ელზა პაპოშვილი
24.08.2020

შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ  ახალი დეტალები  ხდება ცნობილი. გარდაცვლილი მძღოლის ახლობლები „რეზონანსთან“  კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ავარია მისი დაუდევრობით ან შეცდომით მომხდარიყო. მათი ინფორმაციით, ის საკმაოდ გამოცდილი მძღოლი იყო, რომელიც წლების განმავლობაში მსგავს ტურებზე მუშაობდა.

მიკროავტობუსი, რომლის ხრამში გადავარდნის შედეგადაც 17 ადამაინი დაიღუპა, კომპანია Traveler.ge-ს ეკუთვნის. მძღოლის ახლობლები აცხადებენ, რომ ის კომპანიის თანამშრომელი არ ყოფილა და  ავტომობილიც მის საკუთრებაში არ არის. ის მხოლოდ კომპანიამ  დაიქირავა და იმ დღის ტურისთვის  აღნიშნულ მიკროავტომობილს მართავდა. 

ამის პარალლეურად კი ცნობილი ხდება, რომ მიკორავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი არ აქვს. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ტრასნპორტის უსაფრთხოების სპეციალისტმა  დავით მესხიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, მიკროავტობუსს სავალდებულო ტექდათავლიერება ივნისსში უნდა გაევლო. 

Traveler.ge-ს აღმასრულებელი დირექტორი კი შალვა ბოლოთაშვილია. მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბოლოთაშვილს პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. 

„რეზონანსთან“ საუბრისას ტრაგედიის თვითმხილველები ყვებიან, რომ ისინი მიკროავტობუსის მგზავრების გადარჩენას უშედეგოდ ცდილობდნენ. დაღუპულ 17 ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრები და დედმამიშვილები არიან. 

ადგილობრივები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მაშველებზე ადრე მივიდნენ და საკუთარი ძალებით ამოჰყავდათ ხევიდან დაშავებულები, მომხდარს საკმაოდ მძიმედ იხსენებენ. მათი ინფორმაციით, როდესაც ისინი შემთხვვეის ადგილას ჩავიდნენ, საზარელი სურათი დახვდათ - 5 ადამიანი მიკროავტობუსის ქვეშ იყო მოქცეული, დანარჩენები კი, როგორც ჩანს, ტრანსპორტიდან ვარდნის შედეგად ხევში იყვნენ მიმოფანტული. 

თვითმხილველთა თქმით, მათი მისვლისას 6 ადამიანი ცოცხალი იყო. მათ ერთ-ერთი გოგონა ეხვეწეობოდა, რომ სციოდა და რამე დაეფარებინათ. 3 მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ადგილზევე გარდაიცვალნენ. 3 ქალბატონი კი თავად ამოიყვანეს და სასწრაფომ მათთვის სიცოცლის შენარჩუნება შეძლო. 

„ადგილზე რომ ჩავედი, საზარელი სურათი დამხვდა. 5 ადამიანი მიკროვატობუსიის ქვეშ იყო მოქცეული. მანქანა სრულიად დალეწილი იყო. ვინც კონტაქტზე გამოვიდა, მათი გამოყვანა დავიწყეთ. მეშინოდა ხელი წამევლო, ყველა დამტვრეული იყო. 

„6 ადამიანი დავინახეთ, რომ ცოცხლები იყვნენ. თუმცა სამი მათგანი მაღლა ამოყვანამდე გარდაიცვალა. საკმაოდ მძიმე დაზიანებბეი ჰქონდათ. 3 გოგონა კი მძიმედ დაშავებულები უკვე მაშველების დახმარებით ამოვიყვანეთ. ერთ-ერთი გონზე იყო და გვეუბნებოდა, რომ ძალიან სციოდა და იქნებ რამე დაგვეფარებინა. ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილი დიდი სისწრაფით მოდიოდა და სავარაუდოდ, მას მუხრუჭებმა უმტყუნა, რის შემდეგაც მძღოლმა იქვე მდგომ ავტომობილთან დაჯახება და მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსიის შეჩერება ამ ფორმით სცადა. თუმცა, ეს ავტომობილი ხრამში გადავარდა და მიკროავტობუსიც მას გადაყვა.

ორშაბათს დილიდან მცხეთის პოლიციაში განახლდა იმ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით სამუშაოებზე დასაქმებული  მუშების გამოკითხვა, რომელთა ავტომობილსაც მიკროავტობუსი დაეჯახა. 

გარდაცვლილების ნაწილს ამოცნობა უკვე მოხდა და ისინი გადაასვენეს ოჯახებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი  აცხადებს, რომ სამივე გადარჩენილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ამ ეტაპზე სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი მედიკამენტოზური გზით ნარჩუნდება. საშუალო ასაკი არის 25 წელი. ამ წუთებში ორ ქალბატონს უტარდება ოპერაცია, მესამეს მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია. სამივე მათგანთან არის პოლიტრამვა. მათი მდგომარეობის პერსპექტივაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. პაციენტებს შინაგანი სისხლდენა განუვითარდათ,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.    

ტრანსპორტის უსაფრთხხოების საკითხების სპეციალისტი დავით მესხიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მიკროავტობუსს  ტექდათვალიერება გავლილი  არ ჰქონდა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მიკროავტობუსიის გაუმართავობა გამხდარიყო ავარიის მიზეზი. 

„შესაბამისმა  სტრუქტურებმა პასუიხსმგებლობა უნდა აიღონ. თუ ვინმემ რამე არ გააკეთა, ესეც ტრაგედიაა. თუ ისნპექტირება არ გაიარა, მაშინ კამერებმა რატომ არ დააფიქსირეს და არ შეაჩერეს ეს მიკროავტობუსი? კანონის აღსრულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. არსად ტექინსპეტრირებაზე კამარები რეაგირებას არ ახდენენ. პოლიცია არ არის სათანადოდ აღჭურვილი, როდესაც ხედავს, რომ და გაუმართავი ავტომობილი გადაადგილდება. ამაზე  ვერანირ რეგირებას ვერ ახდენს. აგვისტო წინა თვეებთან შედარებით სისხლიანია. თან არჩევნები როდესაც მოდის დააკვირდით, როგორი ლოიალურები ხდებიან“, - ამბობს მესხიშვილი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×