სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    Resonance
    12.08.2019

     გასული საუკუნის სამოცინი წლების ბოლოს მთელი ქვეყანა შესძრა, ჯერ თავისი სისასტიკით შემზარავმა დანაშაულმა, მერე კი, დამნაშავეთა არანაკლები სისასტიკით დასჯამ.

    დამნაშავეები ხალხმა გაასამართლა. ხალხმა მიუსაჯა. ხალხმა აღასრულა განაჩენი.

    რატომ ხალხმა?...

    იმიტომ, რომ ხალხს სახელმწიფოს იმედი არ ჰქონდა. იმიტომ, რომ, არ იყო გამორიცხული, დამნაშავეებისთვის საკადრისი არ მიეზღოთ. ანგარებისა გამო, ან, სახელმწიფოს მიერ გაცხადებული „ჰუმანური საბჭოთა სასამართლოს" გამო. მისი ჰუმანურობა ფულის საკეთებლად დატოვებული „ლუფტი" იყო...

    სამმა ორფეხა ცხოველმა ტყეში დედა-შვილი გააუპატიურა და მოკლა. დანაშაული წარმოუდგენლად ამაზრზენი იყო იმით, რომ შვილი ფეხმძიმედ ყოფილა. შეუძლებელი იყო, მოძალადეებს ვერ შეემჩნიათ.

    დამნაშავეები იმ დღესვე დაიჭირეს. სოფელი მივიდა მილიციის განყოფილებაში. შეამტვრია წინასწარი დაკავების იზოლატორის კარები. სამივე დამნაშავე გამოათრია და სოფლის ცენტრში ფეხებით დაჰკიდა. სოფლის მაცხოვრებლები სათითაოდ მიდიოდნენ მკვლელებთან, დანით ჭრილობას აყენებდნენ და ჭრილობაზე მარილს აყრიდნენო.

    ხალხის შურისძიება იყო ეს. შურისძიებაზე ამბობენ, ტკბილიაო. არის, ალბათ. ოღონდ ძალიან მოკლეა მისი სიტკბო. მანამ გრძელდება, სანამ არ იგრძნობ, სანამ არ გაისიგრძეგანებ, რომ შენ იმ დამნაშავეზე ნაკლები არა ხარ. სულო ცოდვილო და, უარესიც კი გამოდიხარ.

    ღმერთმა დამიფაროს დამნაშავეთა რამენაირად გამართლებისგან. ახლაც, ამდენი ხნის შემდეგაც ვთვლი, რომ სიკვდილს იმსახურებდნენ. რამეთუ მათ სხვას წაართვეს სიცოცხლე. სამი სიცოცხლე მოსპეს. ერთი ჯერ კიდევ დასაბადებელი. ჯერ კიდევ ამ ქვეყნად მოსავლენი. სიკვდილს იმსახურებდნენ არა ჩემი ან იმ ხალხის ხელით, არამედ სახელმწიფოს ხელით!

    ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში, დასავლეთ საქართველოში არასრულწლოვანმა მისი თანატოლი მოკლა. ანზორ გოგსაძის ბიჭის მკვლელობა ახლაც ბევრს ემახსოვრება ბაღდათში. დათო სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მამების ტოლ ბიჭს შვილი მოუკლეს - დათოს და ლევანის კბილა შვილი. დანით მოკლა თბილისელმა სტუმარმა, ვინმე კ.-მ. იმავე დღეს დაიჭირეს მკვლელიც და მკვლელობის თანამონაწილენიც.

    ხალხს არ ჰქონდა სახელმწიფოს იმედი. უიმედობის და მკვლელებისთვის ხელისდაფარების მოლოდინის გამო (მკვლელის მასპინძელი ღონიერი ოჯახი იყო. მკვლელის მამა მსაჯი. უფულობას არ უჩიოდნენ. მოკლული კი, ერთი პატიოსანი, ღარიბი ოჯახის შვილი), ხალხმა გადაწყვიტა, თვითონ გაესამართლებინა დამნაშავენი. მეც ჩემ ხალხთან, მეზობლებთან, მოკეთეებთან ვიყავი.

    მკვლელი და მკვლელობაში მონაწილეები ბაღდათის მილიციის განყოფილების წინასწარი დაკავების იზოლატორებში ისხდნენ. არ გაგვჭირვებია მილიციელთა წინააღმდეგობის გადალახვა. მილიციელები ხომ ჩვენივე სისხლი და ხორცი იყო. სროლას ვერ და არ გაბედავდნენ. რაოდენობრივად, ცხადია, ხალხს გვქონდა დიდი უპირატესობა. ადვილად გადავლახეთ ყველა წინააღმდეგობა წინასწარი დაკავების იზოლატორის საკნებამდე.

    სამ საკანში იყვნენ, როგორც მახსოვს, განაწილებული მოკლულის კბილა პატიმრები. ძალიან ბევრი წელია გასული და ვფიქრობ, ამ, აღიარებასავით მონათხრობს და ჩემს მაშინდელ საქციელს, ფაქტიურად ღალატს, მაპატიებენ ჩემი ბაღდათელები, მეზობლები, მოკეთეები და ანზორ გოგსაძის ოჯახი, რომლის ბიჭი ორფეხა ცხოველმა იმსხვერპლა... იმსხვერპლა ისეთივე აბსურდული მიზეზის გამო, როგორც დათო და ლევანი იმსხვერპლეს სხვა ორფეხა ცხოველებმა.

    მილიციის შენობაში შესულმა ადამიანებმა საკნების კარების შემტვრევა სცადეს. იმ საკანში, რომლის კარსაც სხვებთან ერთად, თქვენი მონა-მორჩილიც ამტვრევდა, ორი უწვერული ყმაწვილი იყო კარიდან რაც შეიძლება შორს, მოპირდაპირე კედელს მიყინულები - ერთმანეთს აკრულები. საკნის სარკმლიდან ვხედავდი ორ ყმაწვილს, მიტკლისფერი სახით, ერთიანად აკანკალებულებს. „მე არ მომიკლავს!" - ხაოდნენ და თვალებში შეჰყურებდნენ სიკვდილს, რომელიც კარის ყოველი შეძაგძაგებაზე უახლოვდებოდათ.

    ახლა ვერ გეტყვით, თავიდანვე მქონდა ქვეშეცნეულად გადაწყვეტილი თუ, მერე, სიკვდილის შიშით აკანკალებული ბიჭების დანახვამ მიბიძგა მაშინდელი საქციელისკენ - თვითონაც არ ვიცი - ფაქტიურად ხელს ვუშლიდი ჩემს ხალხს კარის შემტვრევაში. კარი რომ შეემტვრიათ, ნამდვილად ჩავდგებოდი კარში და ცოცხალი თავით არ გავატარებდი ორი ცხოველის ჩასაქოლად.

    უნდა შევნიშნო - გთხოვთ, სწორად გამიგოთ - არ მინდა ვინმემ საკუთარი თავის დადებითად წარმოჩენის მცდელობად აღიქვას. სრულიადაც არა! ემახსოვრებათ ჩემს მეზობელ-ახლობლებს. გიმზერ ხაჭაპურიძეს უნდა ახსოვდეს - „შენ ბიჭო გვეხმარები თუ ხელს გვიშლი?!"-ო, რომ მიბღავლა.

    იმ მომენტში არც მიფიქრია, არასრულწლოვან დამნაშავეებს თუ ჩავქოლავდით, მკვლელზე უარესები რომ გავხდებოდით...

    ერთიც უნდა ითქვას - მკვლელი რომელი იყო, არ ვიცოდით. არც ის ვიცოდით, რომელ საკანში იყო. ყველა ჩავქოლოთო, მკვლელიც და მკვლელობაში მონაწილეებიც...

    დაგვიფარა ღმერთმა, ვერ შევამტვრიეთ კარი...

    ვერცერთი კარი ვერ შევამტვრიეთ.

    სხვა კარებთანაც იყვნენ, ალბათ, ისეთები, კარის შემტვრევაში ხელს რომ უშლიდნენ. ამას ახლა შვებით ვამბობ. უნდა მაპატიოთ დებო და ძმებო!

    ამასობაში ქუთაისიდან გამოძახებულმა მილიციელების დამატებითმა ძალამ მოაღწია და რბილი ძალით, - არაფერი დაგვშავებია, - მილიციის შენობიდან გამოგვარიდა. უბრალოდ, გვაწვებოდნენ.

    ნათლად მახსოვს, სახეში არ თუ ვერ გვიყურებდნენ. ზემოთ იცქირებოდნენ ან თავჩაქინდრულები გვაწვებოდნენ. იცოდნენ მილიციელებმა, მაშინაც ურმით დადიოდა სამართალი. ხშირად, არც დადიოდა - სადღაც მიუწვდომელ ადგილას იყო დამალული. ქრთამი ჯოჯოხეთს და მაშინდელ საქართველოს ერთნაირად ანათებდა. იცოდნენ და გულში ერთს ფიქრობდნენ, გონება კი მოვალეობას აიძულებდათ.

    ხალხის მოთმინების ფიალა ნელა და დიდხანს ივსება, როცა საქმე ეხება მის აბუჩად ადგებას - ხალხად, ადამიანების ერთობად, საზოგადოებად არ ჩათვლას...

    იგივე ხალხის მოთმინების ფიალა მყისიერად ივსება, როცა მიუტევებელ საქციელს ხედავს - ახალგაზრდა ბიჭების შემზარავი სისასტიკით მკვლელობას; ორ ბიჭზე ტურებივით მისეული დანებით შეიარაღებული ორფეხების მიერ ჩადენილ დანაშაულს.

    ხალხს პროტესტი - გამეტებული, ყველაფრის წამლეკი პროტესტი არ გამოუთქვამს.

    რატომ?

    ალბათ, იმიტომ, რომ ხალხის პროტესტი ცალკეულმა ჯგუფებმა ბინძური პოლიტიკური (დიახ, გავიმეორებ - ბინძური პოლიტიკური) მიზნებისთვის გამოიყენეს.

    დათოს და ლევანის მკვლელობის გამოყენება, პოლიტიკური თუ კარიერული მიზნისთვის ისეთი სიბინძურეა, ყველაფერს წმინდას რომ შეურაცხყოფს.

    ახალგაზრდა ბიჭების მკვლელები სახელმწიფოს უნდა დაესაჯა. უნდა დაესაჯა სათანადოდ. ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელით. როცა სახელმწიფო ასე არ იქცევა, როცა სახელმწიფოში მოიძებნებიან მართლწესრიგის ისეთი დამცვლები, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც ვნახეთ; როცა სახელმწიფოში მოიძებნებიან ადამიანები, ვინც თავიანთი „წარსული დამსახურებების" გამო შვილიშვილებისთვის ინდულგენციებს ითხოვენ; და, რაც ყველაზე ძნელი ასატანია - როცა სახელმწიფოში მოიძებნებიან პროკურორები, რომლებიც ყველაფერ ამაზე თვალებს ხუჭავენ, ხალხის მოთმინების ფიალა წარმოუდგენლად სწრაფად ივსება და ხდება ის, რითაც ეს წერილი დავიწყე.

    მე ქედს ვიხრი ორი შვილმოკლული მამის წინაშე. თქვენს ადგილას ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა, აღმოჩენილიყო. ყველა ვერ შეძლებდა შეენარჩუნებინა ადამიანის სახე... თუმცა, სახელმწიფომ ყოველნაირად გიბიძგათ თვითონ დაგედგინათ და აგესრულებინათ სამართალი. სახელმწიფომ, ანუ ჩვენ - ჩვენ! ყველამ ერთად!...

    არც მეორე მხარის, მკვლელებისა და მათი თანამონაწილეების მშობლების ადგილას დგომას ვუსურვებ ვინმეს!... ნორმალური ადამიანისთვის უსაშველოდ ძნელია, ერთ დროს ბედნიერ ოჯახს აუტანლად საშინელი უბედურება რომ დაატყდება თავს... როცა არც კი იცი, რომელი უფრო ადვილი ასატანია - მკვლელის მამობა თუ, გირჩევნია, საკუთარი შვილის საფლავის მიწას ჭამდე სერიკო გოგსაძის, დათო სარალიძის, ლევან დადუნაშვილის და სხვათა მამების მსგავსად.

    არავის, მტერსაც კი არ ვუსურვებ ერთის ან მეორის ადგილს!

    იმიტომაც არ ვუსურვებ, რომ ძნელია, ღირსება და ადამიანობა შეინარჩუნო სერიკოს, დათოს და ლევანის მამებივით. ამიტომ ვიხრი თქვენს წინაშე ქედს, ძმებო!... მეც ისევე მტკივა თქვენი შვილები, როგორც ყველა ნორმალურად და ადამიანურად მოაზროვნე ადამიანს. ღმერთს მადლობა, ასეთები უმრავლესობაა, ჯერ კიდევ, ჩვენს ქვეყანაში.

    მკვლელების ახლობლებს არ ვიცი, როგორ მივმართო...

    მამებს ვეტყვი, მხოლოდ - მაცილოს ღმერთმა თქვენს ბედში ყოფნა!...

    და, თუ ასარჩევია, მოკლული შვილის მამობას ვარჩევ, ვიდრე ცოცხალი ადამიანი მგლად და ტურად ვიქცე - ყველა საშუალება ვიხმარო ჩემი მკვლელი შვილის სამართლიანი სასჯელისგან დასახსნელად - საერთოდ დასახსნელად.

    და ბოლოს, იმ ბიჭებს მინდა მივმართო, ვინც მკვლელობას შეესწრო და ამა თუ იმ სახით, მონაწილეობაც მიიღო მკვლელობაში.

    ბიჭებო, შვილებო, უნდა იცოდეთ რომ მე თქვენი თაობის გამოუსწორებელი გულშემატკივარი ვარ - უსასრულოდ შეყვარებული მომავალ თაობაზე. მათი იმედი მაქვს - ისინი ააშენებენ იმ ქვეყანას, რომელიც ჩემმა დაწყევლილმა, სულწაწყმედილმა, ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელმა თაობამ არათუ ვერ ააშენა, ის ძველიც კი ვერ შეინარჩუნა...

    თქვენ ხომ იცით სრული სიმართლე?!...

    თქვენ ხომ იცით, ვინ მოკლა თქვენი ამხანაგები?...

    რატომ აქციეთ ზურგი სიმართლეს და მოკლულებს?!...

    გეშინიათ და იმიტომ!...

    სხვა ახსნას ვერ ვუძებნი თქვენს „ომერტა"-ს.

    გეშინიათ!...

    თქვენი ლაჩრობა უფრო მტკივა!

    შეშინებული, ლაჩარი თაობა ვერაფერს ააშენებს ღირებულს!

    მადლობა უფალს, თქვენს თაობაში ლევანისნაირი ბიჭები და გოგონები სჭარბობენ! ლევან დადუნაშვილისნაირები!... ლევანს გზა რომ გაეგრძელებინა დღეს ცოცხალი იქნებოდა! ლევანს, მეგობარზე მისეული ბიჭების დანახვისას მეგობრის დახმარების ინსტიქტმა და რეფლექსმა მეგობრის გადასარჩენად უბიძგა.

    დიახ, ინსტიქტმა და რეფლექსმა!...

    და არა საღ გონებაზე ნაფიქრმა. ქართველ კაცს კრიტიკულ მომენტებში რეფლექსები და ინსტინქტები მართავენ. ასეთებმა მოიყვანეს დღემდე ჩვენი სამშობლო!

    თქვენ?!... არავის არ მოგსვლიათ აზრად დაფიქრებულიყავით ლევანის საქციელზე?!...

    ალბათ, არა!

    ვინ გასწავლიდათ?!...

    ჩვენ ვერ ვივარგეთ როგორც მამებმა და მასწავლებლებმა!... დათოს, ლევანის და სერიკოს მამებისნირი ყველა ვერ იქნება... სწორედ ამიტომ, თქვენ არ ხართ ლევანისნაირები...

    თქვენი სიჩუმე თუ „ომერტა" ძალიან ცუდი რამის მანიშნებელია - თქვენ გაიმეტეთ ბიჭები!

    და, როგორი ბიჭები გაიმეტეთ - ერთი გულმინდობილად, ყოველგვარი შიშის გარეშე გაჰყვა მასთან „საქმის გასარჩევად" მოსულ ბიჭებს. ეჭვიც არ შეჰპარვია, დანებით დამესევიანო უიარაღოს. მეორემ კი, მეგობარი რომ განსაცდელში დაინახა, დაუფიქრებლად გადაეფარა. აზრადაც არ მოსვლია, შეიძლება, მომკლანო... ეს ბიჭები იმ ჩვიდმეტი შინდისელის მოდგმისა გახლავთ, მტერი რომ განაცვიფრა - ბატალიონი გვეგონა, გვებრძოდა, მხოლოდ ჩვიდმეტნი კი ყოფილანო... დიახ, ჩვიდმეტი შინდისელის მოდგმისანი - 2008 წლის აგვისტოს 11-ს, წაგებულ ომში, წასაგებად განწირულ ბრძოლაში ჩრდილოეთიდან მოზღვავებულ მრავალრიცხოვან, ყვითელთვალებიან ტურებს რომ აჩვენეს - საქართველო არ გადაშენდება, რადგან ყოველთვის ეყოლება სამასი არაგველი, ცხრა ძმანი ხერხეულიძენი, ჩვიდმეტი შინდისელი და მათნაირები...

    თქვენ კი, ბიჭებო, ამათი მკვლელების და მათი მამების თუ ბაბუების შეგეშინდათ!... მტკივა, ამას რომ გეუბნებით... ძალიან მტკივა.... მაგრამ, სათქმელი უნდა ითქვას!

    სიმართლე უნდა ითქვას - თუნდაც ის ისეთი მწარე იყოს, საკუთარი ძმა ან მეგობარი დაგაკარგინოს!

    მეგობრის და ძმის დაკარგვა სჯობია ადამიანობის, ადამიანის სახის დაკარგვას!...

    მე ქედს ვიხრი ყველა მამის წინაშე, ლევანის, დათოს, სერიკოს და სხვა, საუბედუროდ ასე მომრავლებული, შვილმოკლული მამების წინაშე!...

    სამართალი ძალიან ნელა, უსაშველოდ და მტკივნეულად ნელა დადის!...

    მაგრამ, დადის!...

    ღმერთმა გაძლება მოგცეთ, ძმებო!...

    თქვენ კი, მომავალი საქართველოს მშენებლებს უნდა გითხრათ, გიყვიროთ, გიბღავლოთ - დამიბრუნეთ სახელმწიფო!

    დამიბრუნეთ ქვეყანა, რომელშიც შვილს არ მომიკლავენ!...

    დამიბრუნეთ ქვეყანა, რომელიც მკვლელებს ხელს არ დააფარებს!...

    დამიბრუნეთ ქვეყანა, რომელიც ჩემი, შენი, ჩვენი, ყველასი იქნება!

     

    სოლომონ ნერგაძე (აგვისტოს 11, 2019)

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გუგა   (13.08.2019)
    .... დაწყნარდი, სოსო! მოვა სამართალი ურმით მალე მოვა, მძიმეა სამართალი, მაგიტომაც ნელა მოდის,, მაგრამ მოვა!!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×