სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბექა ნაცვლიშვილი
    20.07.2019

     როდესაც პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი მორიგმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, გაჩნდა კითხვა: შეიცვლებოდა თუ არა რაიმე პროტესტის შემდეგ? მართალია, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, რამაც ახალი სახეებისა და მესამე ძალის გამოჩენის მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საქართველოში პოლიტიკის ცვლილებისთვის.

    თითქოს კვლავ იგივე მეორდება: ძველის სრული დელეგიტიმაცია და ლტოლვა რაღაც ახლისკენ. ახალი სახეები პოლიტიკაში ბევრი გვინახავს, მაგრამ მათ არც უკეთესი პოლიტიკა შემოუთავაზებიათ და არც უკეთესი იდეები. პროდასავლურებად და პრორუსულებად გაუაზრებელი, მექანიკური დაყოფისა და რუსეთის აგენტობაში შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული ურთიერთბრალდებების მიუხედავად, განსხვავება უმეტეს პარტიების შორის კოსმეტიკურია. თითქმის ყველა მათგანი, ქვეყნის რესურსების კონტროლისთვის ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ელიტების ინტერესებს გამოხატავს, ან რომელიმე ლიდერის ირგვლივ არის ჩამოყალიბებული, მისი ეგოს სადიდებლად.

    1989 წლის 9 აპრილის, შემდგომში 7 ნოემბრისა, თუ 26 მაისის მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, ის შეცდომა, რომელსაც საზოგადოება არც ერთ მთავრობას არ პატიობს, სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაა. ამიტომ დღეს ოპოზიციური ძალების მიერ სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პროვოცირება მთავარ ტაქტიკურ იარაღად იქცა. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოპოზიციურ ძალას არჩევნების გზით, განსხვავებული იდეების განხორციელების მიზნით შეეცვალოს წინამორბედი მთავრობა. 2012 წლის პირველი ოქტომბერიც ერთგვარი რევოლუცია იყო საარჩევნო ყუთებთან.

    ნაციონალური მოძრაობის ორივე განაყოფის პოლიტიკური ხედვები დიდად არ განსხვავდება ქართული ოცნების პოლტიკისგან, განსაკუთრებით სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით. უბრალოდ, ქართულ ოცნებას მოუწია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და სხვადასხვა რეგულაციების ამოქმედების გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო უფრო პასუხისმგებლიანი გახდა. მაგრამ ესეც ხდება მექანიკურად, სისტემური გააზრების გარეშე. დღეს, მათ (ნაციონალური მოძრაობის განაყოფებსა და ოცნებას) შორის მთავარ განსხვავებას წარმოადგენს ის, რომ პირველნი უფრო მეტი გაწაფულობით იჩემებენ პროდასავლურობას, ვიდრე მეორენი. სინამდვილეში, ორივენი წარმოადგენენ ელიტურ ჯგუფს, რომელიც იბრძვის სახელმწიფო აპარატზე კონტროლის მოსაპოვებლად.

    მაგრამ, ამ ქვეყანაში ცხოვრობს სხვა ხალხიც - უმრავლესობა, რომელიც დუმს. რომელსაც, არსებული ვითარების გამო დღითიდღე უფრო მეტი ნიჰილიზმი ეუფლება. ეს ხალხი არც ტელევიზორში ჩანს და არც მათ ინტერესებს ჰყავს გამოხატველი, დღეს არსებულ მმართველ ჯგუფებში. მათი ოჯახები დანგრეულია სიღარიბითა და ემიგრაციით, ყოველდღიური ყოფა მძიმეა, მომავალი კი - ბნელით მოცული. ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, არის ემიგრაცია ან სასწაულის მოლოდინი.

    ამ დროს მავანნი გვიკიჟინებენ, რომ საქართველოში უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ გეი-მარში, ჩვენი დასავლელი მენტორებისთვის "დემოკრატიის" გზაზე ურყევი კურსის დასამტკიცებლად. ან პირიქით, უარვყოთ ის, ქართული კულტურისადმი ერთგულების გამოსახატად. გვაჯერებენ, რომ რაც უფრო ხშირად გავიმეორებთ: რუსეთი ოკუპანტია, რაც ყველამ ვიცით, მით უფრო ცხადი გახდება თუ როგორ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია. გვეუბნებიან, რომ თუ უცხოელი ინვესტორის მორჩილები ვიქნებით, ჩვენივე დოვლათის პატარა ნაწილი ჩვენც შეგხვდება. და თუ ოდნავ მაინც ამ უშინაარსო პოლარიზაციისა და უტიფრობის წინააღმდეგ ხმას ავიმაღლებთ, მაშინვე გვესვრიან ტალახს, როგორც არადემოკრატ, არაპატრიოტ რუსეთის ან დასავლეთის აგენტებს.

    მდუმარე უმრავლესობამ დუმილი უნდა შეწყვიტოს. ჩვენ, ვისაც ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდა, უნდა გვქონდეს ცხადი პასუხები და გეგმა როგორ წავიდეთ წინ. როგორ მოვიპოვოთ ძალაუფლება, რათა განვახორციელოთ ჩვენი იდეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეკონომიკა მოეწყოს ისე რომ ის ემსახურებოდეს ყველას და არა ერთ აგრესიულ, ელიტურ უმცირესობას. ჩვენ თუ არ შევუდექით ამ ამოცანის განხორციელებას, თუ არ მოვახდინეთ ორგანიზება და შევქმენით ბაზისი მომავალი ბრძოლისთვის, თითქოს ერთმანეთთან მოქიშპე ელიტური ჯგუფები ისევ შეძლებენ ძალაუფლების კონსოლიდაციას უმრავლესობის წინააღმდეგ, რადგან მათ გააჩნიათ შესაბამისი ფინანასებიც და თავდაჯერებულობაც.

    მინიმალისტური პროგრამა უნდა გახდეს საფუძველი მაქსიმუმისთვის ბრძოლისთვის !

    რატომ დუმს უმრავლესობა? ამის ბევრი მიზეზი არსებობს: დაწყებული, ბოლო 30 წლის ანტისოციალური პოლიტიკით, სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის უგულველყოფით, მიზერული სოციალური სერვისებით და დამთავრებული, ეკონომიკისა და სოციალური წესრიგის სრული ჩამოშლით, რამაც ადამიანები სიღარიბისა და უმუშევრობს პირისპირ მარტო დატოვა.

    კონკურენციის გაფეტიშებამ და ადამიანებში თანდაყოლილი სოლიდარობის გრძნობის მიზანმიმართულმა ჩახშობამ, ისინი ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად აქცია. ამ ყველაფერთან ერთად, სახელმწიფოსა და ელიტების მიერ იმედგაცრუებამ შეუძლებელი გახადა რეალური მოძრაობისა და პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, საკუთარი ინტერესების გამოსახატად.

    პირველი, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, ეს არის მინიმალური ხელფასი. შევარდნაძის მმართველობის შემდეგ, სახელმწიფოს მიერ მინიმალური ხელფასის დადგენა, მიუხედავად, მისი მიზერული მოცულობისა, არ მომხდარა. მას შემდეგ, არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართული ოცნებას არ უცდია მისი კანონით განსაზღვრა. რადგან ორივეს მიაჩნია, რომ მხოლოდ ბიზნესისთვის სასურველი კანონები არის გარანტი ეკონომიკის განვითარებისა, მიუხედვად იმისა თუ რა გავლენა აქვს მათ მშრომელების ყოფაზე და მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც ხალხი უნდა ემსახუროს ეკონომიკას და არა ეკონომიკა ხალხს. შედეგად, არც ეკონომიკა განვითარდა და არც ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

    დღეს, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ განსაზღვრული საარსებო მინიმუმი 180 ლარია. ეს რომ ხელოვნურად შემცირებული ციფრია, ამის ამოცნობას დიდი მეცნიერება არ სჭირდება. თუ საარსებო მინიმუმი ოდნავ ახლოს მაინც იქნებოდა რეალურ საარსებო მინიმუმათან, მაშინ მთავრობას მოუწევდა დღეს არსებული 200 ლარიანი პენსიის საგრძნობლად გაზრდა და მასთან ერთად, გაზრდა სოციალური დახმარებისა. ყველაზე გავრცელებული მეთოდოლოგიითაც რომ დავითვალოთ, საარსებო მინიმუმი უნდა იყოს მინიმუმ 390 ლარი. არადა საქართველოში 220 ათას ადამიანზე მეტს აქვს 500 ლარზე ნაკლები დარიცხული ხელფასი, რაც ხელზე, 400 ლარზე ნაკლებია. ანუ, სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა დიდი ნაწილი, ხელფასისი სახით უკეთეს შემთხვევაში იღებს რეალურ საარსებო მინიმუმს, უმრავლეს შემთხვევაში კი მასზე ნაკლებს.

    ამ ვითარებას უფრო ამძიმებს ის რომ კანონი არ ახდენს ზეგანაკვეთური შრომის რეგლამენტირებას. ესეც რომ არ იყოს, დღემდე არ არსებობს ინსტანცია, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა დამსაქმებლის მხრიდან ამ კანონის უგულვებელყოფას. ამის გამო ადამიანები, სამუშაო დროისა და დატვირთვის გათვალისწინებით, ერთ სამუშაო ადგილზე მუშაობენ იმდენს, მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, რამდენიც მათ ორ ან სამ ადგილზე შრომისას მოუწევდათ. ამიტომაც უნდა ვიბრძოლოთ ზეგანაკვეთური ანაზღაურების კანონით რეგლამენტირებისთვის და სახელმწიფოს მიერ ამ კანონის აღსრულების ზედამხედველობისთვის.

    მინიმალური ხელფასის განსაზღვრა, ზეგანაკვეთური შრომის რეგლამენტირება კანონის დონეზე და სახელმწიფოს მიერ ამ კანონების მკაცრი აღსრულება, გააუმჯობესებდა ათასობით ადამიანის შრომისა და ცხოვრების პირობებს. გაზრდიდა როგორც დასაქმების მოტივაციას, ისე სამუშაო ადგილზე დარჩენის და მისი შენარჩუნების სურვილს.

    უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ბიზნესი მუდმივად განიცდის დეფიციტს როგორც დაბალი, ისე მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის თვალსაზრისით. რაც არც არის გასაკვირი. რადგან დღეს ანაზღაურება ისე დაბალია და სამუშაო დატვირთვა კი ისე მძიმე, რომ ადამიანებისთვის ბევრად უფრო რაციონალურია დარჩნენ სახლში ან მიიღონ სოციალური დახმარება, რადგან შრომა ბევრად უფრო ძვირი ღირს.

    რატომ ვსაუბრობ ამდენს შრომაზე და მშრომელებზე?! არა მხოლოდ იმიტომ რომ, ჩვენი ცხოვრების ნახევარზე მეტს სამუშაო ადგილზე ვატარებთ, არამედ უკეთესი ანაზღაურება, ნაკლები სამუშაო საათები და შრომის უკეთესი პირობები მშრომელებს შეუმსუბუქებდნენ არასტაბილურობისა და ექსპლუატაციისგან გამოწვეულ ტვირთს, მისცემდნენ მათ მეტ დროს და თავდაჯერებულობას მონაწილეობა მიეღოთ დემოკრატიის პროცესში, როგორც სამუშაო ადგილზე გაერთიანებისა და კოლექტიური ხელშეკრულების გზით, ასევე სამუშაო ადგილის გარეთ - იმ ახალი მოძრაობებისათვის, რომლებიც უკეთესი სოციალური და ეკონომიკური პირობების შესაქმნელად ჩამოყალიბდებოდა და ყველას ინტერესებს გამოხატავდა: ასეთ ბრძოლაში ერთის გაძლიერება აძლიერებს ბევრს.

    დღევანდელ საქართველოში უკვე დაგროვდა ასეთი ბრძოლის გამოცდილება და თუნდაც წელს ამის რამდენიმე კარგი მაგალითი: მეტროს გამარჯვებული თანამშრომლები (ერთობა 2013), რომლებიც სხვა მშრომელებს გვერდში უდგანან; სოციალური მუშაკები, რომლებიც ელემენტარული პირობებისთვის იბრძვიან, რათა უკეთ გაუწიონ დახმარება მათ ვისაც ეს ყველაზე უფრო სჭირდება; ჭიათურელები და ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც ერთად დადგნენ არა მხოლოდ შრომის უკეთესი პირობებისთვის, არამედ საკუთარი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის და სხვა და სხვა.

    სწორედ მშრომელებმა დაგვანახეს სოლიდარობისა და ერთობის მაგალითი, არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ მთელ ქართველ ხალხთან, რადგან იბრძოდნენ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ყველას ინტერესებისთვის. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ერთობაზე, არ ვგულისხმობთ იმ ცარიელ სიტყვებს რომლებიც ამბიციაგაღვიძებულ მსხვილ ოლიგარქებს ახასიათებთ და რომლებიც მალე, ალბათ მრავლად შემოაბიჯებენ პოლიტიკაში. ისინი ამ უსამართლო სისტემის ისეთივე შემოქმედები არიან, როგორც მთავრობა. სწორედ ისინი დარჩნენ ყველაზე მოგებულნი ამ უსამართლო სისტემით, საბანკო სესხების, ქონების ჩამორთმევის და ხალხის გაღატაკების ხარჯზე. ჩვენ არ ვგულისხმობთ ისეთ ერთობას სადაც უმრავლესობა ეკონომიკურ ელიტაზეა დაქვემდებარებული. ეკონომიკური ელიტა არ არის მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ყველა ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელიც სარგებლობს და ამყარებს არსებულ წესრიგს. ამ წესრიგის ფესვები არა საბჭოთა კავშირში, არამედ ველურ კაპიტალიზმში უნდა ვეძებოთ.

    ნებისმიერი პროგრამა, რომელსაც ადამიანებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოაქვს, ვერ იქნება ღირებული.

    ბრძოლის შედეგად მიღებული გამარჯვება, მინმალურიც კი, ხალხს მისცემს მეტ თავდაჯერებულობას იბრძოლონ მომავალში ამ მინიმუმზე მეტისთვის და მოიპოვონ გამარჯვება.

    თუ უმრავლესობა დასუსტებული, დაქსაქსული და დათრგუნულია, ვერც ერთი დიდი ცვლილება ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ შევცვალოთ შრომის მძიმე პირობები, რაც უმრავლესობას ყველაზე მეტად აწუხებს. ჩვენ არ ვიცით მივაღწევთ თუ არა ამ მინიმუმზე მეტს ამ ეტაპზე, ეს ხალხზე არის დამოკიდებული, მაგრამ ამას გარწმუნებთ, რომ თუ ეს მინიმუმიც ვერ იქნება მიღწეული, ყოველთვის დავრჩებით ელიტებს შორის გამართული კინკლაობის მძევლები.

    ამიტომ ვიწყებთ კამპანიას მინიმალური ხელფასისთვის, სრულფასოვანი შრომის ინსპექციისთვის, კარძო სექტორში სავალდებულო დეკრეტული შვებულებისთვის, სამართლიანი და ქმედითი სასამართლოსთვის, რომელსაც არა სამი წელი, არამედ სამი თვე დაჭირდება შრომის დავის გადასაწყვეტად.

    ეს ნაბიჯი უნდა გახდეს დასაწყისი სამართლიანი საგადასახადო სისტემისთვის, ღირსეული, სოლიდარობაზე დაფუძნებული საპენსიო სისტემისა და სახელმწიფო საბინაონ პოლიტკისთვის ბრძოლოსა, რეფორმებისთვის რომლებსაც მყისიერად შეუძლიათ გააუმჯობესონ უმრავლესობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

    ეს შეიძლება იყოს მინიმალური, მაგრამ პირველი ნაბიჯი, ახალი, სოციალური წესრიგის დასამყარებლად. ისეთი წესრიგის, სადაც ადამიანებს აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა, სადაც სახელმწიფო არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯარით და პოლიციით, არამედ იქნება პასუხისმგებელი სრულყოფილ განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ღირსეულ დასაქმებაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, უკეთეს ეკოლოგიურ გარემოზე, ღირსეულ საცხოვრებელზე ყველა მოქალაქისთვის, უკეთეს ეკონომიკაზე, რომელიც მხოლოდ ტურიზმზე არ იქნება დაფუძნებული. ანუ, სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი განვითარებაზე ყველასთვის და არა ერთეულებისთვის.

    ყველაზე მთავარი: ამ კამპანიით ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ უპასუხისმგებლო პარტიებისა და პიროვნებების შემოსვლას 2020-ში პოლიტიკაში. მაგრამ ჩვენ შევძლებთ გავაკონტროლოთ ის, რაზეც ისინი ისაუბრებენ. ჩვენ გავხდებით დღის წესრიგის განმსაზღვრელნი და დავანახებთ ყველას თუ ვინ იბრძვის უმრავლესობისთვის და ვინ საკუთარი ინტერსებისთვის. ბრძოლის დასაწყებად, მთავარი პირველი ნაბიჯია.

    ამ ნაბიჯის შემდეგ, ახალი სოციალური წესრიგის დამკვიდრების გზაზე, ვერც რუსეთი აღგვიდგება წინ, ვერც რომელიმე ელიტისტი ლიბერალი.

    ბექა ნაცვლიშვილი არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (14)
    ჩაწერა სახელი
    ნათელა   (23.10.2019)
    როგორ ჭირდება დღეს შენნაირი გულანთებული, პატრიოტი, განათლებული დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდები საქართველოს! გაიხარე ბექა შვილო, წარმატებები!

    ვალიდა   (21.10.2019)
    უკეთილშობილესი, პატიოსანი, სამართლიანი, სულითხორცამდე სამშონლოზე შეყვარებული ვაჟკაცი..წინსვლა ვუსურვოთ..

    ლაშა   (24.07.2019)
    მეტი ბექა პარლამენტში!

    ციალა   (24.07.2019)
    მიხარია ასეთი სუფთა და განათლებული ახალგაზრდების ნახვა პოლიტიკაში!!!

    ელენე   (23.07.2019)
    მეტი შენნარირი ადამიანი გვჭირდება! უნდა გააკეთო პარტია, სახლახოდ მოაზროვნე პარტია და ხალხიც დაგიდგებით ამ იდეების გარშემო!

    ნანა ქარცივაძე   (23.07.2019)
    მართლა ძალიან განათლებული ადამიანია. ყოველთვის საინტერესოა ბექას მოსაზრებების მოსმენა

    დარეჯან ბერუაშვილი   (23.07.2019)
    ამბობთ რომ ნაცმოძრაობა დიდათ არ განსხვავდება ერყთმანეთისაგან...არ მომწონს. ძალიანაც განსხვავდება. ის აშენებდა ქვეყანას...

    ნუნუკა   (23.07.2019)
    ძალიან კარგი პიროვნებაა.მშვენიერი მოსაზრებაა.ორი შენიშვნა მაქვს:1) რატომ ამბობთ ბ-ნო ბექა,რომ არცერთი არჩევნებით "განსხვავებული იდეების განხორციელების მიზნით, არ შეუცვლია წინამორბედი მთავრობაო"...სამწუხაროა,რომ არ გახსოვთ ზვიად გამსახურდია და 1990 წლის არჩევნები,როცა წარმოუდგენელი ჩანდა კომუნისტების დამარცხება...2)ხშირად საუბრობთ ყველა,უნდა დავდგეთ ერთად,უნდა მოვითხოვოთ..მაგრამ ვინ იწყებს და ვინ გააერთიანებს იმ უმრავლესობას,რომელზეც საუბრობთ? გაერთიანების აუცილებლობა ყველამ ვიცით,მაგრამ რა გზიტ უნდა მოხდეს, ამას არავინ ამბობს...სპონტანურად კი ეს არ ხდება...

    ქეთი   (23.07.2019)
    გენოციდის პირობებში და მოღალატე ხელისუფლებების ხელში როგორ განხორციელდება წინსვლა...საარსებო მინიმუმი კი380 კი არა... რაც ნელი სიკვდილია დღევანგელ პირობებში, არამედ 1000 ლარია.

    სოსო   (22.07.2019)
    ბექა იდეური , განათლებული პრინციპული კსცია

    ლია.22.07.2019   (22.07.2019)
    ბექა როგორ მეამაყება,რომ ასეთი კარგი ადამიანი ხარ.რატომ არ შეიძლება ,ბევრი მსჯელობდეს და ფიქრობდეს ასე.წარმატებები ბექა.

    ელენე   (22.07.2019)
    როგორ მინდა, რომ ასეთი განათლებული, მოაზროვნე, ძლიერ ქართულ ფესვებზე აღზრდილი, ნიჭიერი ახალგაზრდები ბევრნი იყვნენ პოლიტიკაში.

    გალინა   (22.07.2019)
    ვეთანხმები და მოხარული ვარ ასეთი აზროვნების ადამიანი,რომ არის პარლამენტში.

    ნინო   (22.07.2019)
    როგორ მიხარია რომ ასეთი მოაზროვნე ახალგაზრდა ადამიანები არსებობენ და რა საწყენია,რომ მათ ვერ ხედავენ და აფასებენ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×