სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად გამწესების შემთხვევაში, სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად პლუტოკრატიულ ტირანიას მივიღებთ
    რეზონანსი
    29.09.2019

     პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ხმაურიანი პროცესი ორი წლის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსის მშვიდ ვითარებაში ჩატარების ლოგიკური შედეგია... იუს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ სწორედ იმიტომ ჩნდება ამდენი კითხვა, რომ იუს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებისთვის არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და არც პარლამენტის სხდომაზე ერთი კითხვაც არავის დაუსვამს.... 

    ფაქტია, რომ პარლამენტის ვიცესპიკერმა დეპუტატებს იუს–დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა შესთავაზა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მათი არჩევისას დაშვებული შეცდომები. იუს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ არამოსამართლე წევრები ფარული გარიგების საფუძველზე მოხვდნენ პარლამენტში, როდესაც საჯაროდ განაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდესო... ახლახან კი, ევროპის საბჭოს მიერ მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშში გამოითქვა შეშფოთება იუს-ში ჩატარებული შერჩევის პროცედურის და პარლამენტში წარდგენილი სიის გამო.

    მიუხედავად ამისა, არც სახალხო დამცველს, არც ადგილობრივ არასამთავრობო და არც ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ იმ ფაქტზე, რომ იუს–მა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ისე შეარჩია, თავად საბჭოს არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერებაა სადავო... ვინაიდან 2017 წელს იუს არამოსამართლე წევრთა ასარჩევი კონკურსები არსებითი დარღვევებით ჩატარდა (პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურები, ფაქტობრივად, წინასწარ შეთანხმდნენ კვოტებისა და ასარჩევი კანდიდატურების თაობაზე), მათი გაუქმების მოთხოვნით, პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელებია შეტანილი. დავა დღემდე არ დასრულებულა...

    არადა, ყველაზე დიდი საფრთხე ქართულ სახელმწიფობრიობას იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება კვლავ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ მართული დარჩება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვისაც შენიშნა და გადაწყვეტილებაშიც ვერ დამალა გაოგნება თუ გაოცება დეპუტატებისა და მოსამართლეების „კოორდინირებული მოქმედების“ გამო... შესაბამისად, გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ყოფნით მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად იუს წევრთა მხოლოდ 2/3–ის მხარდაჭერა, ხოლო „უზენაეს“ თანამდებობაზე გასამწესებლად პარლამენტის „უბრალო უმრავლესობა“... 

    შედეგად, მართალია ყოფილი პრეზიდენტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის „წარმომადგენლების“ აქტიურობამ იუს სხდომები პარლამენტისას დაამსგავსა და მოსამართლე წევრებსაც შეუქმნა გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ შესაბამის ორგანულ კანონში ჩადებული არაგონივრული მექანიზმი საშუალებას აძლევს მოსამართლეთა კორპორაციას (ოჯახს, „კლანს“) მათი ინტერესების დამცველი არამოსამართლე წევრების (ქადაგიძე, ხარებავა, გზირიშვილი) დახმარებითაც მიიღონ სასურველი გადაწყვეტილებები...

    ფაქტია ისიც, რომ იუს წევრებმა გასაუბრების შედეგად ყველაზე დაბალი ქულები, ფაქტობრივად, ყველაზე კვალიფიციურ და პრინციპულ კანდიდატებს (მაგ., თამარ ლალიაშვილს და როინ მიგრიაულს) დაუწერეს, ხოლო უმაღლესი ქულებით რეპუტაციაშელახული მოსამართლეები შეაფასეს (იურიდიულ ფაკულტეტზე მისაღებ გამოცდებზეც ნიჭიერ, მაგრამ „უპატრონო“ აბიტურიენტებს 4 ქულას უწერდნენ, ხოლო კომისიის წევრების მიერ მომზადებულები „ფრიადებით“ იმარჯვებდნენ კონკურსებში...). შედეგად, იუს მიერ შერჩეული კანდიდატების აბსოლუტურ უმრავლესობას, ასაკის მიხედვით, ევროპულ ქვეყანაში მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში თუ ექნებოდა დასაქმების შანსი... არადა, ე. წ. ვენეციის კომისიამაც გვირჩია, უზენაეს სასამართლოში „რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი იურისტები გავამწესოთ“. 

    იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ შესარჩევი პროცედურისა და „გამომცდელებისადმი“ უნდობლობის გამო, ავტორიტეტული იურისტების ნაწილმა კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო (მაგ,, ლია მუხაშავრიამ, ნათია წკეპლაძემ, გოჩა სვანიძემ, გელა ნიკოლაიშვილმა…), ხოლო იუს–მა პარლამენტში, მხოლოდ მიკერძოებული მოსამართლეები და პროკურორები წარადგინა (მათ შორის ისეთებიც, ერთგვერდიანი ავტობიოგრაფიებიც რომ ვერ შეავსეს გამართულად, თუმცა, წლების განმავლობაში სრულიად დაუსაბუთებელი და პოლიტიკური („რევოლუციური“) გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული... ), თუ პარლამენტიც ვერ გამოიჩენს პრინციპულობას საქართველო ევროინტეგრაციის პერსპექტივასაც დაკარგავს... 

    თუ საზოგადოება არ გააქტიურდა, რეალური საფრთხეა, იუს მიერ მანკიერი პროცედურით შერჩეული კანდიდატები პარლამენტმა ისევე გაამწესოს „უზენაესში“, როგორც არამოსამართლე წევრები იუს–ში, რის შედეგად სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, პლუტოკრატიული ტირანია (ძალადობაზე, თვითნებობაზე და ტყუილებზე დაფუძნებული რეჯიმი) შეგვრჩება ხელში. ამდენად, საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებმა სრულად უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და არ დაუჭირონ მხარი საეჭვო რეპუტაციის კანდიდატების უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებას, რითაც საქართველოს ევროპულ კავშირში ინტეგრაციის შანსს შეუნარჩუნებენ.

    ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×