სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ღია წერილი
    03.12.2009

       ბატონო პრეზიდენტო! თქვენდამი განმეორებითი წერილის დაწერა გადამაწყვეტინა კომპანია "რუსთავი 2"-ის შენობის ჩამონგრევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში მშენებლის, დავით გვასალიას გირაოს გარეშე საპროცესო გარიგების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლებამ; იმ მშენებლის, რომლის უვიცობის და არაკომპეტენტურობის წყალობით გარდაიცვალა ორი და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა (რამდენიმე საათში შეიძლებოდა მსხვერპლი გაცილებით მეტი და შემზარავი ყოფილიყო).
       26 აპრილს, ტრაგედიის ადგილზე მისვლისას, თქვენ მკაცრად მოითხოვეთ 10 დღის ვადაში ნგრევის მიზეზების და დამნაშავე პირების გამოვლენა. როდესაც საქმის ძიებისას ოჯახს ეჭვები გაუჩნდა გამოძიების ტენდენციურობაზე და მიკერძოებულობაზე, დახმარებისთვის მოგმართეთ თქვენ. სერიოზული შეშფოთების მიზეზი იყო იმ მაღალჩინოსანი ადამიანების სახელი და გვარები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა; კერძოდ, კომპანია "რუთავი 2"-ის იმდროინდელი გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი (ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში დაინიშნა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ), სამშენებლო კომპანია "არტიქსის" დამფუძნებლები - სოფო ჩიქოვანი (ექსმინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლი) და რუსუდან ჩერგოლეიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას ცოლისდა), რომელიც ახლაც არის "არტიქსის" დირექტორი და რომლის ხელმოწერებით და ბეჭდებით ფორმდებოდა ოფიციალური დოკუმენტები (აღნიშნული დოკუმენტები თან ერთვის ღია წერილს).
       პირველმა ღია წერილმა, რომელზედაც პროკურატურამ და მთავარმა პროკურორმა ერთგვარი რეაგირება მოახდინეს (შეტყობინება მოგვივიდა ღია წერილის გაცნობის თაობაზე), იმედი გაგვიჩინა, რომ, მიუხედავად გამოძიებისას დაშვებული უხეში დარღვევებისა, სასამართლოზე დადგინდებოდა ობიექტური ჭეშმარიტება, გაირკვეოდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი, შესაბამისად, გამოიკვეთებოდა დამნაშავე თუ დამნაშავეები რომლებიც კანონის გათვალისწინებით დამსახურებულ სასჯელს მიიღებდნენ.
       ჩვენ, ნიკა გელაშვილის ოჯახის წევრები და დაინტერესებული საზოგადოება, 7 თვის მანძილზე ჩუმად და მოთმინებით ველოდით სასამართლო პროცესის დაწყებას. სამართლიანი გადაწყვეტილების იმედს გვაძლევდა თქვენი სიტყვები: "კორუფციისგან განთავისუფლებულია სასამართლო. ჩვენ გვინდა, რომ მოსამართლემ არ აიღოს ქრთამი და თავისი ღირსებით გამოიტანოს განაჩენი".
       შეიძლება მოსამართლე დალი მეტრეველმა ქრთამი არ აიღო, მაგრამ ხელი შეუშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. მოსამართლემ ჩვენს ადვოკატებს სასამართლო პროცესზე დანაშაულის მტკიცებულებების წარმოდგენის და შუამდგომლობებით მოთხოვნილი მოწმეების დაკითხვის საშუალება არ მისცა და პროკურორ აპოლონ დანელიასთან  და ბრალდებულის ადვოკატ ყავლაშვილთან ერთად ყველანაირად ეცადა, სასამართლო პროცესი შეკვეცილ ფორმატში ჩაეტარებინა.  მათ ამას მიაღწიეს,  სასამართლო პროცესი არც შემდგარა, რადგან მოსამართლე დაეთანხმა პროკურორის მიერ წამოყენებულ წინადადებას საპროცესო გარიგების შესახებ. ეს იყო არნახული ცინიზმის გამოხატულება, გარდაცვლილის ოჯახის უფლებების უხეში შელახვა და აბუჩად აგდება.
       მიუხედავად გამოძიების, პროკურატურის და სასამართლოს აშკარა ტენდენციურობისა, საქმეში დევს ჩვენი ადვოკატების დამოუკიდებელი გამოძიებით მოპოვებული მასალები, სადაც ნათლად ჩანს, რომ მიმდინარეობდა "რუსთავი 2"-ის შენობის რეკონსტრუქცია და არა რემონტი, რისი მიჩქმალვაც უნდოდათ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, ქალაქის მერს, ბატონ გიგი უგულავას, რომელმაც ნგრევიდან რამდენიმე საათში ტელეკამერების წინ განაცხადა, შენობაში კოსმეტიკური რემონტი მიდიოდაო. არადა, რეკონსტრუქციის ფაქტს ადასტურებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც, სადაც შენობის ნგრევის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება "სარეკონსტრუქციო სამუშაოების არაკვალიფიციურად ჩატარება და სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევა". სწორედ ამის საფუძველზე წარედგინა ბრალი მშენებელ დავით გვასალიას.
       საქართველოს არსებული კანონმდებლობით სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა, რომელსაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს შესაბამისი კონსტრუქციული ნახაზებით, რომლებიც სამშენებლო კომპანია "არტიქსს" არ ჰქონდა(!). ამაზე გამოძიებამ, პროკურატურამ და მოსამართლემ თვალი დახუჭეს და მიიჩნიეს, რომ შენობაში მიდიოდა სარემონტო სამუშაოები (?!) და საქმეთა მწარმოებელმა გვასალიამ თვითნებურად, სხვების მითითების და შეთანხმების გარეშე დაანგრია სამ სართულზე მზიდი კედლები.
       სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ კომპანიების "რუსთავი 2"-ის, "ჯორჯიან ბილდინგის" "არტიქსის", როგორც იურიდიული პირების, მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალეული ქმედება - უკანონო სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, რამაც დიდი ზიანი გამოიწვია. ასევე, იმ დროისთვის კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჩიქოვანმა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი კომპანიის პროექტის მონაწილეები და ტექპერსონალი, რადგან პროექტის მსვლელობის პარალელურად შენობაში რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.  სისხლის სამართლის კოდექსით ესეც დასჯადია, როგორც  ადამიანის სიცოცხლისადმი გულგრილი დამოკიდებულება.
       თქვენ საჯარო გამოსვლებისას არაერთხელ გითქვამთ, ჩვენი პრინციპი არ არის გუნდში ნათესავები გვყავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოყალიბდება სააკაშვილის კლანი, როგორც ეს შევარდნაძის დროს იყოო; და დასძინეთ, მაშინ იყო ნუგზარ შევარდნაძე, სიძე, მძახალი....
       ახლაც ასე ხომ არ ხდება თქვენს ზურგს უკან? და ამას "ვარდების რევოლუციის" 6 წლისთავზე ვერც დავიჯერებდი, უბედურება ჩვენს ოჯახს რომ არ სწვეოდა და გამოძიების, პროკურატურის და სასამართლოს წინაშე პირისპირ არ აღმოვჩენილიყავით. ჩვენ არ გვინდოდა, სამართალი ღია წერილების საშუალებით და ქუჩაში საპროტესტო აქციების მოწყობით გვეძებნა (კომპანია "რუსთავი 2"-ის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოსული საზოგადოების განცხადებაზე დაფიქსირებული ხელმოწერებიც თან ერთვის ღია წერილს). ჩვენი სურვილი იყო, გამოძიებით თუ არა, სასამართლოს საშუალებით მაინც გარკვეულიყო, თუ ვინ იყო დამნაშავე, და კანონის შესაბამისად დასჯილიყო, თუმცა, ზემოხსენებული მაღალჩინოსნების ზეწოლის შედეგად მართლმსაჯულება არ შედგა.
       ბატონო პრეზიდენტო! ნიკა გელაშვილი ღირსეული ადამიანი იყო და ჩვენ, მის ოჯახს, მორალური უფლება არ გვაქვს, ამ უკანონობაზე გავჩუმდეთ. ამას არც დავუშვებთ. კიდევ ერთხელ მოგმართავთ  და ვითხოვთ აღნიშნული საქმის თავიდან გამოძიებას, რაზედაც უახლოეს დღეებში უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს. აქვე თქვენს სიტყვებს მოვიშველიებ: "რამდენჯერაც კომპრომისი დავუშვი და ხელი ამიკანკალდა ადამიანების განთავისუფლების გამო, იმდენჯერ ცუდად მომიბრუნდა"... ნურც ახლა დაუშვებთ კომპრომისს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა ერთნაირად უნდა აგებდეს პასუხს, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უკავია, ვისი ცოლი და ვისი ცოლისდაა.
       და თუ სასამართლო ხმაურიანი გვარ-სახელების მიუხედავად, მიკერძოებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, დამნაშავეს სასამართლო დარბაზიდან არ გაათავისუფლებს და ნამდვილ დამნაშავეებს დასჯის, რაც თავიდან აგვაცილებს სხვა, უფრო მეტ და მძიმე დანაშაულს, და აღნიშნული სასამართლო პროცესი სხვების მკაცრ გაფრთხილებად იქცევა, ჩვენც, ნიკა გელაშვილის ოჯახიც და საზოგადოებაც, ვირწმუნებთ, რომ ნამდვილად სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ.
      
       ნიკა გელაშვილის დედა, ნუცა
       თოფჩიშვილი-გელაშვილი
       2 დეკემბერი, 2009 წელი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter