მარიამ ნებულიშვილი
03.08.2020

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქვეყანა მუშაობს კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად. ზოგიერთმა მათგანმა წარმატებით გაიარა კლინიკური კვლევების ეტაპი და ახლა მასობრივ ტესტირებებს გადის. მათ შორის არის რუსეთის სახელმწიფო-სამეცნიერო ცენტრი „ვექტორი". როგორც რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ განაცხადა, ცენტრი უკვე ოქტომბერში გეგმავს კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას. „ცოტა უფრო დიდი დროა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შესაქმნელად საჭირო", - ასე ეხმიანება ამ საკითხს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას.

მიხაილ მურაშკოს თქმით, ვაქცინამ წარმატებით გაიარა კლინიკური კვლევების ეტაპი და აგვისტოს შუა რიცხვებიდან მისი ოფიციალური რეგისტრაციაცაა მოსალოდნელი. უკვე ოქტომბერში იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. რუსეთში ვაქცინაციის პროგრამით პირველ რიგში მედიცინის მუშაკები და მასწავლებლები ისარგებლებენ.

როგორც გოგინავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, ვაქცინის შესაქმნელად შედარებით დიდი დროა საჭირო. გარდა ამისა გასათვალისწინებელია რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისთვის.

„ამ დროშიც, რა დროც გასულია პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, შესაძლებელია რომ შეიქმნას ვაქცინა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსების შექმნილი ვაქცინა რამდენად ეფექტური იქნება, რთული სათქმელია, გამოსაკვლევია ბევრი რამ.

„ვაქცინა რამდენიმე კომპონენტის უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის უნდა იყოს ეფექტური, მაგრამ ასვევე უსაფრთხოც. რამდენად მოხერხდა ამ მცირე დროში შესაბამისი კლინიკური კვლევებით ინფორმაციის დაგროვება, რომ ეს ვაქცინა ეფექტურია და ასევე უსაფრთხო, ამაზე საუბარი რთულია. იმიტომ, რომ ამ ყველაფრისთვის ეს პერიოდი შედარებით მცირეა, ცოტა უფრო დიდი დროა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შესაქმნელად საჭირო", - ამბობს გოგინავა.

რაც შეეხება კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს, გოგინავას თქმით, მოსალოდნელია, რომ კრიზისი 1-2 წლის მანძილზე შენარჩუნდეს.

„ზოგადად რომ ვისაუბროთ, სხვადასხვა ინფექციებით გამოწვეული ეპიდემიები და პანდემიები გრძელდება დაახლოებით 2-3 წელი და აქვს თავისებური მიმდინარეობა. კაცობრიობამ ძალიან ბევრი პანდემია გადაიტანა ისტორიის მანძილზე, იგივე გრიპის ვირუსი, წითელა. რაც შეეხება კორონავირუსს, როგორც ვხედავთ მას არ აქვს გამოკვეთილი ტალღისებური მიმდინარეობა.

"ის დაიწყო ზამთრის პერიოდში თუმცა, ახლა ზაფხულია და კვლავაც საკმაოდ ბევრი შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით. ასევე ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა გაუმჯობებსებისკენ მიდის. ამიტომ, რთული სათქმელია როდის გაუმჯობესდება ეს ყველაფერი.

„კრიზისიდან გამოსვლა და მდგომარეობის გაუმჯობესება დამოკიდებულია ბევრ რამეზე, თვითონ ვირუსის ბუნებაზე თუ რამდენად შეიცვლის ის ბუნებას, რამდენად დასუსტდება ან პირიქით, გაძლიერდება.

„გარდა ამისა დამოკიდებულია ეფექტური ვაქცინის შექმნის დროზე, თუ დროულად მოხდა ასეთი ვაქცინის შექმნა, მაშინ მასობრივი ვაქცინაციის შედეგად შევძლებთ პანდემია რაც შეიძლება დროულად დავამთავროთ. ვაქცინის გარეშე შესაძლებელია კორონავირუსი 1-2 წელი კვლავ ჩვენთან ერთად იყოს და ჰქონდეს პანდემიის სახე", - თქვა ალესაანდრე გოგინავამ „რეზონანსთან".

ბოლო მონაცელებით მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციით 18 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 693 154, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 12 მილიონი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×