ადასტურებენ, რომ მამას შვილი ორი დღის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მასზე სისტემატურად ძალადობდა. თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათაც ამ საზარელი  ფაქტის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც სახლში პატრული მივიდა და ბავშვი უკვე გარდაცვლილი იპოვეს. თუმცა მეზობლები იმას ადასტურებენ, რომ მამაკაცი სვამდა და ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა. 

ისინი  არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მოზარდი მოკლული იყოს და შემდეგ ხეზე ჩამოკიდებული. 

„საშინელი კაცი იყო, არ ვიცი რა გითხრათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ.  გოგოებზეც ძალადობდა, ბოლო ორი დღეა ბიჭი ჰყავდა გამოკეტილი. გარეთ არ უშვებდა, რომ არ მოეყოლა რა მოხდა. 

„ორი დღის წინ დამირეკა და მითხრა - დეიდა, ცემას გადავურჩიო, ვუთხარი გამოდი-მეთქი ჩემთან, მანდ საფრთხე გემუქრება-თქო და უარი მითხრა - რომ გამოვიდე, დეიდა, მერე თქვენც გეჩხუბებათ და არ მინდა განერვიულოთო. მერე პოლიცია გამოვიძახე, მაგრამ თურმე უკვე დაგვიანებული ყოფილა. ბავშვი მკვდარი დაგვხვდა,“ - ჰყვება ბავშვის დეიდა ია ბოგვერაძე „რეზონანსთან“.

მეზობლები მამაკაცის სასტიკად დასჯას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბავშვი თავს არ მოიკლავდა. მათ ეჭვი აქვთ, რომ მამას ცემის დროს 11 წლის ბიჭი ჯერ შემოაკვდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშა. 

„მოკლა და შემდეგ ჩამოკიდა, ვითომ ბავშვმა თავი ჩამოიხრჩოო. ვინც მიცვალებული ნახა, ისინი ამბობენ, რომ სასტიკად იყო ნაცემი და ბავშვს ცემის კვალი ეტყობოდა. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ მან მოკლა. 

„ზუსტად ჯერ არავინ არაფერი არ იცის. ზოგი ამბობს, რომ სახლში ოთახში ჰყოლია ჩაკეტილი, აშიმშილებდა და სცემდა. აბა, რა ვიცით... რა უნდა დაეშავებინა ბავშვს ასეთი?  მეზობლებმაც ვერაფერი ვერ გაიგეს. წლებია ეს ბიჭი სვმას და ლოთია. ცოლსაც სცემდა, მაგრამ ეს ბავშვი ასე როგორ გაიმეტა, ვერ გავიგე. 

„ზრილიობიანი, ჭკვიანი და მშვიდი ბავშვი იყო. სულ გულჩათხრობილი დადიოდა. სალამს ვერავინ დაასწრებდა. ისეთი ანგელოზივით ბავში გაიმეტა... ნეტა ვინმეს რამე გაეგო და იქნებ გვეშველა. ცოლს რომ სცემდა, ეგ ვიცით და ბევრჯერ მეზობლებსაც გაუგდებინებიათ ხელიდან, მაგრამ პოლიცია, როგორც ვიცი საქმეში არასდროს ჩართული არ ყოფილა“, - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები „რეზონანსთან“.  

 ბიჭის მამა, 1971 წელს დაბადებული ფ.ა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს - შსს-ს ინფორმაციით, ის ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით არის დაკავებული. 

უწყების ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

„ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.  

11 წლის ბავშვის გარდაცვალებას სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ.

ნინო ლომჯარია მამასთან და ზოგადად, მანკიერ სისტემასთან ერთად მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ყველა იმ პირს აკისრებს, ვინც იცოდა ძალადობის ფაქტი და არაფერი გააკეთა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×