აკაკი გვიმრაძე
14.11.2019

 სამი სახელმწიფოს საზღვარზე განლაგებულ ბაზელს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა დიდ უპირატესობას ანიჭებს - "დრაილანდერეკი" (3 ქვეყნის კუთხე) გულისხმობს უნიკალურ სასაზღვრო განლაგებას საფრანგეთთან და გერმანიასთან.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა აირჩიო ბაზელი ტურისტულ მიმართულებად, ადგილობრივები ასე პასუხობენ: იმიტომ, რომ დილას თქვენ შეგიძლიათ ისაუზმოთ ბაზელში, შუადღეს ისადილოთ საფრანგეთში, საღამოს ივახშმოთ გერმანიაში და დასაძინებლად ისევ ბაზელში დაბრუნდეთ.

ძლიერი არგუმენტია და რეალობაში ეს მართლაც ძალიან მარტივად და მოხერხებულად მუშაობს (თანაც ზედმეტი დანახარჯების გარეშე) - პირდაპირ ბაზელის ცენტრიდან ქალაქის ტრამვაით 15 წუთში შეგიძლიათ მიხვიდეთ საფრანგეთის საზღვრამდე და 25 წუთში გერმანიის საზღვრამდე.

ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა (თავად გამოვცადე ერთი დღით ბაზელიდან საფრანგეთში გასეირნება) მიიღოთ - 3 ერთში, ანუ ბაზელის სტუმრობა საშუალებას მოგცემთ ერთდროულად 3 კურდღელი დაიჭიროთ და თითო დღე საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტებს დაუთმოთ.

ამ მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანი გარემოა ისიც, რომ ბაზელის ნებისმიერ სასტუმროში ცხოვრების შემთხვევაში (შვეიცარიის სხვა ქალაქებშიც მინახავს მსგავსი) თქვენ გეძლევათ ულიმიტო და უფასო სატრანსპორტო ბარათი, რაც ქალაქის და მის მიმდებარე რეგიონების შემოვლის საშუალებას მოგცემთ.

რაც შეეხება უფრო შორ მანძილებზე გამგზავრებას, ბაზელის რკინიგზის სადგურიდან პირდაპირი მატარებელი 2-3 საათის განმავლობაში ჩაგიყვანთ ევროპის დიდი ქალაქებისკენ (პარიზი, ვენა, ბერლინი...).

ბაზელის სატრანსპორტო კარიბჭე კი ევროაეროპორტია, რომელიც გეოგრაფიულად საფრანგეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, თუმცა ემსახურება სამივე ქვეყანას (შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია) და აქ ჩაფრენის შემთხვევაში სამი გასასვლელი შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელიც ამ სამი მიმართულების ყველაზე მსხვილი უახლოესი ქალაქებით აღინიშნება - შესაბამისად: ბაზელი-მულუზი-ფრაიბურგი.

 მდინარე რაინის ნაპირებზე განლაგებული (ქალაქს შუაზე ჰყოფს) 200-ათასიანი ბაზელი მოსახლეობის რაოდენობით შვეიცარიის მესამე ქალაქია (ციურიხისა და ჟენევის შემდეგ),

ხოლო, თავისი ფინანსური შესაძლებლობებით ქვეყნის მეორე ეკონომიკაა (ციურიხის შემდეგ). აქ ცხოვრების დონე მაღალია (შვეიცარიის სტანდარტებითაც კი), რისი გამოხატულებაც თუნდაც ის არის, რომ ბაზელი დასახელებულია მსოფლიოს ათეულში (მე-10 პოზიცია) ცხოვრების ყველაზე მაღალი სტანდარტებით.

ბაზელი სრულიად შვეიცარიის ფარმაცევტულ-ქიმიური წარმოების ცენტრია - აქ ევროპის ორი უმსხვილესი ფარმაცევტული კორპორაციის "ნოვარტისის" და "როშეს" მთავარი ოფისები და წარმოებაა განლაგებული, რაც ქალაქის ეკონომიკური სიმძლავრის ორი მთავარი ღერძია.

ბაზელი მოგხიბლავთ შუა საუკუნოვანი ისტორიული ცენტრით, აქრიტექტურით და მდიდარი კულტურული ცხოვრებით - ქალაქი ცნობილია მსოფლიო კლასის მუზეუმებით და მდიდარი ტაძრებით.

საინტერესოა და მნიშვნელოვანი მაგალითია, რომ ბაზელის მდიდარი მაცხოვრებლები ხშირად სწირავენ სოლიდურ თანხებს ქალაქის სხვადასხვა საჭიროებებისათვის, რაც ბაზელური პატრიოტიზმის განსაკუთრებული გამოხატულებაა.

 ბაზელს შეუძლია იამაყოს სპორტული მიღწევებითაც - აქაური საფეხბურთო კლუბი "ბაზელი" შვეიცარული ფეხბურთის ლიდერია ბოლო წლებში და ევროპაშიც "კერკეტ კაკლად" არის ცნობილი. თუმცა, სრულიად ბაზელის მიწის მთავარი სიამაყე რაღა თქმა უნდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია, რომელიც ბაზელის კანტონის შვილია და მისის ჩამოსვლა ყოველ წელს ბაზელის საჩოგბურთო ტურნირზე - "სვის ინდორს" სრულიად კანტონისთვის განსაკუთრებული მოვლენაა.

ამ რამდენიმე დღის განმავლობაში (ტურნირის მსვლელობისას) ის არის ყველგან, მისი ფოტოებია ყველა კუთხესა და კუნჭულში, ყველა მოემართება ბაზელისკენ, რომ მისი თამაში ცოცხლად ნახოს - ფედერერი აქაურობის სიამაყეა.

მთლიანობაში ვთვლი, რომ ბაზელი არ არის სათანადოდ დაფასებული მისი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე და არ ირიცხება შვეიცარიის ტოპ-ტურისტულ მიმართულებებს შორის, მაგრამ ამ ქალაქს და მთლიანად კანტონსაც გაცილებით მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×