რეზონანსი
17.04.2020

ია ჩუთლაშვილი

აშშ-ის მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა (პროექტის ავტორი მარკუს ბიულერი) კორონავირუსის სტრუქტურა მუსიკად გარდაქმნეს. კორონავირუსის გარსს წარმოადგენს წვეტიანი ცილები, რომლებიც ვირუსს გვირგვინისებრ ფორმას აძლევს, რითაც ორგანიზმთა ჯანმრთელ უჯრედებთან კავშირს უზრუნველყოფს. ცილა ამინმჟავების კომბინაციისგან შედგება. მეცნიერებმა თითოეულ ამინმჟავას სონიფიკაციის მეთოდით (კომპიუტერული პროგრამირების საშუალებით ულტრაბგერების ბგერით სიხშირეებად გარდაქმნა) უნიკალური ნოტი შეუსაბამეს და ცილის სტრუქტურის მუსიკალურ პარტიტურად გადაწყობის შედეგად მიიღეს ზარების, სიმებიანი საკრავებისა და ფლეიტის ხმებით აწყობილი მრავალშრიანი ალგორითმული მელოდია.

მეცნიერთა მტკიცებით, კორონავირუსის ცილის მუსიკად გარდაქმნა მათ COVID-19-ის უკეთ შესწავლაში დაეხმარებათ — ცილაზე იმ ადგილების მოძიებას შეუწყობს ხელს, რომელთა საშუალებითაც ანტისხეულები ან სამკურნალო პრეპარატები ვირუსთან დაკავშირებას შეძლებენ. ცილის სტრუქტურის მუსიკალურ მელოდიად აჟღერება მსოფლიოში პირველმა შეძლო გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა რამაზ გახოკიძემ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში. 

გთავაზობთ პროფესორ რამაზ გახოკიძის მოსაზრებას: ,,ცოცხალ არსებათა მრავალფეროვნება ცილის ურიცხვ ვარიანტს წარმოადგენს. განსხვავება ამინმჟავური ნაშთების თანმიმდევრობაშია. ცილების სპეციფიკურობა შეიძლება შევადაროთ მუსიკას, რომელიც მცირე რაოდენობის ბგერათა შეხამებისგან მიიღება და უსაზღვროდ მრავალფეროვანია. ბუნებაში მრავალი ბგერაა, მაგრამ ყველა როდი ქმნის მუსიკას. ასევე ბუნებაში არსებული ყველა ამინჟავა არ გამოდგება ცილის საშენ მასალად. განსაზღვრული სისტემით ხდება როგორც ამინჟავათა, ისე მუსიკალურ ბგერათა გადარჩევა და ჩამოყალიბება.

მელოდია არ წარმოადგენს ბგერების შემთხვევით თანმიმდევრობას. ასევე ცილა არ არის ამინმჟავათა შემთხვევითი ნაკრები. ცილის მოლეკულა, ისე როგორც მელოდია, ყოველთვის ერთ შინაარს გამოხატავს. მუსიკალურ ნაწარმოებს ცილის მსგავსად გააჩნია მისი ნაწილების განსაზღვრული თანაფარდობა, ე.ი. ფორმა. მუსიკალური კოდის გაშიფვრისა და რეალიზაციის მექანიზმების იდენტურობა ყოველი ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში (ვირუსიდან ადამიანამდე) სამყაროს, როგორც ჰარმონიული მთელის ერთიანობაზე მეტყველებს. ჯერ კიდევ პითაგორა მიიჩნევდა, რომ სამყარო მუსიკის ენაზეა დაწერილი“

პროფესორმა რამაზ გახოკიძემ  პირველად მოახდინა ცილის სტრუქტურის ტრანსკრიფცია მუსიკის ენაზე, რასაც მან მუსიკალური კოდის პრინციპი უწოდა და მიიღო ნაწარმოები ფუგის სტილში (რთული წარმოსადგენია, რომ ბახის შექმნილი არ არის). ქართველი მეცნიერის აზრით, მუსიკა დასაბამიდანვეა ჩადებული ცოცხალ ორგანიზმში და მის, როგორც მთელის, მოდულაციას ახდენს. საკმარისია უმცირესი ცვლილება გენეტიკური კოდის პარტიტურაში, რომ გენი ონკოგენური გახდეს. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ერთი ამინმჟავას შეცვლას მეორით, რის გამოც ნორმალური ცილა (მელოდია) კიბოვანი გახდეს (ჩნდება მელოდიაში დისონანსი).

პროფესორმა რამაზ გახოკიძემ აჩვენა, რომ ცოცხალი ორგანიზმები (მათ შორის მცენარეებიც) სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ჰარმონიულ მუსიკაზე და როკ-მუსიკაზე. ისინი ბახის მუსიკას ამჯობინებენ, რომელიც მცენარეთა ზრდის სტიმულაციას იწვევს — ძლიერდება ფოტოსინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა, რამდენიმეჯერ იზრდება ვიტამინების შემცველობა (მაგალითად, ,გახმოვანებულ” ხორბლის ღივში 20-ჯერ მეტი A ვიტამინი და 5-ჯერ მეტი C და B6 ვიტამინი აღმოჩნდა), რის შედეგადაც იზრდება მოსავლის რაოდენობა და ხარისხი.

პროფესორ რ.გახოკიძის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა გააჩნია: იგი შეიძლება ორგანიზმის მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი გახდეს; მუსიკალური კოდის პრინციპის გამოყენებით შესაძლებელია ადამიანთა ფსიქოტიპების დადგენაც. 

უკანასკნელ პერიოდში კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს-ანჟელესი) ამერიკელი და იაპონელი მეცნიერების ჯ. მილერისა და რ. ტაკაჰაშის ხელმძღვანელობით მუშავდება პროექტი, რომელიც ეხება ცილაში შემავალ ამინმჟავათა გარდაქმნას მუსიკალურ აკორდებად, რომელთა ხანგრძლივობა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ცილის ნატიფ სტრუქტურაზე და მოსალოდნელ დაავადებათა განვითარებაზე.

დ.პოლმა შექმნა სონიფიკაციის ხერხი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ულტრაბგერების გარდაქმა ბგერით სიხშირეებად, რომლებიც აღირიცხება ლაზერული მთვლელით.

ცერნში, ვ.ვაგნერის ხელმძღვანელობით მოახდინეს ელემენტარული ნაწილაკების შესახებ დიდ კოლაიდერში მიღებული ინფორმაციის სონიფიკაცია - მუსიკალურ ფორმატში გარდაქმნა. აღმოჩნდა, რომ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ მუსიკალურ ენაზე ,,თარგმნილი“ ინფორმაცია ყველასათვის კარგად ცნობილ მელოდიებს და მუსიკალურ თემებს გვაძლევს.

მ.ჯექსონის ხელმძღვანელობით მუშავდება პროექტი, რომელშიც ბგერის შესაქმნელად გამოიყენება მცენარეთა მონაცემები. დღეღამურად იზომება მცენარეთა ტემპერატურა, სინესტე და განათების დონე, რის შემდეგაც ხდება მონაცემების გარდაქმნა ელექტრონულ მუსიკად.

ტ.დაკიჩმა უსასრულო რიცხვი ,,პი“ (3,14...), მძიმის შემდეგ 1000 ნიშნამდე გარდაქმნა სიმღერად. თითოეულ ციფრს მან ნოტი მიუსადაგა და მიიღო უნიკალური მელოდია. ,,პის’’ მსგავსი მელოდია (უფრო მხიარული და ოპტიმისტური) იქნა მიღებული ევროკავშირის კვლევით ინსტიტუტში დიდი ანდრონული კოლაიდერის მონაცემთა გამოყენებით.

,,ნასას’’ მიერ კოსმოსიდან მიღებული სხვადასხვა მონაცემის საშუალებით მეცნიერებმა შექმნეს სიმღერები, რომლებშიც გამოყენებულია მიკროტალღური ფონიდან, სხვადასხვა გალაქტიკიდან, პულსარებიდან, ზეახალი და სხვა ასტრონომიული ფორმებისა და მოვლენებისგან მიღებული ბგერები.

აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს ნაციონალურ ლაბორატორიაში პ.ლარსენმა შეძლო მიკრობთა კვლევით მიღებული შედეგები მუსიკალურ მელოდიად გარდაექმნა, რაც, მისი აზრით, მიკროორგანიზმების ერთმანეთთან ურთიერთობის უკეთ გაგების საშუალებას მოგვცემს.

ამრიგად, პროფესორი რამაზ გახოკიძე მსოფლიოში პირველი მეცნიერია, რომელმაც ჯერ კიდევ იმ დროს, როცა კომპიუტერული ტექნიკა არ იყო განვითარებული, აჩვენა სიცოცხლისა და მუსიკის ერთიანი ჰარმონიული პრინციპი, რაც მომავალში მეცნიერებს ხელს შეუწყობს ბუნების კანონებისა და ჯანმრთელობის დაცვის მთელი რიგი პრობლემის გადაჭრაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ია   (25.04.2020)
რა მაგარია! ყოჩაღ!👍👍

ია   (18.04.2020)
უკიდეგანოა ქართველების ნიჭი!💥:)) ბატონო რამაზ, თქვენ გამორჩეულული აზროვნების მეცნიერი ბრძანდებით! გვეამაყებით და წარმატებებს გისურვებთ!✍️🌏📚🎼💛👏👏👏:))

დავითი   (18.04.2020)
ჩვენი მეცნიერი, გენიოსია!!! ბატონო რამაზ, ჯანმრთელობა არ მოგიშალოთ, მაღალმა ღმერთმა!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×