მოსამართლე, რომელმაც იუს-ის წევრთა ლეგიტიმურობის საკითხის განხილვა გააჭიანურა, საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესდა
რეზონანსი
31.05.2020

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვასილ როინიშვილი დანიშნა (2-მა წევრმა წინააღმდეგ მისაც ხმა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა).   არადა, გასულიწლის 8 დეკემბერს „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის („ეზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მომავალმა პარლამენტმა უნდა შეარჩიოს“)  ქვესათაურში ხაზგასმული იყო, რომ „როინიშვილი, რომელიც იუს-ის წევრთა ლეგიტიმურობის საკითხს იხილავს, თავად მონაწილეობდა მის მიერ გამოცხადებულ კონკურსში...“

საზოგადოებას ვამცნე,  რომ ვინაიდან იუს-ის არამოსამრთლე წევრთა შესარჩევი კონკურსები კანონდარღვევებით ჩატარდა, მათი გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში  2017 წელს სარჩელები შევიტანე. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურები, წინასწარ შეთანხმდნენ კვოტებისა და ასარჩევი კანდიდატურების თაობაზე... შედეგად, წინასწარ შერჩეული, ფაქტობრივად, 2–2 „პირადი წარმომადგენელი“ კონკურსის გარეშე გაამწესეს იუს–ში... შესაბამისად, გასაგებია, რატომ არ გამოიყენა სასამართლომ უზრუნველყოფის საშუალება და არ შეაჩერა კონკურსი დავის დასრულებამდე, რატომ არ დაესწრნენ სხდომებს სასამართლოს მიერ მესამე პირებად საქმეში ჩართული არამოსამართლე წევრები (არც წარმომადგენელები გააგზავნეს) და რატომ არ არის დავა დღემდე დასრულებული... 

სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე კერძო საჩივარით ბილისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ იმ მოსამართლემ (ქადაგიძე) არ დააკმაყოფილა, რომელიც იუს–მა პარლამენტში წარსადგენად შერჩეულ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შორის დაასახელა... (ნინო ქადაგიძე უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა...).  ამის შემდეგ სარჩელები, რატომღაც, ქუთაისში გადაიგზავნა და მხოლოდ 2019  წლის დასაწყისში განიხილა იუს-ის მიერ სამი წლის ვადით დანიშნულმა მოსამართლემ (მილდენბერგერი), რომელიც გამოსამართლებამდე უცხო ენას ასწავლიდა და ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა... ცხადია, მოთხოვნები არ დამიკმაყოფილა, ვინაიდან სხდომაზევე განაცხადა, „დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავად აღმოვჩნდები უკანონოდ დანიშნულიო...“ (უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადმოყვანილი...) 

სარჩელებმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინეს, რაც ყოფილმა ვიცე-სპიკერმა (ჩუგოშვილმა) დეპუტატებს იუს–დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა შესთავაზა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მესამე პირების არჩევისას დაშვებული შეცდომები. ფაქტია, რომ ეუთო-ს ანგარიშებშიც ნათქვამია, რომ უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, ხოლო იუს-ის მოსამართლე წევრმა ირაკლი შენგელიამაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იუს-ის არამოსამართლე წევრებიფარული გარიგების საფუძველზე მოხვდნენ პარლამენტში, როდესაც საჯაროდგანაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდესო... 

როგორც ჩანს, მოსამართლე შენგელია კარგად არის ინფორმირებული პარლამენტის კულუარებში შემდგარი გარიგების თაობაზე და იცის, რომ ქალბატონ ნაზის კანდიდატურა სწორედ ჩინჩალაძესთან შეთანხმებულა... შედეგად, მართალია მისმა აქტიურობამ იუს-ის სხდომები პარლამენტისას დაამსგავსა, მაგრამ ორგანულ კანონში ჩადებული არაგონივრული მექანიზმი საშუალებას აძლევს მოსამართლეთა კორპორაციას (ოჯახს, „კლანს“) მათი ინტერესების დამცველი არამოსამართლე წევრების დახმარებითაც მიიღონ სასურველი გადაწყვეტილებები... 

ფაქტია, რომ იუს-ის წევრებმა ყველაზე დაბალი ქულები, ყველაზე კვალიფიციურ და პრინციპულ კანდიდატებს (მაგ., თამარ ლალიაშვილსა და როინ მიგრიაულს) დაუწერეს, ხოლო უმაღლესი ქულებით რეპუტაციაშელახული მოსამართლეები შეაფასეს. შედეგად, იუს-ის მიერ შერჩეულ კანდიდატებს შორის არც აღიარებული მეცნიერია და არც ადვოკატი... არადა, ე. წ. ვენეციის კომისიამაც გვირჩია, უზენაეს სასამართლოში „რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი იურისტები გავამწესოთ“.  საქმის მასალებითაც, სწორედ ის დასტურდება, რომ დეპუტატებს იუს-ის არამოსამართლე წევრები საკუთარი ნებით არ შერჩევიათ, ხოლო საბჭო გადაწყვეტილებაუუნაროა... 

გასული წლის აგვისტოს ბოლოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შევიდა, რომელიც განსახილველად სწორედ ვასილ როინიშვილს გადაეცა. ამდენად, მას გაუჩნდა შესაძლებლობა, პარლამენტის გარდა, იუს–შიც „აღედგინა სამართლიანობა“: თუ სასამართლო კანონით იხელმძღვანელებდა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებდა, პარლამენტს იუს-ის არამოსამართლე წევრების შესარჩევად ახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევდა, ხოლო იუს-ის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შედეგები გაუქმდებოდა, რაც მომავალ პარლამენტს საშუალებას მისცემდა მოსამართლეთა შერჩევის გაცილებით გონივრული პროცედურა შეემუშავებინა, ხოლო საქართველო ევროინტეგრაციის შანს შეინარჩუნებდა.  

ვთვლიდი,  რომ დღევანდელ პარლამენტს მორალური უფლებაც არ ჰქონდა იუს-ის მიერ შერჩეული კანდიდატურები განეხილა (ვინაიდან იუს-ის არამოსამართლე წევრები კანონდარღვევით შეარჩია ), ხოლო თუ „მესამე პირები“ დარჩებოდნენ თანამდებობებზე და მათ მიერ მანკიერი პროცედურით შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი ისევე გაამწესებდსა „უზენაესში“, როგორც თავად არამოსამართლე წევრებს იუს–ში, ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებდა. 

თუმცა, საქმის წარმოება უმაღლეს ინსტანციაშიც მეტად „სპეციფიკურად“ განვითარდა... როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც საკასაციო საჩივარი განსახილველად მიიღო,  როინიშვილმა თავადაც გადაწყვიტა იუს-ის მიერ გამოცხადებულ მორიგ კონკურსში მონაწილეობა...  თუ გავითვალისწინებით, რომ სასამართლოსგან ვითხოვ პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების ბათილად ცნობას, გამოდის, რომ მოსამართლე იუს-ის არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერებაში იმდენად არის დარწმუნებული, რომ საკუთარი თავი წარუდგინა. არადა,  თუ გავითვალიწინებთ, რომ პარლამენტის მიერ იუს-ის არამოსამართლე წევრების და იუს-ის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების (ფაქტობრივად, სასამართლო რეფორმის და ქვეყნის ევროინტეგრაციიის...) ბედიც როინიშვილის ხელში აღმოჩნდა, დარმწმუნებული ვიყავი,  იუს-ის წევრებს მისი მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენაც მოუწევდათ და პარლამენტიც მხარს დაუჭერდა ...  

შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობით, საქმის შედეგით ყველაზე დაინტერესებული პირი თავად საქმის განმხილველი მოსამართლე აღმოჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, საკასაციო საჩივარს დასაშვებადაც კი არ მიიჩნევდა, ვინაიდან მოთხოვნების დაკმაყოფილება, მასაც თანამდებობას დააკარგვინებდა...  ისიც ლოგიკური იყო, რომ არდააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თაობაზე... 

ვინაიდან იუს-ის არამოსამართლე წევრების თანამდებობებზე დარჩენა, ფაქტობრივად, მხოლოდ როინიშვილზე იყო დამოკიდებული, ხოლო მისი უვადოდ გამოსამართლება - მხოლოდ იუს-ის არამოსამართლე წევრებსა და პარლამენტზე, ლოგიკური იქნებოდა, საკასაციო საჩივარი ისეთ მოსამართლეს გადაცემოდა, რომლის თანამდებობაზე გამწესება პარლამენტისა და იუს-ის დღევანდელ შემადგენლობაზე არ იქნებოდა დამოკიდებული. შესაბამისად, როინიშვილის აცილება მოვითხოვე, რაც არ დაკმაყოფილდა...  

საჩივარი დღემდე არ განხილულა. სამაგიეროდ, ბატონმა ვასილმა იუს-ის არამოსამართლე წევრებისა და პარლამენტის დეპუტატების „ჩამჭრელ“ კითხვებსაც უპრობლემოდ უპასუხა, კოლეგების მხარდაჭერაც მიიღო და უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრიც გახდა.უახლოეს მომავალში კი, მის თავმჯდომარედაც მოგვევლინება. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×