სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამოსათხოვარი
    04.12.2009

       პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია გამოცდილი, კვალიფიციური მრჩეველი და ჭკვიანი ანალიტიკოსი გყავდეს გვერდით. ასეთი ადამიანები თითებზე ჩამოსათვლელია.
       შალვა ამ თითებზე ჩამოსათვლელთა შორის იყო...
       საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები - ეს ის სფერო გახლდათ, სადაც მას სერიოზული სიტყვა ეთქმოდა და ამბობდა კიდეც.
       მისი ანალიზი ყოველთვის შესაშური გამჭრიახობით და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა, რჩევა - გონიერებით და უტყუარი ალღოთი, თანადგომა და მეგობრობა - საიმედოობით და სიმყარით. ჩვენც უსაზღვროდ ვსარგებლობდით ამ ფუფუნებით - გვერდით გვყოლოდა შალვა, ბევრი რამ აგვეღო მისი საფუძვლიანი განათლებიდან და გამოცდილებიდან, მისი იშვიათი ნიჭიერებისა და ჭკუა-გონების თანაზიარი ვყოფილიყავით, დავყრდნობოდით მას, გვესწავლა მისგან.
       სამწუხაროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელდა... მაგრამ დარჩა ბევრი კარგი მოგონება შალვაზე, როგორც საუკეთესო მეგობარზე, როგორც იშვიათად კომფორტულ ადამიანზე პირად ურთიერთობებში, შესანიშნავ და სამაგალითო მეუღლეზე, მამაზე...
       შალვა ყველაზე კარგად გრძნობდა, რომ ორი გამორჩეული ერის შვილი იყო და საოცრად ითავსებდა თავის თავში ორივე ერისთვის დამახასიათებელ ყველა საუკეთესო თვისებას. ამაყობდა ამით, გრძნობდა, რომ ეს მას საოცრად აძლიერებდა, მაგრამ არასოდეს თავისი გამორჩეული ნიჭიერებით და ცოდნით თავი ზედმეტად არ მოუწონებია. პირიქით, საოცრად თავმდაბალი, უპრეტენზიო ადამიანი იყო და სწორად ამით გხიბლავდა, გიჩენდა სურვილს, კიდევ და კიდევ გქონოდა მასთან ურთიერთობის საშუალება.
       ბევრჯერ გვიმსჯელია "ახალ მემარჯვენეებს" შალვასთან ერთად საქართველოს მომავალზე და მუდამ ვგრძნობდით, რომ მას ჰქონდა ყველაზე სწორი ხედვა, რა გზით უნდა გვევლო, როგორ უნდა მიგვეღწია სანუკვარი ოცნებისთვის - საქართველო ძლიერ, დემოკრატიულ, აყვავებულ, სტაბილურ ქვეყნად გვექცია. სწორედ ამ მიზნით ხელმძღვანელობდა ის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველო - ნატოში", იყენებდა ყველა საერთაშორისო კავშირებს.
       ჩვენ ამ მიზანს მაინც მივაღწევთ და... მაინც შალვასთან ერთად, რადგან  ყოველთვის გვეცოდინება, რომ შალვა სწორედ ასეთ საქართველოზე ოცნებობდა და ამ ოცნებების განხორციელებაში მასაც ექნება შეტანილი თავისი  დიდი წვლილი.
       "ახალი მემარჯვენეები" ყოველთვის ვიამაყებთ, რომ შალვა ფიჩხაძე ჩვენი თანაგუნდელი და თანამებრძოლი იყო, ჩვენი უახლოესი მეგობარი, გულწრფელად გვიყვარდა და ვუყვარდით მასაც ასეთივე გულწრფელი სიყვარულით...
       მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის მშობლიური ქართული მიწა...
       ახალი მემარჯვენეები

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter