ელზა პაპოშვილი
11.11.2019

 მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ მისი მძიმე ბრალდებების გამო, რომელიც პატრიარქს წაუყენა ეკლესიიდან განდევნონ. ამიტომაც, მიტროპოლიტი „მთავარ არხთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ შესაძლაო ის პოლიტიკაშიც წავიდეს. „ჩემს მრევლს ვეუბნებოდი, რომ არასდროს თქვათ არასდროს. ასევე, ჩემს თავს ვეტყვი, რომ სადაც ხალხის სამსახურს დასჭირდება, იქ ვიქნები", - ამბობს მეუფე პეტრე ნიკა გვარამიას კითხვის საპასუხოდ, განკვეთის შემთხვევაში გააგრძელებს თუ არა პოლიტიკურ კარიერას.

4 ნოემბერს, მეუფე პეტრემ ბარგი შეკრა და ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია, სადაც 12 წელი გაატარა, დატოვა. ის თბილისისკენ გამოეშურა, თუმცა, რა გეგმით და მოტივით, ჯერჯერობით უცნობია. მეუფე ამბობს, რომ ის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიციაც უკვე ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, თუ ვის თამაშს თამაშობს მეუფე პეტრე. „ოცნება" ამბობს, რომ ის „ნაციონალების" მხადამჭერია და ეს არც არასდროს დაუმალავს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში მეუფემ არც ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და არც გიორგი გახარია. უფრო მეტიც, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მეუფე პეტრე ხელისუფლებას ეხმარებოდა.

ვისი კაცია მეუფე პეტრე?! - ეს კითხვა ახლა როგორც ეკლესიის მესვეურებს, საზოგადოებას, ასავე პოლიტიკოსებსაც აინტერესებს. თავად მეუფე ამბობს, რომ ის მარტოა და ღმერთის დახმარების იმედი აქვს. მაშინ, ვინ იქნება პოლიტიკაში წასული მეუფე პეტრე? - ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ფიქრობენ, რომ ყველას მიერ გარიყული მეუფე, ხელისუფლების არ გაკრიტიკებით მოკავშირეების გაჩენას ცდილობს. მისი ქმედება დიპლომატიურია და ცდილობს ყველას არ დაუპირისპირდეს, რათა ბრძოლაში მარტო არ დარჩეს.

"მეუფე პეტრეს ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური ამბიცია - იყრიდა კენჭს და არ გამოუვიდა, შეიძლება ეს კომპლექსიც არის", - ამის შესახებ მარტვილის და სალხინოს მონასტრების ყოფილმა და კოჯრის წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის მამათა მონასტრის ახლანდელმა წინამძღვარმა მამა ილიამ გადაცემაში "კვირის თემა" განაცხადა.

მამა ილიას თქმით, მეუფე პეტრე იყენებდა ისეთ ფრაზებს, როგორიც არის "პოლიტიკური შეცდომა", "პოლიტიკური ფიგურა":

"ჩემთვის უცნაური ფრაზები ჰქონდა - ჩემთვის უსაყვედურია "პოლიტიკური შეცდომა ხომ არ უნდა დამაშვებინო"-ო. რა შუაშია პოლიტიკური შეცდომის დაშვება. ჩემთვის უთქვამს "შენ პოლიტიკური ფიგურა ხარ". ეს მისი აზრით, კომპლიმენტი იყო.

როცა მას ვეხვეწებოდი, რომ მეუფე ჩვენი საქმე პოლიტიკა არაა, ხომ ხედავ რა მდგომარეობაა, გავეცალოთ ახლა სასულიერო პირები, "ნაციონალების მხარდაჭერა" არ შეიძლება, მან მიპასუხა - "შენ რას მეუბნები, რომ ამას თავი დავანებო და "ქართული ოცნების" დროშა დავიჭირო ხელში?" და მე გაოცებული დავრჩი - რატო უნდა გვეჭიროს დროშა და რატომ უნდა გვქონდეს საერთო ვიღაცის დროშასთან, გარდა ქრისტესი", - განაცხადა მამა ილიამ.

პროცესების ობიექტური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთმა აქტივობამ, მათ შორის ეკლესიის მიმართულებით შეტევამ, საზოგადოებაში რყევა არ გამოიწვიოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი ამბობს, რომ მეუფე პეტრე „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია.

„არაფერი, დემოკრატიული ქვეყანაა, უნდა მოვიდეს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ უღირსად მოიქცა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, რაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ის არის „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი. ეს თავად არასდროს არ დაუმალავს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

სალომე სამადაშვილისთვის კი გაუგებარია, რატომ ხედავენ მეუფე პეტრე ცაავას განცხადებებსა და "ნაციონალური" მოძრაობას" შორის კავშირს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებს, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი თავისი მოსაზრებებით, რომელიც მან რუსეთთან დაკავშირებით გააჟღერა, ბიძინა ივანიშვილის ხედვებთან ახლოს დგას.

"რუსეთთან დაკავშირებით მისი ხედვები, ვფიქრობ, რომ უფრო ახლოს არის ბიძინა ივანიშვილის ხედვებთან. მან ასევე საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა ივანიშვილზე, გახარიაზე და ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" გარკვეულ მიმართულებებთან, რაც ეხება სხვადასხვა პოლიტიკის საკითხებს" - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მეუფე პეტრეს რბილი განცხადებები, რომელიც მან ხელისუფლების მიმართ გააკეთა ორ მიზეზს შეიძლება ემსახურებოდეს. ერთი, რომ ის ახლა ყველასთან დაპირისპირებულია და აღარ სურს, რომ ხელისუფლებასთანაც სიტუაცია დაიმძიმოს.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ მისი ტაქტიკა საკმაოდ დიპლომატიურია, რომელიც მეუფე პეტრეს პოლიტიკაში წასვლის შემთხვევაში დასჭირდება. მეორეს მხრივ კი ძაბირაძე ფიქრობს, რომ მეუფე პეტრეს ნაკლებად მწვავე განცხადებები გახარიას და ივანიშვილის მისამართით იმ მოსაზრების გაფანტვის მცდელობა შეიძლება იყოს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის" მხადამჭერია.

„მას ალბათ იმედია აქვს, რომ პოლიტიკაში წარმატებას მიაღწევს და ამ განცხადებებით გარკვეულ წილად დიპლომატიურ ლავირებას ცდილობს. ის თუ პოლიტიკაში მოვიდა, მაშინ გამოდის, რომ ყველა ეს განცხადება გააკეთა, არა ეკლესიის საკეთილდღეოდ და მის გასანწმენდადა, როგორც ის ამბობს, არამედ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. შესაძლოა მას პოლიტიკაში წასვლაც სურდა და ეს იყო პოლიტიკური ქულების დასაწერად და არა რელიგიური სიწამინდეების დასაცავად.

"როგორც კი მან პატრიარქზე განცხადება გააკეთა, მაშინვე წამოვიდა ტალღა, რომ მის და ამ ყველაფრის უკან „ნაციონალები" იდგნენ. შესაძლოა სწორედ ამ ვერსიის გასაქარწყლებლად მეუფე პეტრემ ივანიშვილზე და გახარიაზე მკვეთრი განცხადებები არ გააკეთა. 20-21 ივნისის მიმართ მისი ნათქვამი, რომ გახარია" მსხვერპლი" იყო, გასაკვირი არ არის. მეორე ვერსიით, მეუფე შესაძლოა ცდილობდეს, რომ ხელისუფლებაც არ გადაიკიდოს. მას ახლა ყველა ემტერება, რა თქმა უნდა, მთავრობასთან დაპირისპირებაც არ აწყობს", - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან".

მისივე თქმით, პოლიტიკაში წასული მეუფეს წარმატება ნაკლებად საეჭვოა. ძაბირაძე აცხადებს, რომ არ არის გასაკვირი თუ საკმაოდ გავლენიან მეუფეს არჩევნებმადე გახარია და ივანიშვილი შეხვდნენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლებას სამეგრელოში ხმესბის აღება მუდმივად უჭირდა, ამიტომაც რა არის იმაში ცუდი, თუნდაც „ნაციონალების" მხადამჭერი მეუფე რაღაცის სანაცვლოდ გადაებირებინათ.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკა და გამარჯვებისთვის ყველა მეთოდი გამართლებულია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მეუფეს ქმედებები ხელისუფლებასთან შეთანხმებული მას შემდეგ ჩაითვლებოდა, თუ სინოდი მას მღვდელმთავრობას არ შეუჩერებდა და მეუფე განცხადებას ისე გააკეთებდა. მისი აზრით, ეს იყო მეუფე პეტრეს ინსტიქტური მოქმედება, რომელსაც ლოგიკური ხელისუფლებაც სათავისოდ გამოიყენებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×