სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამაზ აქუბარდია
    (11.02.2012)

    სულმნათი შოთას ეს სიტყვები შემთხვევით არ წარვუმძღვარეთ ამ პუბლიკაციას. ხშირად ცხოვრებაში ისეთი სიტუაციებია, რომ სჯობს, რაღაც მოვლენის შესახებ არაფერი არ თქვა, რათა არ მოახდინო პროცესების ფორსირება, ზოგჯერ კი პირიქით, - ართქმით პროცესები არასასურველი მიმართულებით წარიმართება. მაგრამ საქმე ის არის, ვინ რა პრინციპებით ხელმძღვანელობს და სიტუაციის შეფასებისას რომელ გადაწყვეტილებას ირჩევს.

    ალბათ, დღეს საკამათო არ უნდა იყოს, რომ ინდივიდები, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. მიუხედავად ზეციური სამყაროს არსებობის უცილობელი ფაქტისა, რაც უკვე მეცნიერთათვისაც არ წარმოადგენს სერიოზული კამათის საგანს, ოღონდ მეცნიერები მას პარალელურ სამყაროებს (ანუ ერთზე მეტი პარალელური სამყაროს არსებობაზეა საუბარი) უწოდებენ, რაც საუკუნეების მანძილზე უფრო რწმენის სფეროს განეკუთვნებოდა, ვიდრე მეცნიერულად დადასტურებელ ფაქტს, ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას აქ, დედამიწაზე უნდა შეიქმნას ზეციური სამყაროს უშესანიშნავესი გამოვლინება, - სამოთხე, თუნდაც მიწიერი, მაგრამ მაინც სამოთხე. მით უმეტეს, როცა, უკეთეს შემთხვევაში, ზეციურ სამყაროში მოხვედრის არანაირი გარანტია არა გაქვს, ხოლო უარეს შემთხვევაში ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს.

    სწორედ ამიტომ, კაცთა მოდგმის უდიდესი ნაწილი თავდაუზოგავად, მთელი თავისი სულიერი და ფიზიკური ძალების წარმოუდგენელი დაძაბვით, იბრძვის ამ სანუკვარი მიზნის მისაღწევად და, თუ აღწევს ამ მიზანს, მათდა სამწუხაროდ, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ მათი ერთი პროცენტი, ანუ ადამიანთა ე.წ. "ოქროს ნაწილი". ოღონდ ერთია, ამ ერთ პროცენტს არაფრით არ უნდა იმის გაგება, რომ დანარჩენი 99 პროცენტის არა უბრალოდ არსებობის, არამედ ნორმალური არსებობის გარეშე, მათთვის გარანტირებული მიწიერი სამოთხის ნებისმიერ ფორმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

    ახლა წარმოვიდგინოთ, რომ არავითარი ძალისხმევა არ გჭირდება, რომ საზოგადოების ამ ე. წ. "ოქროს ნაწილში" მოხვდე. საკმარისია, შეასრულო მითითებები ზემოდან, და შენ სამოთხეს, მიწიერ სამოთხეს გიქმნიან.

    მოდით, ახლა ნუ დავიწყებთ იმის გამოკვლევას, კონკრეტულად ვის და რატომ სჭირდება მეცნიერებათა აკადემიის გარდაცვალება. დიახ, დიახ, გარდაცვალება და არა გაუქმება. უფრო სწორად, მათ მართლაც უნდოდათ და უნდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გაუქმება, მაგრამ რადგანაც მისი პირდაპირ გაუქმება სრულიად რეალური საფრთხის შემცველია ისეთი უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ქვეყანაში, რომლის ნათელი გონების ადამიანების რაოდენობით ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი იამაყებდა და უკეთეს შემთხვევაში ინატრებდა, ქვეყანაში, სადაც საუკუნეების წინ მოქმედებდა იყალთოსა და გელათის აკადემია, სადაც ჯერ კიდევ ქრისტიანობის შემოღებამდე ჩქეფდა კულტურული ცხოვრება და ა. შ. და ა.შ.

    ამიტომ ისინი სხვა გზით წავიდნენ, - მეცნიერებათა აკადემიის ე. წ. "გარდაცვალების" გზით. საქმე ისაა, რომ მეცნიერებათა აკადემიის წევრთა რაოდენობა 70 წევრს არ უნდა აღემატებოდეს. ცხადია, რომ ისინი, გარდა იმისა, რომ მეცნიერების ამა თუ იმ დარგის ნამდვილად გამორჩეული სპეციალისტები არიან, მათი უმრავლესობა ისეთი ასაკისაა, როდესაც ასაკთან ერთად სიბრძნეც მოდის. ცხადია, მეცნიერების დარგების უდიდესი უმრავლესობისათვის მეცნიერის ასაკი პიროვნების სიბრძნესთან ასოცირდება, მაგრამ აქ სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ასაკი ადამიანს უცილობლად აახლოებს იმ ასაკთან, რომელიც თითოეული ჩვენგანისათვის არსთა გამგებლის მიერ ამ ქვეყნად არის გამოყოფილი.

    როგორც ჩანს, ეს კარგად იციან მეცნიერებათა აკადემიის ევოლუციური გზით გაუქმების, ანუ "გარდაცვალების პროექტების" ავტორებმა და "ურჩიეს" აკადემიის პრეზიდიუმს, არ გამოაცხადონ ახალი წევრების არჩევნები. სამაგიეროდ კი, მათ შეუქმნიან მიწიერი სამოთხის ყველა შესაძლო პირობებს. მართლაც, თუ ავიღებთ აკადემიის პრეზიდენტს, მისი თვიური შემოსავალი იმდენია, რომ ძალიან ბევრს არც დაგვესიზმრება. და ეს ქვეყანაში გამეფებული საყოველთაო უმუშევრობის ფონზე.

    აკადემიის წევრის ასაკი აკადემიკოსისათვის ნამდვილად არ უნდა იყოს შემზღუდავი, მაგრამ მისი პრეზიდენტისათვის აუცილებლად უნდა არსებობდეს ზედა ზღვარი. თორემ როგორი წარმოსადგენია, პრეზიდენტი, რომელიც მთელი არსებით ცდილობს, რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს ასეთი მიწიერი სამოთხე, როგორც ფიზიკურად, ასევე თანამდებობრივად.

    მანამდე კი მიდის აკადემიის ევოლუციური გარდაცვალების პროცესი. დღეს აკადემიის ფიზიკურად ცოცხალი წევრების რაოდენობა მხოლოდ 39 წევრს აღწევს, ანუ 31 წევრი გამოაკლდა აკადემიის წევრთა რიგებს, ანუ მიდის აკადემიის ბუნებრივი სიკვდილით და ამდენად, არაბუნებრივი გარდაცვალების პროცესი. პრეზიდენტი კი ცოცხალი თავით არჩევნებს არ ნიშნავს.

    მაგრამ რას შვრებიან აკადემიის ჯერ კიდევ ცოცხალი წევრები? რატომ არ იღებენ ხმას? ალბათ, საყოველთაო აზრს გამოვხატავ, თუ დარჩენილების სიცოცხლეშიც ეჭვს შევიტან.

    ზყთყ ჭავჭავაძის პროსპექტზე ერთი ძალიან სათნო გარეგნობის ქალბატონი გაზეთებს ყიდის. ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც თბილისში აუტანელი სიცივე იყო, ამ ქალბატონს შევეკითხე, თუ როგორ უძლებდა ასეთ ყინვას და რატომ არ ანებებდა ასეთ სამსახურს თავს, მით უმეტეს, როცა გავიგე, რომ მისი ასაკი ცოცხლად დარჩენილი აკადემიკოსების ასაკს უტოლდებოდა. ამაზე მან მიპასუხა, რომ მისი შვილიშვილი სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, და აქ აღებული ფულით (მისი "ხელფასი" თვეში 210 ლარს შეადგენს) იგი მისი სწავლის ფულს იხდის.

    როგორი უსაზღვრო პატივისცემით განვიმსჭვალე ამ ქალბატონისადმი; როგორი უსაზღვრო მოწიწებით განვიმსჭვალე ამ ქალბატონისადმი; როგორი იმედი მომეცა; როგორი რწმენით აღვივსე; ახლა უკვე როგორ მჯერა საქართველოს ხვალინდელი დღის და როგორ მომინდა მისი შვილიშვილივით ხატვა შემძლებოდა, რომ ამ დიდებული ქალბატონის სახე აღმებეჭდა ტილოზე ისევე, როგორც მისი სახეა აღბეჭდილი ჩემს სულში, ვითარცა ხატება.

    და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართველთა გენეტიკურად განპირობებულ დაუოკებელ ლტოლვაში სწავლისადმი, ცოდნისადმი.

    ვერავითარი ძალა ამ მისწრაფებას ვერ აღმოფხვრის ქართველთა გენომიდან. მათი მხრიდან ეს სრულიად ფუჭი ცდაა.

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter