სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.08.2019

     გასულ კვირას  იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დასრულდა  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტებთან   შეხვედრები.  ერთ–ერთი ბოლო გასაუბრებაზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი (ხუბუა–ლომაის „რეფორმის“   შემდგომი...)  თაობის  წარმომადგენელი,   იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, დეკანის მოადგილე მორის შალიკაშვილი წარსდა.   ვინაიდან მის შესახებაც მქონდა გარკვეული ინფორმაცია, გასაუბრების დაწყებამდე, იუს წევრებსაც წარვუდგინე და თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებისთვისაც გამეცნო. 

    ბატონი მორისის პიროვნულ თვისებებს  (განსაკუთრებით  ე. წ. ზოგად და კომუნიკაციის  უნარებს) მკაფიოდ წარმოაჩენს   მის მიერ, 2016 წლის 11 მარტს,   საინფორმაციო სააგენტო „კვირის“ პრესკლუბში ჩატარებული პრესკონფერენცია  (განთავსებულია ინტერნეტში). როგორც ჩანს,  დეკანის დავალებით,    ცდილობდა,  გაემართლებინა  იურიდიული ფაკულტეტიდან, თსუ–ის კანცლერის თანამდებობაზე,   ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენლის შერჩევა, რასაც    საპროტესტო აქციები  მოჰყვა (იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს  მიერ რეკომენდირებული  კანდიდატი სტუდენტებმა  ძალადობაში დაადანაშაულეს და რექტორის გადადგომა  მოთხოვეს...). 

    ფაქტია ისიც, რომ  შალიკაშვილი  მუდმივად ცდილობდა  გაემართლებინა  უშუალო ხელმძღვანელის   არა მარტო არაეთიკური, არამედ მართლსაწინააღმდეგო    ქმედებები.  კერძოდ,  2014 წლის  დასაწყისში    დეკანმა  ირაკლი ბურდულმა  პრეზიდენტს „ფაკულტეტის საბჭოს სახელით“  წარუდგინა   მცდარი მონაცემების  შემცველი  რეკომენდაცია.   მას შემდეგ, რაც დეკანს განმარტება მოვთხოვე,   მის ნაცვლად   „აკადემიური“  პასუხი მოადგილისგან  მივიღე. ბატონმა მორისმა  „მიზანშეუწონლად ჩათვალა  დეკანის მიერ გაცემული რეკომენდაციის ცალკეული ჩანაწერისა და ფრაგმენტის ახსნა-განმარტება და კომენტირება, რეკომენდაციის  იურიდიულად არასავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე...“ (წერილი          #6480/31-05, 08.08.2014).  შედეგად, დეკანის უკანონო   ქმედება  (დოკუმენტის გაყალბება...)  რეაგირების გარეშე დარჩა... 

    როდესაც  ფაკულტეტს  პარლამენტის რეგლამენტის ერთ–ერთი სადავო ფორმულირების  არსის დაზუსტებაში დახმარება ვთხოვე,   მისგანვე  გავიგე, რომ „იურიდიული ფაკულტეტი არ არის უფლებამოსილი გააკეთოს ნორმის განმარტება“...  (წერილი N 9137/31-05, 08.12.2014).    გასაგებია, რომ    საზღვარგარეთ  განსწავლულ იურისტს   ქართულად გამართულად  წერა, შეიძლება, დავიწყებოდა, მაგრამ    ის ხომ მაინც  უნდა იცოდეს, რომ  სამართლის    ნორმებს,  არაოფიციალურად,    მეცნიერებიც  განმარტავენ (მითუმეტეს, ევროპაში...),  რითაც პარლამენტს  კანონმდებლობის სრულყოფაში ეხმარებიან. 

    ბატონმა მორისმა საკუთარ უფლებამოსილებასაც აშკარად გადაამეტა, როდესაც,    ფაქტობრივად, თვითნებურად  „დაბლოკა“   „სამხრეთ კავკასიის იურიდიული   ჟურნალის“  მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სტატია  „განაჩენის ხელმისწვდომობის პრობლემა საქართველოში“ და  პირადად მაცნობა, რომ  „სტატიის გამოქვეყნება ვერ ხერხდებოდა...“ (წერილი N 124/31–01, 14.01.2015).   არადა,  აღნიშნული    საერთაშორისო გამოცემის სარედაქციო კოლეგიის  თავმჯდომარე  გერმანელი მეცნიერია,  ხოლო  კოლეგიის წევრი   პროფესორი ბურდულია  და  არა შალიკაშვილი...

    ვენეციის კომისიამ გვირჩია, უზენაეს სასამართლოში „რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი იურისტები“  გავამწესოთ, ხოლო   ევროპაში განსწავლულმა ილია  მართალმა გაცილებით ადრე  დაგვარიგა, რომ მოსამართლეობისთვის „ისე კანონების ცოდნა არ არის საჭირო, როგორც ცოდნა ხალხის აზროვნებისა, ხალხის ზნისა, ჩვეულებისა და, ამასთანავე, საჭიროა საკუთრივ კაცსა ჰქონდეს გამჭრიახი გონიერება, პატიოსანი ხასიათი და უჩირქო ყოფა-ცხოვრება“. ამდენად, მიმაჩნია, რომ, მიუხედავად გამოქვეყნებული ნაშრომებისა და გავლილი ტრენინგების სიმრავლისა, სამართლის დოქტორი მორის შალიკაშვილი სრულიად შეუსაბამოა  მოსამართლის თანამდებობისთვის.  მას,  არა  თუ  ცოდნის  ტაძარში,  არამედ  სკოლაშიც არ შევუშვებდი მასწავლებლად, რომ   ბავშვებზე არ მოახდინოს „მავნე ზეგავლენა“. თუმცა, პარლამენტში    წარსადგენ კანდიდატებს  თვის ბოლოს საბჭო შეარჩევს...

    ავთანდილ კახნიაშვილი

    სამართლის დოქტორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×