სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    16.11.2017

    ანზორ საკანდელიძე

    რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე

    ეს ევროპული მცირე ბიზნესის აქტის სათაური და მთავარი არსია, ხოლო ამერიკული მცირე ბიზნესის არსი სულ 5 სიტყვაში შესანიშნავად ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა რეიგანმა: "ამერიკა - ეს არის მცირე ბიზნესი!" ამ ევროაქტის შესაბამისად საქართველოში, ჩვენ გარდა, დღემდე არავის უფიქრია დიდი ძალისხმევით 1999 წელს მიღებული და ნაციონალების მიერ 2006 წელს დანაშაულებრივად გაუქმებული, მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის აღდგენასა და, შესაბამისად, მოსახლეობის რეალურ დასაქმებაზე. ეს არის ხელისუფლების მიერ მუდმივად დაანონსებული ევროატლანტიკური იდეალების ერთგულება?

    აღსანიშნავია, რომ ჩვენს წელთაღსიცხვამდე 21-ე საუკუნის ბაბილონის სახელმწიფოში მეფე ხამურაბმა აამოქმედა მცირე მეწარმეობის 300 კანონი. 42 საუკუნის შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვის 21-ე საუკუნის საქართველოში კი მოქმედებდა მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი, რომელიც ნაციონალებმა 10 წელიწადზე მეტია, გაგვიუქმეს, ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ.

    სანამ მცირე მეწარმეობის კანონი არ აღდგება, საქართველოში რეალურად არასდროს დასაქმდება მოსახლეობა და არ გამყარდება ლარის კურსი, რასაც დამაჯერებლად ვამტკიცებდით 2015 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში: "ლარის კურსი გამყარდება მაშინ, როცა მკვდრეთით აღდგება მცირე მეწარმეობა".

    ერთი წლით ადრე ამავე გაზეთის 18 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში "დღევანდელი საგადასახადო კოდექსის გამო "აწარმოე საქართველოში" დამთავრდება კრახით!" გამართლდა ჩვენი პროგნოზები და სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მართლაც დამთავრდა კრახით, განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობაში, სადაც შარშან მშპ-ის წლიური ზრდა იყო ნულოვანი და წლევანდელი 6 თვის მონაცემებით არის კლება 1,5%-ით!

    აქედან გამომდინარე, დღეს ქართულ ეკონომიკას ანგრევს მცირე მეწარმეობის კანონის არარსებობა და არსებობა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკისა (ეს მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემებია!). იგი დაამკვიდრა კრიმინალურმა საგადასახადო კოდექსმა, რომელიც ანადგურებს ქართულ მცირე მეწარმეობას, მდიდრებს მაქსიმალურად ამდიდრებს, ღარიბებს კი მაქსიმალურად აღარიბებს. თუ ვინმეს ამ სიმართლეში ეჭვი ეპარება, ვურჩევთ, ყურადღებით გაეცნოს 2017 წლის 9 თებერვლის გაზეთ "რეზონანსში" დაბეჭდილ ჩვენს სტატიას: "2016 წელს საქართველოში მშპ იყო არა 33, არამედ 100 მილიარდი ლარი!" ცხადია, ამ 100 მილიარდი ლარიდან, თანახმად მსოფლიო ბანკის საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის მონაცემებისა, 72% იყო ჩრდილში და ამ უზარმაზარ 72%-იან ჩრდილოვან ეკონომიკას აკონტროლებენ მაფიოზურ-ეკონომიკური კლანები.

    რა გამოსავალი გვაქვს? სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი 2006 წელს გაუქმებამდე არსებული რედაქციით და საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარების საუკეთესო პროგრამაზე გამოვაცხადოთ ტენდერი. მე-5 წელიწადია, ამ კანონის აღდგენისათვის საჭირო 0,4 მილიონი ლარის (ამჟამად ეს თანხა ინფლაციის გათვალისწინებით შეადგენს 0,5 მილიონ ლარს) ბიუჯეტში გამოყოფასა და ტენდერის გამოცხადებაზე უარს აცხადებს ხელისუფლება. ამასთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია 2 წლის წინ გოგი თოფაძის თანდასწრებით გამართული კამათი პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძესთან, რომელმაც ტენდერის გამოცხადების თაობაზე ამ სიტყვებით მიპასუხა: "ტენდერი რომ გამოვაცხადოთ, შენ ვინ მოგიგებს ამ ტენდერს? ტენდერს შენ ხომ არ გამოგიცხადებთ?"

    ამ უცნაურ შეკითხვებში სიმართლე ის არის, რომ თუ ტენდერი სამართლიანად ჩატარდება, მართლაც გვაქვს გამარჯვების დიდი შანსი ჩვენ მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა #6333) "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამით", რომლის ძირითადი ასპექტები არაერთხელ გამოგვიქვეყნებია.

    დიახ, უნიკალური საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით შესაძლებელია ასეულ ათასობით სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ათეული მილიარდობით ლარის ზარალის თანდათანობით ტრანსფორმაცია დაზარალებულთა ათეული მილიარდობით ლარის კაპიტალად. შემდეგში მოხდება ამ კაპიტალის ტრანსფორმაცია გარანტირებულ მოგებაზე მომუშავე ასობით ახლად გახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოთა ადგილობრივ ინვესტიციებად და, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის დასაქმებად. დასაქმებად იმიტომ, რომ ამ ასეულობით ახლად გახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში დასაქმდება რა ათასობით მცირე სამრეწველო მეწარმე, ისინი ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე არასამრეწველო ბიზნესებში ავტომატურად დამატებით დაასაქმებენ 5-ჯერ უფრო მეტ ადამიანს!

    აი, ასეთი უნიკალური ეკონომიკური კონცეფცია-პროგრამაა შეტანილი 3 წელიწადზე მეტია, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში. დადებითი განხილვა 2016 წლის 25 თებერვალს მოხდა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროში. პარლამენტი ამდენი წელია, ამაოდ ელოდება განხილვას ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა ყოველივე ეს ხელს არ უშლის, რომ პარლამენტმა მცირე მეწარმეობის კანონის აღსადგენად საჭირო 0,5 მილიონი ლარის გამოყოფის გარეშე არ დაამტკიცოს 2018 წლის ბიუჯეტი, რათა საქართველო არ გახდეს გინესის წიგნში შესატანი სახელმწიფო. ჩვენთან 11 წელიწადია, არ არსებობს მცირე მეწარმეობის არავითარი კანონი. ისიც აღსანიშნავია, რომ კონცეფცია-პროგრამის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენა.

    პროგრამის განხილვა-მიღების 3-წლიან გაჭიანურებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის სამინისტროს და ამის მიზეზი ძალიან კარგად ვიცით. ამჟამადაც, ერთხელ კიდევ თავს შევიკავებთ მიზეზების დასახელებისგან და ამ წერილს დავასრულებთ 2016 წლის 1-ელ ივლისს გამოქვეყნებული სტატიის - "აღიარეთ 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა და დავიწყოთ მის წინააღმდეგ ბრძოლა!" - ბოლო ციტატით: "მაინც იმედი გვაქვს, რომ ეს არა უსასრულო, არამედ დროებითი შეცდომაა, რადგან გენიალური აინშტაინის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, მხოლოდ სამყარო და სიბრიყვეა უსასრულო. სიბრიყვემდე კი ეკონომიკის სამინისტრო, ალბათ, არ მივა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter