„ნაციონალურ მოძრაობას" ამ გაერთიანებით არანაირი ხეირი არ აქვს - მას მოუწევდა ხმების დამატება და მანდატების დათმობა"
მარიამ ნებულიშვილი
03.08.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის სამი თვით ადრე, ოპოზიციამ დამოუკიდებელი სარჩევნო კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა და უარი თქვა საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებაზე. ამის მიზეზი პარტიების შეუთანხმებლობა და "ნაცმოძრაობის" მიერ თბილისი გარეთ,  ყველა მაჟორიტარულ ოლქში, საკუთარი კანდიდატების დაყენების გადაწყვეტილება გახდა.

„ნაციონალურ მოძრაობას" ამ გაერთიანებით არანაირი ხეირი არ აქვს. მას მოუწევდა ხმების დამატება და მანდატების დათმობა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას.

ძაბირაძის თქმით, ერთობას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა თუ მთლიანი ოპოზიციური სპექტრის მობილიზება იქნებოდა შესაძლებელი.

„როდესაც არის 1%-იანი ბარიერი პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ამ ბარიერის დაძლევა, რაიმე გაერთიანებაში ყოფნას ურჩევნია გამოვიდეს ცალკე და თავისი 1% აიღოს.

"გაერთიანებას აზრი ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარჩებოდა მხოლოდ ორი ძალა „ქართული ოცნება" და დანარჩენი ოპოზიცია, თუ ისევე „გაიკრიფებოდა შუა" როგორც ეს მოხდა 2012-ში.

"მაგრამ 2012 წლის რეალობა და დღევანდელი რეალობა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაშინ მართლა ორად იყო საზოგადოება გაყოფილი და ძალა, რომელიც დაუპირისპირდა მმართველ გუნდს მისაღები იყო მთლიანი ოპოზიციური სპექტრისთვის. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტებს თავისი მყარი მხარდაჭერა ჰქონდათ, 2012-ში მათი ხმებიც კი „ოცნებამ" წაიღო.

„დღეს კი სხვა რეალობაა, „ქართული ოცნებიდან" წამოსული ამომრჩეველი ასეთ დიდ ოპოზიციურ ერთობას ხმას არ მისცემს, „შუა არ გაიკრიფება". რადგანაც, ყველანაირი პარამეტრით, „ნაციონალური მოძრაობა" იქნებოდა ამ ერთობის წარმმართველი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი მხარს არ დაუჭერს და წამოვა უკან ისევ „ოცნებისაკენ". ამიტომ, დიდი გაერთიანებაც კი ვერ შეცვლის ამ სურათს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჯობს, რომ ყველა პარტიამ ცალ-ცალკე იყაროს კენჭი.

„ნაციონალურ მოძრაობას" ამ გაერთიანებით არანაირი ხეირი არ აქვს. მას მოუწევდა ხმების დამატება და მანდატების დათმობა. ამიტომაც, ამ შემთხვევაში, ნამდვილად სწორად და საღად აზროვნებს სააკაშვილი", - ამბობს ძაბირაძე.

ძაბირაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა დამოუკიდებლად წარმართოს საკუთარი კამპანია, ის ამ ეტაპზე არ აპირებს რაიმე ტიპის გაერთიანებაში შევიდეს. მისი შეფასებით, მათი მთავარი მიზანი საკუთარი ელექტორალური მაჩვენებლის გაზრდაა, ოპოზიციური პარტიების ხარჯზე.

„არსებული ვითარებიდან, თუ „ოცნებამ" კატასტროფული შეცდომა არ დაუშვა, ჩანს ის, რომ მმართველი გუნდი ალბათ უმრავლესობას აიღებს და არც კი დასჭირდება, რაიმე კოალიციაში გაერთიანება.

"ამას ხედავს ოპოზიცია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც" და ცდილობს, რომ თავისი ამომრჩევლების არეალი გააფართოოს. სურს, რომ ჩაძიროს დანარჩენი ოპოზიციური ძალები, მათ შორის „ევროპული საქართველო". ამიტომ, ის არ მიდის საერთო კანდიდატებზე, დიდი ალბათობით თუ ასე გაგრძელდა, მან შესაძლოა თბილისის ყველა ოლქში დაასახელოს მაჟორიტარობის კანდიდატები და დაარღვიოს შეთანხმება. ის, რომ „ძალა ერთობაშია" იკრიბებოდა და „ნაცები" იქ არ დადიოდნენ, ფაქტობრივად ნიშნავდა უარს გაერთიანებაზე. ოღონდ, არ სურდათ, რომ თვითონ გამოჩენილიყვნენ გაერთიანების დამშლელად.

„ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ოპოზიციური გაერთიანება ყველანაირ აზრს კარგავს ელექტორალური თვალსაზრისით. ახლა „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ოპოზიცია დააზღვიოს, აი, მეორე ტურში ყვეალნი მხარს დავუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატებს, იმიტომ, რომ დარწმუნებულია უმრავლეს ოლქში თავად გავა მეორე ტურში", - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

2 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი აქტიურად იქნებოდა ჩართული „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში. და პარტია დამოუკიდებლად წარმართავდა მას.

სააკაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს" ლოდერი ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით სააკაშვილი ობიექტურ რეალობასაა მოწყვეტილი.

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას. მას უბრალოდ არ ესმის, რომ საქართველოში არის განწყობა, როდესაც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება", მაგრამ არც მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" ერთპიროვნული მმართველობა. ის, რასაც სააკაშვილი ამბობს, რომ ერთპიროვნულად გაიმარჯვებს და ერთპიროვნულად მოვა თავის პარტიასთან ერთად ხელისუფლებაში, ასეთი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს", - თქვა ბურჯანაძემ.

ძაბირაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალების" მახდამჭერებს შორის სააკაშვილის რეიტინგი მაღალია, ის ოპოზიციის გამაერთიანებელი ვერ იქნება.

„იმ ხალხიდან, რომელიც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას", 90% თუ მეტი არა მხარს უჭერს სააკაშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას". ანუ „ნაცების" ელექტორატი რეალურად არის სააკაშვილის ელექტორატი. მაგრამ, მიშას მხარს არ დაუჭერს დანარჩენი ოპოზიციისა და „ოცნებიდან" წამოსული ელექტორატი. ამიტომ, სააკაშვილი ოპოზიციური ხმების გამაერთიანებელი ვერ იქნება", - თქვა ძაბირაძემ.

თავის ინტერვიუში სააკაშვილმა გიორგი ვაშაძეზე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა - მისი თქმით იგი ბნელ მხარეს გადავიდა, როდესაც „ძალა ერთობაშიას" გამოეყო.

„ამ შემთხევაში ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივი თამაში რომ როგორმე დაგვშალოს. ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ უნდა იყოს თეთრი და შავი, სინათლე და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი ჩხარტიშვილმა გადაათრია თუ ვინ გადაათრია", - თქვა ესქპრეზიდენტმა.

ვაშაძემ პასუხი არ დააყოვნა და სააკაშვილს მომავლისკენ ფოკუსირება ურჩია.

„მე მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მინდა მივმართო მას, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ და წარსულში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე, ერთანობასა და ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთის", - თქვა ვაშაძემ.

ამ საკითხის შეფასებისას ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადებები მხოლოდ შავი პიარს ემსახურება.

„ზოგადად საქართველოში არის ასეთი ტრადიცია, ვინც ჩემთან არაა ის აგენტია, მოღალატეა. ვაშაძე ახლა გადავიდა ივანიშვილის თამაშში? როცა შტაბს ხელმძღვანელობდა საპრეზიდენტოს მაშინ არ იყო? ან ამ გაერთიანებას როდესაც ედგა სათავეში? ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარი, რომელიც გამიზნულია იმაზე, რომ თუ ვინმე ყოყმანობს და არჩევანი აქვს გასაკეთებლი ვაშაძესა და სააკაშვილს შორის, „ნაციონალური მოძრაობისკენ" წამოვიდეს", - აღნიშნა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სააკაშვილის განცხადებას ყველაზე კრიტიკულად გიგა ბოკერია გამოეხმაურა და მას ““არანორმალურია” და პუტინისტური რუსეთის კლიმატს”  უწოდა. 

“მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება ცუდი განცხადებაა  არა იმიტომ, რომ მე ვაშაძის ადვოკატი ვარ, ისიც ჩვენი კონკურენტია,  როგორც პარტია, მაგრამ თავისთავად, თამაშის ის წესები, რომ გუშინ ერთად ვიყავით, მაგრამ თუ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მერე უცებ მოღალატე ხდები, ეს არის პუტინისტური რუსეთის კლიმატი და ბიძინა ივანიშვილის, ეს არანორმალურია”, — განაცხადა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×