რეზონანსი
08.03.2020

ვინაიდან „რიყის დოქებში“ საბაზრო ფასის გადახდა არავინ ისურვა, ეკონომიკის სამინისტროს შევთავაზე, ახალ აუქციონზე ისინი სიმბოლურ ფასად, თუნდაც ერთ ლარად გაიტანოს, იმ პირობით, რომ დაინტერესებული პირი, მათ საკუთარი ხარჯით დაშლის და რიყის ტერიტორიიდან გაიტანს, ხოლო, თუ შეძენის მსურველი არც ამჯერად გამოჩნდება, შენობის დემონტაჟი ბიუჯეტის ხარჯზე უნდა განხორციელდეს. წინადადება შემდეგი არგუმენტებით დავასაბუთე:

ერთ-ერთ ტელესიუჟეტში („სააკაშვილი – დიქტატორების არქიტექტურული ვნებების ქართული კარიკატურა“), აღინიშნა, რომ ეს ნაგებობა „ამახინჯებს ქალაქის იერსახეს“, ხოლო ცნობილმა არქიტექტორებმა აღნიშნეს, რომ „დოქები“ რიყეზე თვითნებურად (კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაუცველად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე) და არქიტექტურის ფუძემდებლური პრინციპების (პროპორცია, ჰარმონია, რელიეფთან შესაბამისობა) უგულვებელყოფით განთავსდა. თბილისის საპატიო მოქალაქემ, აკადემიკოსმა, არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრმა, ძველი თბილისის რეკონსტრუქცია–რეგენარაციის პროექტების ავტორმა, ბატონმა გიგა ბათიაშვილმა ჩვეული პირდაპირობით განაცხადა, რომ „რიყის მილები თავხედურად შემოჭრილია ისტორიულ გარემოში და შეურაცხმყოფელია, ვინაიდან წინააღმდეგობაშია ლანდშაფტთან, მასშტაბი არ არის ადეკვატური და ყველა ტაძარზე დიდია... 

მეც მიმაჩნია, რომ „რიყის დოქები“ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი ურბანული ვანდალიზმის მორიგი მკაფიო ნიმუშია და, დღევანდელი განთავსების ადგილზე, მათი ამოქმედება კი არა (მითუმეტეს, 36 თვის განმავლობაში...), არამედ დაუყოვნებლივ მოცილებაა აუცილებელი. არაგონივრულია, რიყის კიდევ ერთი მინა-ლითონის კონსტრუქციით გადატვირთვა, აგრეთვე, უშუალოდ ბარათაშვილის აღმართის იერსახის დამახინჯებასთან ერთად, აღმართიდან და მიმდებარე ქუჩებიდან თბილისის ხედების შეზღუდვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტი და უნიკალური ისტორიული ძეგლები უნდა დომინირებდნენ. 

გონივრული იქნებოდა, სანამ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, სახელმწიფოსა და დედაქალაქის მესვეურებს, გარემოსთან აშკარად შეუსაბამო და 8 წლის განმავლობაში დაუმთავრებელი, ამ „მილებისა“ თუ „დოქების“ ბედიც გადაეწყვიტათ. ყველა შემთხვევაში, ბარათაშვილის აღმართის მხრიდან ნაგებობაში შესასვლელი კიბეები უნდა მოიშალოს, რაც ტროტუარისა ან/და საავტომობილო გზის გაფართოების საშუალებას მოგვცემდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „დოქების“ ამოქმედების შემთხვევაში, პრობლემებს, ავტობუსებისთვის განკუთვნილ სამოძრაო ზოლზე („ბასლაინზე“) გაჩერებული ავტომობილებიც შექმნიან... 

იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის მიერ დაპროექტებული 

 საკონცერტო დარბაზი, თავისთავად, შესაძლებელია, შედევრია და უთუოდ დაამშვენებდა ნებისმიერ გარემოს, სადაც სხვა არაფერია ღირშესანიშნავი ან გარშემო იდენტური ობიექტებია, მაგრამ ძველი თბილისის გულში, მითუმეტეს, ბუნებრივ ლანდშაფტურ ძეგლს, ბარათაშვილის აღმართის „ვერტიკალურ ბაღსა“ და ანჩისხატის ათასწლოვან ტაძარს შორის, აშკარად, ზედმეტია. მითუმეტს, რომ რიყიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდაც ჩანს და ნარიყალაც, სიონიც და საპარტიაქროც, მეტეხის ციხეც და დარეჯანის სასახლეც...

ფაქტია, რომ პოლიტიკოსების ახირებით თუ მავანთა კორუფციულ ინტერესებში თბილისში არაერთი „მავნებლობა“ განხორციელდა: მაგ., სასტუმრო „ივერიის“ „რეკონსტრუქცია“, რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლების“ გასხვისება, ორსართულიანი ისტორიული ძეგლის ადგილზე ორჯერ მაღალი და განიერი „პრეზიდენტის რეზიდენციის“ აღმართვა , ღამის კლუბის მოსაწყობად რიყის 200 მილიონიანი „რეაბილიტაცია“, საპატრიარქოს გვერდით „კაზინოს“ განთავსება და ღამის კლუბში „მშვიდობით“ გადასავლელად ორ არსებულ კლასიკურ ხიდს შორის მესამის –შემინულის ჩადგმა, კორტების ადგილზე „იუსტიციის სახლის“ აგება და მასში მომსახურების მისაღებად, ყოველდღიურად, 20 000–მდე მოქალაქის დედაქალაქის ცენტრში მიყვანა, სპორტის სასახლის გარშემო და „აკადემიური ქალაქის“ ტერიტორიაზე „ბეტონის ჯუნგლების“ გაშენება და სხვა. ამდენად, თუ დემონტაჟი არ განხორციელდა, ქალაქის ისტორიულ ცენტრს კიდევ ერთი „მონსტრი“ „დაიპყრობს“... ამასთან, დიდი ალბათობაა, „რიყის დოქები“, რომლებსაც ოფიციალურად საკონცერტო–სახელოვნებო–გასართობი ცენტრის დანიშნულება ექნება, არცთუ იშვიათად იქნება გამოყენებული პარტიული ღონისძიებების მოსაწყობადაც (მითუმეტეს, მმართველი პარტიის ოფისის წინ არის განთავსებული) და, ფაქტობრივად, რევოლუციური „ავრორას“ ფუნქციაც შეითავსოს... 

თუ აუქციონი დემონტაჟის პირობით ჩატარდება, წაქცეული დოქების თუ მილების ფორმის თანამედროვე ნაგებობა ახალმა მესაკუთრემ, შეიძლება, მაგ., დიღომში, გლდანში, კახეთის გზატკეცილზე, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბაკურიანში (მიწა უსასყიდლოდაც შეიძლება გადავცეთ...), ბიჭვინთაში, ცხინვალში, ბაქოსა ან ერევანშიც კი განათავსოს (შესაძლებელია, დაშალოს და მასალად გაყიდოს...), მაგრამ რიყეზე მისი დატოვება დაუშვებლად მიმაჩნია. ამ ტერიტორიაზე მყოფი პირის (ადგილობრივის თუ „ვიზიტორის“) ყურადღებას ბუნებრივი გარემო და რელიეფთან ჰარმონიაში მყოფი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იპყრობდნენ და არა, სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად (ფაქტობრივად, თვითნებურად...), ჩადგმული ლითონის ბრჭყვიალა კონსტრუქციები... 

თუ „რიყის დოქები“ ადგილზე დარჩა, იგივე შედეგს მივიღებთ, მაგ., „ერისიონის“ კონცერტზე „მადონამაც“ რომ შეასრულოს ერთი სიმღერა ან ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სვაროვსკის“ სამკაულები გამოვფინოთ... გამორიცხული არ არის, მაყურებელ -დამთვალიერებლების უმრავლესობაზე ნიჭიერი უცხოელების შემოქმედებამ გაცილებით მეტი ეფექტი მოახდინოს... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი, თდასუ-ს ასოცირებული პროფესორი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×