(საქართველოს მოქალაქის გზავნილი პრემიერ-მინისტრს)
რეზონანსი
28.05.2020

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მადლიერების გრძნობით უნდა გითხრათ, რომ მე, საქართველოს ერთი, რიგითი მოქალაქე, ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით - ჩემმა ქვეყანამ გაუძლო პანდემიას და, არა მარტო გაუძლო, არამედ უმცირესი დანაკარგებით გადალახა იგი. უსაზღვროდ მადლიერი ვარ და ქედს ვიხრი ჩვენი ექიმების, ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძის, პაატა იმნაძის, ლევან რატიანის, ყველა ექიმის, ქალბატონი მარინა ეზუგბაიასი, ქალბატონი მარინა ენდელაძის... ექთნების, მძღოლების, პარამედიკოსების - ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც ჩემს ქვეყანას და ხალხს ემსახურა ისე, რომ ჩვენზე უფრო განვითარებული ქვეყნები შემოგვნატრიან.

უღრმესი მადლობა ლუგარის და კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სხვა ლაბორატორიების თანამშრომლებს. ქედს ვიხრი ლუგარის ლაბორატორიის ექიმი-ინფექციონისტის, პროფესორ ზურაბ მირიანაშვილის ხსოვნის წინაშე, რომლის სტენტირებულმა გულმა ვერ გაუძლო მის დაძაბულ გრაფიკს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, გმადლობთ პირადად თქვენ დასაქართველოს მთავრობას, რომელმაც ყური დაუგდო პროფესიონალებს და მიჰყვა პროფესიონალთა რჩევას. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ მთავრობამ ოპტიმალურად იმოქმედა უაღრესად ექსტრემალურ სიტუაციაში - პანდემიასთან ომში.

ომი ნელ-ნელა მთავრდება, ქვეყანა გადადის კორონასთან კოჰაბიტაციის პერიოდში და მთელი სიმძაფრით იჩენს თავს სამშვიდობო პრობლემები.

ყველაზე მწვავე პრობლემაა ქვეყნის მომარაგება სასურსათო პროდუქციით. არაა გამორიცხული (ყველაზე პესიმისტური პროგნოზით) მოსახლეობას ფული ჰქონდეს, მაგრამ სურსათს ვერ ყიდულობდეს: სურსათი უბრალოდ არ იყოს, ან იძულებულები გავხდეთ, ნორმალური ქვეყნების მიერ დაწუნებული პროდუქცია - ჯანმრთელობისთვის სახიფათო, შხამ-ქიმიკატებით და ნაყოფის ზრდის დამაჩქარებლებით გაჯერებული სურსათი ვიყიდოთ.

მცირე გადახვევას შემოგთავაზებთ, თუ არ მიწყენთ. წინა ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად ტურიზმი გამოაცხადა. შესაბამისად, ყველაფერი გააკეთეს ტურიზმის განვითარებისათვის.

ვერ დავმალავ, თხუთმეტიოდე წლის წინ კინაღამ ვტიროდი. და, არა მხოლოდ მე. სიბრაზის ცრემლები მოსდიოდათ მათ, ვინც ასიგრძეგანებდა საქართველოს მომავლის ტურიზმთან დაკავშირებას -მხოლოდ ტურიზმთან და არა ტურისტულ ინდუსტრიასთან.

დარბოდნენ მაშინდელი მთავრობის წევრები და ხსნიდნენ სასტუმროებს, ტურისტულ კერებს... ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ტურისტს და ქვეყნის მაცხოვრებლებს რომ სრულყოფილი კვება სჭირდებათ, ამაზე ფიქრით გონებისთვის ჯაფა არ დაუყენებიათ. მსგავს კითხვებზე მზა პასუხი ჰქონდათ - იმპორტი.

დიახ, იმპორტი!...

და არა სამამულო სოფლის მეურნეობის განვითარება.

სოფლის მეურნეობას აგდებით ეკიდებოდნენ - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდები ფულის წყაროდ აქციეს.

მილენიუმის პროგრამიდან დაფინანსებას უპირატესად აძლევდნენ მათ, ვისგანაც უკუგებას იღებდნენ. და, როგორც წესი, სოფლის მეურნეობაში ინვესტირებული ფულის დინებასთნ ერთად, დაფინანსებულებიდან ზემოთ ანტიპარალელური ნაკადი მიედინებოდა - უკუგება, ეგრეთ წოდებული „ატკატები".

რასაც აქ ვამბობ, ამის შესახებ, ყველამ იცის, ვისაც შეხება ჰქონია სოფელთან. დარწმუნებული ვარ, თქვენც იცით ამის შესახებ.

ყოველივე ამის შედეგად კი გვაქვს განუვითარებელი, ხშირად დანგრეული და განადგურებული სოფელი.

მრცხვენია, მაგრამ უნდა ვთქვა - სოფლად მაცხოვრებელი ოჯახები ლობიოს ბაზარში ყიდულობენ.

ქართველი გლეხი თურქეთიდან შემოტანილ პომიდორს ყიდულობს...

ვერ დავიჯერებ, რომ იმპორტული პროდუქცია უკეთესია.

უბრალოდ, ქართველ გლეხს მოტივაცია აღარ აქვს. გაზარმაცდა. მუშაობას, ქალაქში ტაქსაობა ან ბაზარში დგომა და „ვიყიდე-გავყიდე" ურჩევნია.

დროა, თუ დაგვიანებული არაა, მთავრობამ სერიოზულად და საფუძვლიანად მოჰკიდოს ხელი საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეს.

არასოდეს არაა გვიან დაწყება. საჭიროა ნება და რწმენა იყოს იმისა, რომ ჩვენ გლეხს არ დავიწყებია ძველებური შრომა.

გლეხს გვერდით დადგომა და დახმარება უნდა.

პირველ წლებში უნდა დახმარება, შემდეგ წლებში აქეთ დაეხმარება სახელმწიფოს.

მივედით მთავარ სათქმელამდე - ბატონო გიორგი, პანდემიასთან ომში საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სისტემამ ბრწყინვალედ იმუშავა. დასაწყისში გამოვხატე ჩემი გულწრფელი აღტაცება.

რატომ იმუშავა ჯანდაცვის სფერომ ბრწყინვალედ?

პასუხი ძალიან მარტივია, ბატონო გიორგი.

ჯანდაცვას და პანდემიასთან ომს ხელმძღვანელობენ თავისი საქმის პროფესიონალები. მცოდნე ადამიანები, რომელთათვისაც უცხო არაა უცხოელი კოლეგების გამოცდილება და ცოდნა. მათ უბრალოდ პროფესიონალურად იმოქმედეს და მეტი არაფერი.

საშუალო დონეზეც კი რატომ ვერ მუშაობს სოფლის მეურნეობა?

ქართული მიწების სიბერწე და მოუსავლიანობის საბაბად მოტანაგამორიცხულია.

ქართველი გლეხი შრომის უნარით თუ არ აჭარბებს, არაფრით ჩამორჩება ევროპული ქვეყნებისას.

მაშ, რატომ არ გვაქვს განვითარებული სოფლის მეურნეობა?

პროფესიონალები არ გვყავს, ბატონო გიორგი!

წარმოიდგინეთ ზემოთ ჩამოთვლილი ექიმების დონის პროფესიონალები სოფლის მეურნეობაში - სულ რაღაც სამიოდე წელიწადში საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორი ქეყანა გახდებოდა.

მანამ კი, სანამ სოფლის მეურნეობის პროფესიონალები იგნორირებულნი იქნებიან, არ გვექნება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საქარმოები, არ გვექნება ხახვის, ლობიოს, სიმინდის, პომიდორის, კიტრის მოსაყვანი ფართობები და სასათბურე მეურნეობები.

ერთი მაგალითი უნდა მოვიტანო, ბატონო პრემიერო - ადრე, 90-იან წლებამდე ბაღდათში ფუნქციონირებდა ერთი დიდი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადასამუშავებელი საწარმო. დასაქმებულთა რაოდენობას და იქ მომუშავეთა ოჯახების უზრუნველყოფას რომ თავი დავანებოთ, სამი მომიჯნავე რაიონიდან მოდიოდა პროდუქცია საწარმოში - ვანის, ზესტაფონის და თერჯოლის რაიონებიდან. იქაური გლეხები აბარებდენ ეკალას, ტყემალს, პომიდორს, კიტრს, მაყვალს... მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა საწარმო.

დღეს?

დღეს ის საწარმო აღარ არსებობს. როგორც ბევრი მისნაირი, გავანადგურეთ და ჯართად ჩავაბარეთ ოთხმოცდაათიანებში.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, თუ ბაღდათის ხელმძღვანელობას, თერჯოლის, ვანის, ზესტაფონის თუ სხვა რაიონების ხელმძღვანელობას არ შეუძლიათ შემუშავება, დახვეწა და მთავრობაში წარმოდგენა ისეთი პროექტებისა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავების აღორძინებას ითვალისწინებს, რად გინდათ ასეთი ხელმძღვანელები?

ისინი ნიჭს, პროფესიონალიზმს და საქმის მკეთებელ ადამიანებს უხერგავენ გზებს...

შედეგად კი გვაქვს ის, რაც გვაქვს - სურსათის ექსპორტი.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, არ ვიცი, ჩემი გზავნილი მოაღწევს თუ არა თქვენამდე. ოცნება მაქვს - საქართველო გადაიქცეს აყვავებული სოფლის მეურნეობის ქვეყნად. ეს კი მხოლოდ პროფესიონალების დახმარებითაა შესაძლებელი.

მე არ ვიცი, როგორ?

მე ვიცი, რომ უამისოდ ქვეყანას მომავალი არა აქვს.

კოლექტიური მეურნეობები იმ სახით, როგორადაც ბოლშევიკებმა ჩამოაყალიბეს, არ ივარგებს.

იქნებ „კიბუცი" იყოს გამოსავალი?!...

ან, სოფლის მეურნეობების ამხანაგობებია სოფლის მეურნეობის ასაღორძინებელიოპტიმალური საშუალება.

იტალია მენტალურად ჩვენთან შედარებით ახლო მყოფი ქვეყანაა. იტალიაში ძალიან გაამართლა სამოცდაათიან წლებში ჩამოყალიბებულმა ამხანაგობებმა. ყურძნის წარმოებისა და ღვინის მრეწველობის დიდი წილია ამხანაგობების ხელში. ასევეა სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მიმართულებით.

გავიმეორებ, იტალიამ ასეთი ამხანაგობების ჩამოყალიბება დაიწყო სამოცდაათიან წლებში და დღეს საკმაოდ კარგად განვითარებული სოფლის მეურნეონა აქვს.

ჩვენში თეორიულად საძახებლად იქცა - „ძლიერი გლეხი ძლიერი ქვეყანააო".

პრაქტიკულად კი, არავინ არ თუ ვერ მოახერხა პრაქტიკულად განეხორციელებინა ეს დევიზი.

დარწმუნებული ვარ, ძლიერი ნების შემთხვევაში არ იქნება ძნელი საქართველო გადაიქცეს განვითარებული ძლიერი სოფლის მეურნეობის ქვეყნად.

ღმერთმა დაგლოცოთ, მეტი კეთების უნარი და საშუალება მოგცეთ თქვენ და ყველა ჩემს თანამემამულეს!

 

სოლომონ ნერგაძე

(მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი,

ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტი). 

პავიას უნივერსიტეტი (პავია, იტალია)

24 მაისი, 2020

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×