პრემიერ–მინისტრს „ერთობის“ ლიდერობას სთავაზობენ
რეზონანსი
17.06.2020

ივნისია. გვარიანად ჩამოცხა. „მეოცნებე ოლიგარქის“ წინააღმდეგ „გაერთიანებული ოპოზიცია“ „გავრილოვის ღამის“ წლისთავის აღსანიშნად და პრემიერ–მინისტრის გადაყენების მორიგი მცდელობისთვის ემზადება. რეფორმირებული „POLICE“კი ამ ზაფხულშიც ისევ მუქ ფორმაშია გამოწყობილი და „შავი დღე დაადგება“, თუ აქციები დღის საათებშიც გაიმართება...

ამასთან, ფაქტობრივად, მორიგი წინასაარჩევნო კამპანიაც არის დაწყებული, თუმცა ელექტორატი კონსტიტუციაში შესატან მორიგ ცვლილებებს ონლაინ რეჟიმში იხილავს...

აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას, რაიმე აზრს რომ ვხედავდე. უზენაესი კანონის კობახიძისეული ვერსიის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში განხილვისას 10 წუთი ვიპალარაკე, თუმცა ოფიციალურ ოქმში მხოლოდ ის წერია, რომ „შენიშვნები გამოვთქვი...“ ამდენად, ვეცდები, უშუალოდ „ხელისუფლების წყაროს“ (ხალხს, მათ შორის - „გამარჯვებულებს“...) მივმართო და უფრო მოკლედ ვუთხრა სათქმელი.

კონტოლირებადი მედიასაშუალებები და „ნომენკლატურული ტელეპოლიტიკოსები“ მოქალაქეებს ამჯერად იმაში არწმუნებენ, რომ კრიზისში მყოფ ქვეყანას მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა გადაარჩენს, თუმცა აღარავინ იხსენებს, თუ რა გზით მოხვდა პარლამენტში ყველაზე შეძლებული დეპუტატი (შოთა შალელაშვილი)... არადა, არსებული საარჩევნო კოდექსით (თუნდაც, მასში ჩადებული გასაჩივრების არაგონივრული მექანიზმით), სტაჟიანი გამყალბებლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიებითა და დაუზუსტებელი ამომრჩეველთა სიებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული „სამართლიანი არჩევნები“ ისევ ვერ ჩატარდება და შედეგი, ყველა შემთხვევაში, გახდება სადავო. მით უმეტეს, რომ მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლეობას არც პარლამენტის დანიშნულება ესმის...

ისიც ფაქტია, რომ ტერიტორიული მოწყობის ან არჩევნების ძირითადი პრინციპების კონსტიტუციაში მკაფიოდ განსაზღვრას ვინ ჩივის (ცვლილებები ისე შედის,როგორც უბნის „მინიმარკეტის“ „ნისიების“ რვეულში...), დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გავლილი 30 წლის განმავლობაში საგზაო ნიშნები და მონიშვნა დედაქალაქშიც კი ვერ მოვაწესრიგეთ ევროსტანდარტების დონეზე („ბასლაინები“ ამის მკაფიო მაგალითია...),XXI საუკუნეში სასამართლო სხდომათა დარბაზები დედაქალაქის განაპირას, სასტუმროს უკან მდებარე შუკაში მდგარი შენობის სხვენსა და სარდაფებში მოვაწყვეთ, ხოლო სახელმიფო სიმბოლოები ისე ნაუცბადევად („რევოლუციურად“, ფაქტობრივად, ერთი კაცის ხუშტურით) „დავაკანონეთ“, რომ მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ახალი „ნაციონალური დროშის“ შინაარსი დღემდე არ იცის... სამაგიეროდ, არც ცნობილ ისტორიკოსებს და არც „ეროვნულებს“ (არის ასეთი მოძრაობა, რომელსაც რუსთაველის გამზირის N1–ში „ძველი“ დროშა აქვთ გამოფენილი...) „რეიტინგული“ ტელევიზიები არ იწვევენ.

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით („ხუთჯვიან სტადიამდე“ მისული სამართლებრივი ნიჰილიზმი, საზოგადოებაში მორიგი „ახალი ძალის“ გამოჩენის მოლოდინი, „მცოცავი საზღვარი“, მიწის უცხოელებზე გასხვისება, „მესამე ძალის“ მხრიდან მეზობლებთან ახალი დაპირისპირების მცდელობა, ფაქტობრივად, გადაშენების პირას მყოფი ერი, პოლიტიკური ელიტის კეთილგაწყობა სოროსისადმი, ტრამპის „ქართულ–ჯიგრული“ პოლიტიკა და მისი დაპირისპირება გლობალისტებთან, აშშ–ში ფერადი რევოლუციის მცდელობა, რუსეთ–ამერიკის ინტერესების თანხვედრა...), გონივრულად მიმაჩნია, თუ 21 ივნისის მერე გიორგი გახარია თანამდებობასთან ერთად „ქართულ ოცნებასაც“ ნებაყოფლობით დატოვებს და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ჩაუდგება სათავეში.

გონივრულად მივიჩნევ, მას „ერთად“ დაარქვას. ერთი მხრივ, ნაგულისხმები იქნება მოქალაქეების გაერთიანება კონსტიტუციის პრეამბულაში „ურყევნებად“ დეკლარირებული მიზნების განსახორციელებლად (სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა), ხოლო,მეორე მხრივ, ვინაიდან უზენაესი კანონით „ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაციაც“ პრიორიტეტად დავისახეთ, გაერთიანებაში „ერთად“ ნაგულიხმები იქნება ევროპისკენ მეზობელ სახელმწიფოებთან „ერთად“ სვლაც.

დარწმუნებული ვარ, თუ რუსეთმაც არ აირჩია დემოკრატიული განვითარების გზა, მასაც სერიოზული პრობლემები ელის (მით უმეტეს, რომ მომაკვდავი ქვეყნების ჩამონათვალშია და ჩინელები მასობრივად შემოდიან და დაშლის პირას არის მისული), ხოლო დღევანდელ ვითარებაში (გარდა იმისა, რომ რუსეთი კავკასიონს სრულად აკონტროლებს და საქართველოში ათეულობით სამხედრო ბაზა აქვს, ცენტრალურ აზიაშიც, ფაქტობრივად, დომინანტი გახდა, ვინაიდან 49 წლით აიღო ტერიტორია იჯარით...), რუსეთის ნების გარეშე არც ევროკავშირში მიგვიღებს ვინმე, არც - ნატო-სა და არც ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ სხვა გაერთიანებაში, რომელიც მომავალში შეიძლება, შეიქმნას.

„ზოგი ჭირი მარგებელიაო“, ამბობენ... ალბათ, საჭირო იყო ერთმანეთისგან „დისტანცირება“ და დროის გამოყოფა ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალზე დაფიქრებისთვის... („ბედი ქართლისას“ თაობაზე ბატონ რობიკო სტურუას გააზრების გაცნობაც და დათვისა და მონადირის თაობაზე ცნობილი ანეკდოტის გახსენება არ გვაწყენდა...).

ვფიქრობ, ბატონ გიორგის შანსი აქვს, პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს და მისმა „ერთობამ“ სტაბილური მთავრობის ფორმირებაც მოახერხოს (წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელივით გველის პოლიტიკური კრიზისები). 

არც „მმართველმა პარტიამ“ უნდა შეუშალოს ხელი, ვინაიდან ბატონი გიორგი, ფაქტობრივად, მისი დღევანდელი ლიდერის ანგარიშვალდებული დარჩება, ხოლო „პროგრესული ძალები“ მის გუნდში გადაინაცვლებენ.

დარწმუნებული ვარ, გახარია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასაც მოახერხებს, საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიც დაძლიოს და ტერიტორიული მთლიანობაც აღიდგინოს (არადა, რუსეთს უკვე ყაზბეგსა და პანკისზე უჭირავს თვალი, თურქეთს - აჭარასა და ახალციხეზე, აზერბაიჯანს – „ბორჩალოზე“, ხოლო სომხეთს – ახალქალაქზე...). მით უმეტეს, რომ ე. წ. კორონავირუსთან ბრძოლაში ბატონი გიორგი აშკარა ლიდერად ჩამოყალიბდა და უკვე ისიც იცის, რომ კრიზისების დასაძლევად და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, რჩევებისთვის შესაბამისი სფეროების ასაკოვან და გამოცდილ სპეციალისტებს უნდა მიმართოს... 

ყველა შემთხვევაში, ბატონ გიორგის წარმატებას ვუსურვებ, ხოლო თუ 21 ივნისის მერეც დარჩება თანამდებობაზე, როგორც შს ყოფილ მინისტრს ვურჩევ, პირველ რიგში, პოლიციელთა საზაფხულო ფორმის ტანსაცმელზე იზრუნოს (მუქ ქუდებში, პერანგებსა და მაისურებში ივლის–აგვისტოში პატრულირება, ფაქტობრივად, წამების ტოლფასია...), ქვეყანაში ავტოავარიების შემცირებას მიაღწიოს (ყოველწლიურად ასეულობით ახალგაზრდა გვეღუპება და ათასობით სახიჩრდება) და „საგზაო მახეები“ დედაქალაქში მაინც ააღებინოს (მაგ., რუსთაველის გამზირის 31 ნომრის წინ, მძღოლებს, ფაქტობრივად, ფულს სძალავენ...), თორემ მოუწესრიგებელი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნებითა და შუქნიშნებით ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილად ნამდვილად არავინ გვაღიარებს...

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×