სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    19.12.2017

    მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ზღვა ენერგიის ადამიანი ჩვენ შორის აღარა ხარ. მიჭირს წარსულ დროში შენზე ლაპარაკი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე დაილეოდა შენი უშრეტი ენერგია. მჯეროდა, რომ სულ უნდა გებუბუნა, გელიდერა, გეხელმძღვანელა. გული მტკივა, რომ ასე უფერულად, ასე უსიციცხლოდ მიილია ეს 40 დღე. მიჭირს გარდასულ დღეთა გახსენება, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგი რამ მაინც უნდა გავიხსენო:

    შენ გამორჩეული, მრავალმხრივი ნიჭიერების ადამიანი იყავი. ერთდოულად ორ მუზას ემსახურებოდი. ეს მუზები საოპერო ხელოვნება და მეცნიერება იყო, ორი არცთუ ძალიან ახლო მდგომი პროფესია, მაგრამ შენ ორივეს ღირსეულად, შესაშური რუდუნებითა და ერთგულებით ემსახურებოდი.

    ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა შედექი ქართული ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. პირველივე პარტიებმა არნახული წარმატება მოგიტანეს. შენმა ტკბილმა და საოცრად მჟღერმა ბარიტონმა იმთავითვე როგორც მუსიკოსების, ისე მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. აკი ამიტომაც საოცარი ეპითეტებით გამკობდნენ შენი კოლეგები: "ლაღად მჟღერი ბარიტონი" (რ. ტაკიძე), "ხავერდოვანი ბარიტონი" (მ. ქურთოშვილი), "ბრწყინვალე ბარიტონი" (მ. დავითაშვილ). დიდი მაესტრო ნოდარ ანდღულაძე გასაოცარ წერილს წერს შენზე და "ოქროს ხმის მფლობელს" გიწოდებს. თავად უბრწყინვალესი ცისანა ტატიშვილი "გამორჩეულ საოპერო მომღერლად" გაღიარებს, "სიმღერით შთაგონებულს" გიწოდებს ალექსანდრე ხომერიკი. უძლიერესი ლამარა ჭყონია "ბწყინვალე ბარიტონად" მიგიჩნევს. საოცარი მოწონებითა და ქებით მოგიხსენიებენ სასიქადულო პაატა ბურჭულაძე, მედეა ამირანაშვილი, თემურ გუგუშვილი...

    რაც შეეხება შენს მიერ შესრულებულ პარტიებს, აქაც რამდენიმეს გავიხსენებ: კიაზო "დაისში", მურმანი "აბესალომ და ეთერში", თავადი ლევანი "ქეთო და კოტეში". ჩალხია ოთარ თაქთაქიშვილის "მინდიაში", გელა რევაზ ლაღიძის "ლელაში", გოჩა მელიტონ ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერში" ჟერმანი "ტრავიატაში", ონეგინი ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინში", ამონასრო "აიდაში"...

    ამგვარი პარტიების შემსრულებელი, უკვე საყოველთაო სიყვარულისა და პოპულარობის მქონე ბევრი მომღერალი, ალბათ, მიღწეულით დაკმაყოფილდებოდა და სხვა საქმეზე არც იფიქრებდა, მაგრამ შენ ასე არ მოიქეცი. შენ დაუოკებელი, სიცოცხლის სავსე და მაძიებელი ლევან ასათიანი იყავი და ამიტომაც მეცნიერების მწვერვალების დაპყრობას ისე შეუდექი, თითქოს მანამდე არც არაფერი გქონებოდა გაკეთებული. ნიჭიერმა და ენერგიულმა ადამიანმა აქაც მალე მოიპოვე სათანადო ავტორიტეტი და ზედიზედ დაიცავი ჯერ საკანდიდატო, მერე კი სადოქტორო დისერტაციები.

    მე შენი სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი ვიყავი. ნაშრომის გაცნობამ დამარწმუნა, რომ შენი სახით ძალიან საინტერესო და საიმედო ძალა ემატებოდა ქართულ მეცნიერებას ჩვენი მეგობრობაც ამ დროიდან დაიწყო. მეგობრობაც და თანამშრომლობაც, რაც დასრულდა ჩვენი ერთობლივი წიგნით "პედაგოგიკის ფილოსოფიური საფუძვლები", რომელმაც მალე იაკობ გოგებაშვილის პრემია დაიმსახურა.

    მე მომისმენია შენი საინტერესო ლექციები, შენი გულითადი საუბრები სტუდენტებთან. შენმა თავდადებულმა შრომამ და ნიჭიერებამ დიდი ავტორიტეტი მოგიპოვა სამეცნიერო წრეებში და შესაბამისად, შენი მეგობრები გახდნენ ლევან სანიკიძე, რევაზ ბარამიძე, შალვა ამონაშვილი, ელგუჯა ხინთიბიძე, მამა გიორგი (ზვიადაძე), ზურაბ ჭუმბურიძე, ოლეგ ალავიძე, ზურაბ ცუცქირიძე, თამაზ კარანაძე, გურამ ხანდამიშვილი. საბოლოო ჯამში, შენს "აქტივში" ირიცხება 8 მონოგრაფია და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. მათი უმეტესობა ეძღვნება მოზარდი თაობის აღზრდის აქტუალურ საკითხებს, ხელოვნების როლს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებაში და ა.შ.

    ახლა, რაც შეეხება ადამიანურ თვისებებს, მე იშვიათად შემხვედრია შენნაირი ჰარმონიული ადამიანი, რომელიც მასზე დაკისრებულ ყველა სოციალურ როლს ასე უზადოდ და ასეთი წარმატებით ასრულებდეს. თუმცა გარეგნულად არ გეტყობოდა, სინამდვილეში საოცრად თბილი გულის ადამიანი იყავი, მზრუნველი, ყურადღებიანი, კეთილი, უშურველი, ხელგაშლილი და გულგაშლილი, სტუმარი გიყვარდა და სანაქებო თამადაც ბრძანდებოდი.

    იყავი კარგი ოჯახის შვილი და კარგი ოჯახის მამა. საოცარი იყო შენი და ქალბატონ ნონას ურთიერთობა. შვილები - პაატა, ლაშა და ნინო ხომ თავს გევლებოდნენ, გაღიარებდნენ როგორც ავტორიტეტს და საიმედო ძალას. ბერმუხასავით იდექი შენს ცოლ-შვილში მხრებგაშლილი და ლაღობდი საუკეთესო ნაგრამით. კაცს ეგონებოდა, რომ ვერაფერი მოგერეოდა, ვერაფერი გატეხდა შენს ძლიერებას, მაგრამ იმ დიდმა უბედურებამ, შენი პირველი შვილიშვილის, პატარა ლევანიკოს, უეცარმა სიკვდილმა თავზარი დასცა მთელ შენს ოჯახს და, რასაკვირველია, გაგტეხა შენც, ეს მთასავით უდრეკი კაცი.

    დრო იცვლებოდა, რთულდებოდა, ძნელი გასაძლები ხდებოდა. შენ უმოქმედოდ ყოფნა არ შეგეძლო და აკი ამიტომაც დააარსე თბილისის ეროვნული უნივერსიტეტი და წლების განმავლობაში ედექი მას სათავეში. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ახალი კოლეჯი შექმენი და ახლა მისი ხელმძღვანელი გახდი.

    გავიდა წლები და დროის მსახვრალი ხელი შენც მოგვწდა და ამქვეყნიური ცხოვრებიდან იმქვეყნიურ საუფლოში გადაგიყვანა. ამიტომ, დიდი ილიას არ იყოს, მთავარია აქ რა დატოვე და იქეთ თან რა წაიყოლე. ამ მხრივ, ჩემო ლევან, საშეღავათო არაფერი გჭირს, რადგან იცხოვრე ღირსეულად, კაცურად, ქრისტიანულად და სანიმუშო ადამიანის სახელი დატოვე ამვეყნად. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შენნაირი ადამიანები არ კვდებიან. ისინი გარდაიცვლებიან მხოლოდ, ანუ სხვა განზომილებაში გადადიან. ამქვეყნად კი - ადამიანთა ხსოვნაში - მათი სახელები არა მარტო რჩებიან, არამედ, მადლიერ შთამომავლობასაც გადაეცემიან!

    შენი უახლოესი მეგობრების სახელით

    პროფ. რეზო ბალანჩივაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved