სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     მოქალაქეებმა „ურყევი ნება დავამკვიდროთ სამართლებრივი სახელმწიფო”, კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ, ხოლო ახლახან „უზენაეს კანონს“ გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამდენად, თუ საქართველოში სასამართლო რეალურად არ იქცა ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოდ, ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს... 

    ფაქტია, რომ ზოგადსაკაცობრიოდ აღიარებულ დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედით გარანტს, აგრეთვე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემაკავებელს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს. არც ის უნდა იყოს სადავო, რომ ევროპული ტიპის სასამართლოს ფორმირებისთვის, პირველ რიგში, „პოლიტიკური ნებაა“ აუცილებელი, ხოლო თუ ქართველ კანონმდებლებს რეალურად სურთ ევროინტეგრაცია და ე. წ. მესამე ხელისუფლებისთვის სახელმწიფო მექანიზმში სათანადო ადგილის მიჩენა, უზენაესი სასამართლოს წევრები მაინც უნდა შეარჩიონ „ევროსტანდარტებით“. 

    ახლახან ე. წ. ვენეციის კომისიამ გვირჩია, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი იურისტები გავამწესოთ. ამასთან, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მოსამართლეების მიმართ მოქალაქეებს გაცილებით მეტი ნდობა ექნებოდათ, მათი შერჩევისას, ჩვენი სულმნათი წინაპრების მიერ, თუნდაც საუკუნე - ნახევრის წინ დადგენილი კრიტერიუმებით რომ გვეხელმძღვანელა. სწორედ ევროპაში განსწავლულმა ილია მართალმა „ცხოვრება და კანონში“ განგვიმარტა, რომ „სამართალი უნდა იყოს იმისთანა კაცის ხელში, რომელსაც ხალხი იცნობს, ხალხი ენდობა და ხალხი პატივსა სცემს და რომელსაც თვითონაც გული უნდა შესტკიოდეს, რომ უწესობა, ურიგობა არ იყოს, რომ დანაშაულობა, ბრალი, დაუსჯელად არ ჩაივლის, წანახედი, ზიანი უზღვევლად არ დარჩება“, ხოლო „ამ ნდობის მოსაპოვებლად ისე კანონების ცოდნა არ არის საჭირო, როგორც ცოდნა ხალხის აზროვნებისა, ხალხის ზნისა, ჩვეულებისა და, ამასთანავე, საჭიროა საკუთრივ კაცსა ჰქონდეს გამჭრიახი გონიერება, პატიოსანი ხასიათი და უჩირქო ყოფა-ცხოვრება“, „უფრო საჭიროა ჰქონდეს შინაკაცის საქმიანი სიბრძნე, ვიდრე კანონიერების ცოდნა და მოსამართლეობის გამოცდილება“. „სამართალი და ზღვევაში“ კი აგვიხსნა, რომ „ის უწმინდესი და უმაღლესი დანიშნულება განკითხვისა, რომელსაც ჩვენ მართლიერებას, სამართალს ვეძახით, მთელი ერის განწმენდილი სინდისი და ნამუსია“, ხოლო „მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სული და ხორცი, ერთი სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა“.

    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ფაქტმა, აგრეთვე პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ვითარება მართლაც საგანგებო და საგანგაშოა. ამას დაერთო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების ნაჩქარევად შეტანა და საკანომდებლო ორგანოს მესვეურთა დაპირისპირება ე. წ. არასამთავრობო სექტორთან, რამაც გადამაწყვეტინა საზოგადოებისთვის ჩემი თვალსაზრისი გამეცნო. მით უმეტეს, რომ, როგორც თითოეული მოქალაქე, დაინტერესებული ვარ, საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ რეფორმებსაც დიდი ხანია ვადევნებ თვალს და არც პოლიტიკური ამბიციები გამაჩნია. 

    ცნობილია, რომ მაგ., აშშ–ში უზენაესი სასამართლოს წევრად გამწესება, ფაქტობრივად, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციასთან შეთანხმებით ხდება. ამდენად, გონივრული იქნებოდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების შერჩევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მიანდოს ან კონკურსში მონაწილეობის მსურველების თაობაზე, ადვოკატების აზრით, მაინც დაინტერესდეს. გამოკითხვა ინტერნეტით, შეიძლება, სულ რამდენიმე დღეში ჩატარდეს, ხოლო ადვოკატთა კორპუსის უმრავლესობის მიერ შერჩეულ ან მოწონებულ კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს ასარჩევად წარუდგენდა.

    დარწმუნებული ვარ, საქართველოს ადვოკატები, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდა ესმოდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ქვეყანაში ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვისთვის („სამართლიანობის აღდგენისთვის“), მოსამართლეობის კანდიდატებად, უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტელი პროფესორებიდან, შემდეგ კი საკუთარი რიგებიდან შეარჩევენ პიროვნული თვისებებით გამორჩეულ იურისტებს, ხოლო, თუ 10 000–მდე ადვოკატმა უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობისთვის შესაფერისი 10 „სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტიც“ კი ვერ მოიძია ქვეყანაში ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების თაობაზე არ გამოთქვა მკაფიო პოზიცია, გამოდის, რომ რეალური რეფორმა ადვოკატთა პროფესიულ გაერთიანებაშიც უნდა გატარდეს... 

    უშუალოდ ადვოკატების მიერ შერჩეული ან მათი გამოკითხვის შედეგად მოწონებული კანდიდატების პარლამენტში წარდგენით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოც აღიდგენს შელახულ რეპუტაციას, ხოლო პარლამენტი, იმედი მაქვს, სრულად გაიაზრებს რეფორმის მე–4 ეტაპზე („ტალღაზე“) მყოფ სასამართლო ხელისუფლებაში დაგროვილი პრობლემების სიმწვავეს და მხარს დაუჭერს ადოკატთა კორპუსის მიერ რეკომენდირებულ პირებს. ცხადია, პარლამენტში წარსადგენი კანდიდატების სიის განსაზღვრიდან კენჭისყრამდე გონივრული ვადა (არანაკლებ ერთი თვე მაინც) უნდა გავიდეს, რომ საზოგადოებასაც მიეცეს მათ შესახებ აზრის გამოთქმის საშუალება და თითოეული კანდიდატის თაობაზე სრული ინფორმაციის მოპოვებისთვის ჟურნალისტებიც სათანადოდ უნდა გაისარჯონ, რომ უვადოდ გამწესებისას პარლამენტს არ გამორჩეს რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება (თუნდაც, ქონების წარმომავლობასთან ან მორალურ მხარესთან მიმართებით), რომელიც მთლიანად სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისთვის იქნებოდა საფრთხის შემცველი. 

    ფაქტია, რომ უცხოელი ექსპერტების მიერ მოწონებულმა, მაგრამ 1997-1999 წლებში სასამართლოებში ნაჩქარევად განხორციელებულმა „რევოლუციურმა რეფორმამ“ შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ტოტალიტარიზმის დროინდელივით, მმართველი პარტიის მიერ სრულად კონტროლირებადი მოსამართლეთა კორპუსი მივიღეთ, რის გამოც 2012 წლის ბოლოს, ფაქტობრივად, მორიგი რეფორმის დაწყება გახდა საჭირო. სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტისას, არცთუ იშვიათად ნაუცბადევად ვმოქმედებთ, რის გამოც, საერთო ჯამში, ძალზე ვაგვიანებთ და ერთხელ აშენებულის („რეფორმირებულის“) მრავალგზის გადაკეთება გვიწევს, რისი მკაფიო მაგალითიც, არა მარტო თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა, არამედ მთლიანად სასამართლო ხელისუფლებაა, რომელიც მიუხედავად არაერგზის რეფორმირებისა, მაინც ვერ აკმაყოფილებს „ევროსტანდატებს“.

    დარწმუნებული ვარ, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სპეციალისტებსაც და საზოგადოებასაც კიდევ მოუწევთ სერიოზული სჯა-ბაასი. ამასთან, გონივრული იქნებოდა, ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II–ის დარიგებასაც თუ გავითვალისწინებდით, რომ „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოს“.

    ავთანდილ კახნიაშვილი,

    სამართლის დოქტორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved