სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    08.10.2019

     გდანსკი არის პოლონეთის თავისუფლების, კეთილდღეობის, განვითარების, და ტოლერანტობის სიმბოლო - ქალაქი, სადაც 80-იან წლებში დაიბადა საბჭოთა იმპერიის და კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია "სოლიდარობა", ლეგენდარული ლეხ ვალესას ხელმძღვანელობით, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ტოტალიტარული სიტემის ნგრევაში და თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობის გაშლაში.

    გდანსკი ბალტიის ზღვის აკვატორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი და პოლონეთის მთავარი სტრატეგიული გასასვლელია ზღვაზე.

    მეზობელ და ასევე საპორტო გდინიასა და საკურორტო სოპოტთან ერთად გდანსკი ქმნის ეგრედ წოდებულ "ტროიმიასტოს", ანუ სამეულს, რომელსაც დიდი როლი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ტურიზმი და საზღვაო შესაძლებლობები - ეს არის ის, სტრატეგიული მიმართულებები, რაც გამოარჩევს პომერანიას ვოივოდეშიფს (ტერიტორიული დაყოფის ერთეული პოლონეთში) და მის გულს - გდანსკს.

    ქალაქს მეტად მრავალფეროვანი და სრულიად განსაკუთრებული ისტორია აქვს - სხვადასხვა პერიოდში ის იყო პოლონეთის, პრუსიის, გერმანიის მმართველობაში და იყო პერიოდი, როდესაც ავტონომიური უფლებებით სარგებლობდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ქალაქის სტატუსით.

     ეს არის ადგილი, სადაც სინამდვილეში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი - 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანიის არმიამ სრულმასშტაბიანი და მოულოდნელი შეტევა განახორციელა გდანსკსის დასაკავებლად - სრული 7 დღე გმირულად იცავდნენ ქალაქს პოლონური დანაყოფები, რის შემდეგაც ვეღარ გაუძლეს მტრის ზეწილას და იძულებულნი გახდნენ გდანსკი დაეტოვებინათ.

    ზუსტად აქ დაიწყო ჯოჯოხეთი, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - ჯოჯოხეთი გამოდგა გდანსკისთვისაც, რომელიც ომის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი შეტაკებების ადგილი გახდა - შედეგად ულამაზესი ქალაქი სრულიად განადგურდა - "აღიგავა პირისაგან მიწისაო", ზუსტად გდანსკზეა ნათქვამი.

    ეს იყო სრულიად მკვდარი ქალაქი ხალხის გარეშე, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა და იმ პერიოდში წარმოუდგენელი იყო იმის გაფიქრებაც კი, რომ წლების შემდეგ აქ ახალი სიცოცხლე დაიბადებოდა.

    ომის შემდეგ დაიწყო აღდგენა - ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, თავგანწირული და რთული სამუშაოები ქალაქთმშენებლობების ისტორიაში. ცდილობდნენ თითოეული სახლი, თითოეული მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული შენობა, ეკლესიები, თუ ისტორიული ძეგლები ორიგინალთან მაქსიმალური მსგავსებით აღედგინათ და ეს გრანდიოზული, მრავალწლიანი სამუშაო სუპერწარმატებულად დაგვირგვინდა.

    დღევანდელი გდანსკი, ეს არის ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი და ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი აღმოსავლეთ ევროპაში. ხოლო, გდანსკის ისტორიულ ცენტრში არსებული დლუგას (გრძელი) ქუჩა აღიარებულია, როგორც ევროპის ულამაზესი ქუჩა.

    ქალაქის ისტორიული ცენტრი - ეს არის ჰოლანდიური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების ერთგვარი გამოფენა, კლასიკური ჰოლანდიური სტილით და ფერების მრავალფეროვნებით.

    გდანსკის "სტარე მიასტოში" (ძველი ქალაქი) სეირნობისას მეუფლებოდა შთაბეჭდილება, რომ ევროპაში არსებობს სამი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელთაც აქვთ რაღაც საერთო - გდანსკი-ამსტერდამი-კოპენჰაგენი - ამ სამეულს აქვს თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი გარკვეული მსგავსი კომპონენტები.

    გდანსკში ამსტერდამისათვის დამახასიატებელი არქიტექტურის კომპონენტებს შეხვდებით, ხოლო ქალაქის გულში შემოჭრილი მდინარე მოტლავა ციცქნა პორტით და მის ნაპირზე განლაგებული ფერადი სახლებით კოპენჰაგენს და მის ნიჰავნის პორტს მაგონებდა.

     ტოლერანტობა - ქალაქის კიდევ ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანი თვისებაა - გდანსკში ცხოვრობს, სწავლობს, მუშაობს... მრავალი ნაციონალობის ადამიანი, რომლებიც აქ თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ, აქვთ საშუალება, რომ თავისი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის რეალიზება მოახდინონ განურჩევლად მათი წარმოშობისა.

    გდანსკის ისტორიულ ცენტრში ამაყად გამოფენილი ქართული დროშაც ამის დასტურია, რომლის ქვეშაც ასე ნაცნობი და მშობლიური წარწერა "ხინკალნაია" პოლონელების მხრიდან ქართველების მიმართ არსებული განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულების და მეგობრობის სიმბოლოა.

    პოლონელების და კონკრეტულად გდანსკის მაცხოვრებლების საქართველოს მიმართ დიდი ინტერესის და სითბოს კიდევ ერთი დასტური კი ის მუდამ გადავსებული პირდაპირი ავიარეისებია, რომელიც გდანსკსა და ქუთაისს შორის სრულდება და რომლის საშუალებითაც ქართველ ტურისტებსაც შეუძლიათ მოინახულონ ეს ულამაზესი ქალაქი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×