სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ალექსანდრე შალაბერიძე
    04.12.2009

    (დასასრული. დასაწყისი "რეზონანსის" წინა ნომერში)
      
       ყველა სახელმწიფოს და ყველა ერს თავისი გზა აქვს, შესაფერისი მასში მცხოვრები ადამიანების ხასიათისა და ბუნებიდან გამომდინარე. ამდენად მმართველობის ფორმებიც ამ ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარე უნდა იყოს. დე გოლისა და საფრანგეთის მმართველობის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაში ჩაღრმავება იმისთვის დამჭირდა, რომ შეძლებისდაგვარად ამეხსნა საფრთხეები, რომელსაც სხვა ქვეყანაში შემუშავებული, პიროვნებაზე მორგებული და ამდენად გაუმართავი სახელმწიფო მმართველობის კონსტიტუციური მოდელის ჩვენს სინამდვილეში გაუკრიტიკებლად გადმოტანა, რა ზიანის მატარებელია ჩვენი მოსახლეობისათვის.
       სამწუხაროდ, თითქმის ოცი წელია დამოუკიდებლები ვართ და ჩვენი დაუკვირვებლობით და ჩვენ მიერ არჩეული ლიდერების პიროვნული ეგოიზმით, რომლებსაც ძალაუფლება მხოლოდ თავისთვის ემეტებათ და არავისთან გაყოფა არ უნდათ, ამ ფრანგულ მოდელს ეთაყვანებიან, რამდენადაც აქ ხედავენ პიროვნულ სარგებელს, სახეიროს. მართალია, 1995 წელს მიღებული და 2004 წლამდე მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც აშშ-ს კონსტიტუციის ერთობ უხარისხო კოპირება იყო და ამდენად ჩვენთვის სრულიად უსარგებლო, შევარდნაძემ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ სიტუაციურმა დაპირისპირებამ არ მისცა საშუალება თავისი გაეტანა. მისი მოწონებული და მისაღებად გამზადებული კონსტიტუციური პროექტი კი ფრანგულის ასლი იყო.
       ამერიკული (აშშ) საპრეზიდენტო და ფრანგული ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის კონსტიტუციური ფორმების მთავარი უარყოფითი მახასიათებელი არის ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური, სახელისუფლებო კრიზისების წარმოქმნისას ამ კონსტიტუციებს არ გააჩნიათ სამართლებრივი მექანიზმები პროცესების მშვიდობიანად, არჩევნების გზით დაძლევისა. მათი ასეთი მოუქნელობა, სიხისტე მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დადგომისას, რამდენადაც პრეზიდენტი იმავდროულად მთავრობის თავჯდომარეც არის, შეუძლებელია მისი კონსტიტუციური მექანიზმებით გადაყენება, რამდენადაც ასეთი ტიპის კონსტიტუციებში ასეთი მექანიზმები არ არსებობს. კვანძის გახსნის ნაცვლად, დაძაბულობის განმუხტვის ნაცვლად, პროცესს კიდევ უფრო ჭედავს. ეს შეიძლება ჩვენი მოსახლეობისათვის ადვილად გასაგები არ იყოს, მაგრამ ჩვენმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით პრეზიდენტებმა და პრეზიდენტობის მომავალმა კანდიდატებმა ძალიან კარგად უწყიან.
       ძალიან კარგად უწყიან, რომ პოლიტიკური საქმიანობისას ისინი აუცილებლად დაუშვებენ შეცდომებს, განსაკუთრებით, როცა ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან და წარმართველ შტოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას მეთაურობ, სადაც არის თავმოყრილი მმართვის ყველა ძირითადი ბერკეტები (პოლიცია, უშიშროება, ბიუჯეტის ფული) და ამ ძალის კანონიერად გამოყენების უფლება. ასეთი ძალა, რასაც სახელმწიფოს ძალა ჰქვია, ძალიან ხშირად შეიძლება მმართველების მიერ ბოროტად იქნეს გამოყენებული, რამაც შეიძლება მათი პასუხისმგებლობის დადგომა გამოიწვიოს (ამის უამრავი მაგალითები, მარტო სააკაშვილის მმართველობა, რომ ავიღოთ უამრავი გვაქვს, ძველ პრეზიდენტებს თავი, რომ დავანებოთ).
       ამიტომაც არის, რომ ასეთი პასუხისმგებლობა, რომ არ დადგეს, საჭიროა მთავრობის თავმჯდომარე სამართლებრივად დაცული იყოს. ასეთი კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები კი არის, როგორც აშშ საპრეზიდენტო, ისე ფრანგულ ნახევრად-საპრეზიდენტო მოდელებში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) მეთაურები იმავდროულად პრეზიდენტებს წარმოადგენენ და როგორც სახელმწიფოს მეთაურები პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან დაცულები არიან სახელმწიფოს მეთაურის იმუნიტეტით, რაც მათ შეუზღუდავ, უკონტროლო ძალაუფლებას ანიჭებთ.
       სწორედ ამიტომ მოსწონთ ქართველ პრეზიდენტებს (პრეზიდენტობის მსურველებსაც) ასეთი მმართველობის ფორმები, განსაკუთრებით ფრანგული, ნახევრად საპრეზიდენტო, სადაც გარდა პრეზიდენტის სახელმწიფო მეთაურის იმუნიტეტისა, პრემიერ-მინისტრზე გადაბრალებით, შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად "გაექცე" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას (სააკაშვილის მიერ მისი პრეზიდენტობის 6 წლის მანძილზე განხორციელებული, "პრემიერ-მინისტრების" ცვლილებები სწორედ ამის გამოხატულებაა) და თვალი "აუხვიო" ამომრჩეველს.
       მაგრამ, რამდენადაც "რესპუბლიკური მონარქიის" შესაძლებლობები და ავტორიტარიზმის განხორციელების კონსტიტუციური შესაძლებელობები, მხოლოდ მმართველობის ამ ფორმაში არის შესაძლებელი, იგი მისაღებია არა მარტო ქართველი პრეზიდენტებისათვის (პრეზიდენტობის მსურველებისათვისაც), არამედ ჩვენი მეგობარი, ისე არამეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებისათვისაც, როგორებიცაა: თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, სირია - ფრანგული მოდელის ბევრად უფრო გაუკუღმართებული ვარიაციებით, მაგრამ "დამყნობილი" კლასიკურ ფრანგულ ვარიანტზე.
       ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლის მშვიდობიანად დაძლევის საშუალებასაც პოლიტიკური კრიზისების წარმოქმნისას ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის კონსტიტუციური სისტემა არ იძლევა და რაც ჩვენი ძირითადი პრობლემაა: არჩეული პრეზიდენტის, როგორც მთავრობის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხიმგებლობის დადგომისას, მისი მშვიდობიანი გზით ხელისუფლებიდან წასვლა, ყოველგვარი კონსტიტუციური წყვეტი გარეშე. გარდა ამისა, არანაკლებ პრობლემატურია ჩვენი "ფრანგული მოდელის ვარიაცია", სახელისუფლებო შტოების დანაწილებისა და დაბალანსების თვალსაზრისით.
       ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციით არის სახელმწიფოს მეთაური ("საქართველოს კონსტიტუცია", მუხ. 69), აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ("საქართველოს კონსტიტუცია", მუხ. 73, პუნქტი 1. "ბ", "გ", "დ" და "ე" ქვეპუნქტები.; მუხ. 80) და  იმავდროულად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თავჯდომარეც ("საქართველოს კონსტიტუცია", მუხ. 72), ჩვენს კონსტიტუციაში, არათუ სახელისუფლებო შტოების დანაწილებაზეა საუბარი, არამედ ერთი კაცის ხელშია ორი უმთავრესი (საპრეზიდენტო და აღმასრულებელი) ხელისუფლება და ამასთან მკაფიოდ არ არის გამიჯნული სახელმწიფო და პოლიტიკურ პარტია, რაც პოლიტიკური პარტიის, სახელმწიფოსთან შერწყმის საბჭოურ ვარიაციას წარმოადგენს. ასეთი კონსტიტუციური შერწყმა ერთი პირის ხელში, სახელმწიფო მეთაურის უფლებებისა, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურისა და პარტიის თავჯდომარისა (საპარლამენტო უმრავლესობის თავჯდომარისა) და სრული უპასუხისმგებლობა ("საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია", საქართველოს კონსტიტუცია, მუხ.75. პ.1), საშუალებას აძლევს მას აკონტროლოს სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაცია და თითოეული ადამიანის ცხოვრება, აქედან გამომდინარე ყველა მტკივნეული შედეგით.
       შედეგიც სახეზეა. რომ არ ყოფილიყო დედამიწის მიზიდულობის ძალა, რომელიც აკავებს ჩვენი მოძრაობის შეუზღუდავ შესაძლებლობებს, ჩვენ "ვარსკვლავებს თავით შევეხებოდით" (ჰორაციუსი), ან, ჩვენზე, რომ არ მოქმედებდეს ატმოსფერული წნევა, ჩვენ გავხდებოდით უფორმო და უსახური არსებები (ხოსე ორტეგა იგასეტი). ასევეა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ჩვენზე, რომ არ მოქმედებდეს ის საზოგადოებრივი ატმოსფერო, ტრადიციული სოციალური გარემო, რომლის წრეშიც ჩვენ გვიხდება მთელი ცხოვრების გატარება და რომელიც ზღუდავს ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლების უკიდეგანო შესაძლებლობებს, ჩვენ მხეცებს დავემსგავსებოდით და ერთმანეთს დავჭამდით ("შეზღუდული და შეუზღუდავი დემოკრატია", "რეზონანსი", 12 ივნისი, ავტორის სტატია).
       კიდევ უფრო რთულად არის საქმე, როდესაც ადამიანები შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობენ, თანაც "კონსტიტუციის" შესაბამისად და არანაირი შემაკავებელი მექანიზმები არ არსებობს.  აკეთო ის რაც მოგესურვება და არ გქონდეს პასუხისმგებლობა, არის ტირანია და კონსტიტუციასთან, მისი ჭეშმარიტი გაგებით არაფერი საერთო არა აქვს. "კონსტიტუციონალიზმი არის სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდვა საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებისათვის, რომელიც მოწოდებულია დააცხროს მიმდინარე ვნებები ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას მმართველობის ეფექტიანობას" (ანდრაშ შაიო, "ხელისუფლების თვითშეზღუდვა"). დღეს, როცა მთელი ცივილიზირებული სამყარო ჩვენგან, და  ჩვენივე სიკეთისათვის, დემოკრატიის განვითარებისაკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას ელის, ნიშნავს, რომ შევქმნათ სახელისუფლებო დემოკრატიული ინსტიტუტები და დემოკრატიული კონსტიტუცია.
       დემოკრატიული კონსტიტუცია კი ნიშნავს შემზღუდავი ბარიერების დაწესებას უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის, განსაკუთრებით ქვეყნის პრეზიდენტისათვის, რამდენადაც იგია ყველაფრის მიზეზი და წყარო. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, და ეს ჩვენმა პრაქტიკულმა ცხოვრებამ დაადასტურა, რომ ხელისუფლების სათავეში, პრეზიდენტებად, არჩევნების გზით მოსული ადამიანები, არ არიან სანდო და ადამიანის ინტერესების შესაბამისად არ  მოქმედებენ. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიცით ჩვენი პოტენციური ნაკლი, რომელიც მდგომარეობს არა საზოგადოებაში (როგორც ამაზე ხშირად აპელირებენ, თავიანთი წარუმატებლობით გაწიწმატებული პოლიტიკოსები), არამედ ჩვენს მოუწესრიგებელ მმართველობის კონსტიტუციურ სისტემაში, პირველ რიგში სწორედ ამის გამოსწორებას უნდა მივხედოთ.
       რეალური ცხოვრება სავსეა მოულოდნელი და სახიფათო პოლიტიკური კრიზისებით, რაც არაერთხელ გამხდარა ჩვენთან არაკონსტიტუციური მმართველობის დამყარების წინაპირობა. ეხლა, როდესაც ასეთი დიდი პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება გვაქვს, საკუთარი თვალით ნანახი და უშუალოდ შეგრძნობილი მწარე გამოცდილებით, ისე უნდა მოვაწყოთ ჩვენი მმართველობის კონსტიტუციური სისტემა, რომ იგი არ იძლეოდეს ერთი კაცის ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრაციის საშუალებას, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებოდეთ პასუხისმგებლობა, თანამდებობიდან წასვლის სახით, მათ შორის ვადამდეც, რათა მინიმუმამდე შევამციროთ, ჩვენს მიერ, როგორც ამომრჩევლის დაშვებული შეცდომის ან იმპულსური, გაუაზრებელი არჩევანის შედეგად გამოწვეული ზიანი. ადამიანები უშვებენ შეცდომებს. უშვებენ შეცდომებს არჩევნებზე, არჩევანის გაკეთების დროს. ხოლო, როდესაც მოგვიანებით, უკვე მომხდარი ფაქტის შემდგომ, აღმოაჩენენ საკუთარ შეცდომას, მათ უნდა ჰქონდეთ ამ შეცდომის გამოსწორების უფლება.
       კონსტიტუციის ლეგიტიმურობა მის შედეგებშია და არა მის წყაროებში. 1995 წლიდან 2004 წლამდე საქართველოში მოქმედმა საპრეზიდენტო და 2004 წლიდან შემოღებულმა ნახევრად საპრეზიდენტო კონსტიტუციებმა (რომლის კლასიკური მოდელები მხოლოდ საკუთრივ ამ ქვეყნებში მუშაობენ, შესაბამისად საპრეზიდენტო - ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნახევრად საპრეზიდენტო - საფრანგეთში. არც ერთ სხვა ქვეყანაში, რომლებმაც აღნიშნული კონსტიტუციური მოდელების ასლები გადაიღეს, ის არ მუშაობს და რევოლუციებისა და დიქტატურების წყაროს წარმოადგენენ) დაამტკიცეს თავისი მოუქნელობა და უსუსურობა, ქვეყანაში წარმოქმნილი პოლიტიკური გამოწვევებისა და კრიზისების მშვიდობიანი გზებით გაუვნებელყოფის საქმეში.
       დაგვრჩა ერთადერთი სახელმწიფო მმართველობის კონსტიტუციური მოდელი, რომლის შემოღებაც ჩვენში ძალიან გაჭირდა. ეს არის მმართველობის საპარლამენტო სისტემა, სადაც სახელისუფლებო შტოები მკაფიოდ არის დანაწილებული, მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა მის ყოველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, პოლიტიკოსთა მთავრობაში მოსვლა, მთავრობის პარტიული შემადგენლობა დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნების შედეგად ამომრჩევლების პროპორციულად გადანაწილებულ შეხედულებებზე და ხელისუფლებიდან გაშვებაც, მათ შორის ვადამდე, როგორც კი მთავრობის საქმიანობის შეფასების შედეგად ამომრჩეველთა შეხედულებები შეიცვლება.
       სად არის ამ დროს პრეზიდენტი, და რაში გამოიხატება მისი როლი ამ სისტემაში? იკითხავს მკითხველი. სახელისუფლებო სტრუქტურებში აუცილებელია, არსებობდეს ერთი სახელისუფლებო დამოუკიდებელი შტო, რომელიც არ იქნება მონაწილე, დაპირისპირებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართული ბატალიებისა პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად, მთავრობაში ადგილების დასაკავებლად  თუ შესანარჩუნებლად. პრეზიდენტის ხელისუფლება, პრეზიდენტის სახით უნდა იყოს მიუკერძოებელი, უპარტიო არბიტრი პოლიტიკური ცხოვრების (მათ შორის პარტიული დაპირისპირების) კონსტიტუციით გაწერილი წესებით წარმართვისა და მმართველთა არასწორი პოლიტიკით შეწუხებული საზოგადოების, აპელაციით მიმართვის ობიექტი (დღეს ასეთი აპელაციის საბოლოო ობიექტი არ არსებობს, რამდენადაც, პრეზიდენტი, როგორც ყველა ხელისუფლების მეთაური და პოლიტიკური პროცესების მთავარი მონაწილე (იგივეა, რაც დამნაშავე), თავად არის გადადგომის სუბიექტიც და ობიექტიც).
       ამავე დროს იგი უნდა იყოს ძლიერი, რომელსაც როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, დაემორჩილება არმია, მთელი ქვეყნის უშიშროება და რაც ყველაზე მთავარია კრიზისების დროს, რომლის წარმოქმნის საფრთხეც, ჩვენი ცხოვრების ბუნებიდან გამომდინარე ყოველთვის იარსებებს ხელისუფლებასა (იქნება ეს აღმასრულებელი, თუ საპარლამენტო ხელისუფლება) და საზოგადოებას შორის, პრეზიდენტი  გამოვა, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და სიმშვიდის გარანტი, უმაღლესი არბიტრი პოლი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter