სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    02.11.2017

    შოთა ჩხეიძე

    ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში

    მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ კაცობრიობას, განუსაზღვრელი სიკეთის პარალელურად, ბევრი სერიოზული, ძნელად გადასაჭრელი პრობლემა შეუქმნა. გარემოზე უხეშმა ზემოქმედებამ ისეთი უარყოფითი შედეგები გამოიღო, რომ დედამიწაზე სიცოცხლე კატასტროფის წინაშე დადგა. ეკოლოგიური პრობლემები, რომელთაც ადრე ლოკალური ხასიათი ჰქონდა, დღეს მსოფლიოს მომცველ გლობალურ პრობლემად იქცა. ჩვენი გარემო - ჰაერი, წყალი, საკვები - დაბინძურებულია სიცოცხლისათვის საშიში მავნე ნივთიერებებით. დედამიწაზე არსებულ დაავადებათა 80%-ზე მეტი ჯანმრთელობასთან შეუთავსებელი ცუდი ეკოლოგიური პირობების შედეგია.

    ამ ძნელად გამოსასწორებელ პრობლემას ემატება ის, რომ დედამიწის მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, სასურსათო რესურსები კი შესაბამისად ვერ მიჰყვება მას. მოსახლეობის სწრაფი ზრდის ტენდენციამ და საკვების უკმარისობის შიშმა მეცნიერება მიიყვანა ე.წ. "მწვანე რევოლუციის" განხორციელებამდე (ყყ საუკუნის 40-იანი წლებიდან), რაც მდგომარეობდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მცენარეთა საკვები მინერალური ნივთიერებების (სასუქების) დამატებით მიწოდებაში, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლისათვის სპეციალური ნივთიერებების: პესტიციდების, შხამქიმიკატების გამოყენებაში, რის საფუძველზეც მცენარეები დაცული იქნა დაავადებებისაგან და საგრძნობლად მოიმატა მოსავლიანობამ. ყოველივე ამან დიდი როლი შეასრულა თავის დროზე მოსახლეობისათვის შიმშილის აცილებაში, მაგრამ თანდათანობით მათი არასწორი, ზედმეტი რაოდენობით გამოყენებისა და თვით მცენარეების მიერ შემგუებელი თვისებების გამომჟღავნების გამო მათმა გამოყენებამ დიდი მასშტაბები მიიღო და უფრო მეტი და მეტი რაოდენობა დასჭირდათ შედეგის მისაღებად. დღეისათვის პესტიციდების უმრავლესობა თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს, 90%-მდე ჰაერში იფანტება, იწამლება ცოცხალი ორგანიზმები და გარემო (აშშ-ის მეცნიერებათა აკადემია კიბოს დაავადებით სიკვდილიანობის ზრდას ძირითადად პესტიციდების გამოყენებას უკავშირებს).

    პირველი პესტიციდის (დდტ) სინთეზი მოახდინა შვეიცარიელმა მეცნიერმა პაულ მიულერმა 1948 წელს, რომელსაც შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის წარდგინებით ნობელის პრემია მიანიჭეს. მომდევნო წელსვე გამოჩნდა მისი ტოქსიკური ზემოქმედება (იგი ხოცავს როგორც მავნე, ისე სასარგებლო მწერებს, მათ შორის ფუტკარსაც, იწვევს ადამიანებისა და ცხოველების მძიმე დაავადებებს), მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ახალი ვარიანტები შემოდის ბაზარზე და დღემდე გამოიყენება.

    რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, პირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.ლიბიხმა მიუთითა ნიადაგის გამოფიტვაზე და ხელოვნური გზით მათი დაბრუნების აუცილებლობაზე (1840 წელი), მათი პრაქტიკული გამოყენება კი დაიწყო ყ|ყ საუკუნის მეორე ნახევარში (კალიუმის, ფოსფორის, ამონიუმის, აზოტის შემცველი ნივთიერებები).

    ყყ საუკუნის 90-იანი წლებიდან "მწვანე რევოლუციას" ნაწილობრივ ჩაენაცვლა ე.წ. "გენური ინჟინერიით" მიღებული ორგანიზმების გამოყენება სასურსათო პროდუქციის საწარმოებლად, რომლის საშუალებითაც მცენარეში ხდება სხვა ორგანიზმებიდან (მცენარე, ცხოველი) იზოლირებული გენის ჩანერგვა მისთვის სხვადასხვა თვისების: ყინვაგამძლეობის, გვალვაგამძლეობის, მიკრობებისა და დაავადებებისადმი მედეგობის, მაღალმოსავლიანობის, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

    გენმოდიფიცირებულმა სასურსათო პროდუქციამ დიდი პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებსა და ამ საუკუნის პირველ ათწლეულში, განსაკუთრებით მისი სიიაფის, მომხმარებლისათვის მისაღები ხარისხის გამო, მაგრამ შემდგომმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა მისი უარყოფითი გავლენა ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, რაც ცოცხალ ორგანიზმში უცხო გენის ჩანაცვლების შედეგად გამოწვეული ცვლილებებით უნდა აიხსნას.

    ყოველივე ზემოაღნიშნულმა მდგომარეობამ აგრომეცნიერება იძულებული გახადა, თანდათან გადასულიყო ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დამზადებაზე, ანუ ორგანულ მიწათმოქმედებაზე. მსოფლიოს მეცნიერები და ინტელექტუალური საზოგადოება თანხმდებიან მასში, რომ ეკოლოგიურად სუფთა სასურსათო პროდუქტების წარმოებას ალტერნატივა არ აქვს. აქ პრობლემა მხოლოდ ისეთი ბიორეგულატორის შექმნაშია, რომელიც ეკოლოგიურ სისუფთავესთან ერთად მოგვცემს ხარისხოვან და მაღალპროდუქტიულ მოსავალს.

    ორგანული მიწათმოქმედება ხორციელდება 164 ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებულია ევროპაში, სადაც 120 ათასზე მეტი ფერმერული მეურნეობაა დაკავებული ამ საქმიანობით. საქართველოშიც 30-მდე ბიოსაწარმოა, ძირითადად მარცვლოვანი კულტურების, ბოსტნეულის, ხეხილის, თხილის, ასკილის, დაფნის, შინაური ფრინველებისა და მეფუტკრეობის.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეისათვის ცნობილი და გამოყენებული მცენარეთა ბიორეგულატორების გამოყენებით შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება, მაგრამ გამორიცხულია მასთან ერთად ნაყოფის მოსავლიანობის, მწვანე მასისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების ერთდროული მნიშვნელოვანი ზრდა. ამ მხრივ გამონაკლისია ქართველი მეცნიერის - ბატონ რამაზ გახოკიძის მიერ შექმნილი ბიოენერგოაქტივატორი "ბიორაგი", რომელმაც ათეული წლების განმავლობაში გაიარა ტოქსიკურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და დადგენილია მისი სრული უვნებლობა. იგი არ კვებავს მცენარეს (ის არ არის სასუქი), მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის მის სასიცოცხლო პოტენციალს, აძლიერებს იმუნიტეტს, დაავადებების მიმართ მედეგობას, ხელს უწყობს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, რისი საშუალებითაც იძლევა ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების უხვ მოსავალს. მთელი რიგი მეცნიერების შეფასებით, ამ პრეპარატის შემოსვლა აგრარულ სექტორში შეფასებულია როგორც "ახალი ბიოორგანული მწვანე რევოლუცია".

    "ბიორაგით" შესაძლებელია, ხორბლის მოსავლიანობა, ნაცვლად 1,8-2 ტონისა 1 ჰექტარზე, გაიზარდოს 9-12 ტონამდე, სიმინდისა - 3 ტონიდან 14-16 ტონამდე, შაქრის ჭარხლისა - 40 ტონიდან 140 ტონამდე, ნივრისა - 5-6 ტონიდან 24 ტონამდე, სოიოსი - 1,2 ტონიდან 2,5 ტონამდე; პომიდვრისა თითოეულ ძირზე, 2-4 კგ-ის ნაცვლად, 25-30 კგ-მდე, კიტრისა - 4-6 კგ-იდან 45-50 კგ-მდე.

    "ბიორაგის" გამოყენებით მნიშვნელოვნად იზრდება მცენარეთა ხარისხობრივი მაჩვენებლებიც. მაგალითად, სიმინდის მარცვლებში შეუცვლელი ამინომჟავა ლიზინი იზრდება 80%-ით, იოდი - 960%-ით, სელენი - 200%-ით (ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან საქართველო იოდ და სელენდეფიციტური ქვეყანაა). კარტოფილში ს ვიტამინის შემცველობა იზრდება 52%-ით, ხორბალში წებოგვარას შემცველობა - 25%-დან 45%-მდე, მზესუმზირის ზეთიანობა - 50%-ით. შაქრის ჭარხლის შაქრიანობა აღწევს 21%-ს და ა.შ. მნიშვნელოვნად უმჯობესდება პროდუქტის გემოვნებითი თვისებებიც.

    ამას ემატება სხვა უნიკალური თვისებებიც, როგორიცაა მწვანე მასის 2-3-ჯერ გაზრდა (ფოტოსინთეზის პროცესის გააქტიურება, ცხოველთა საკვების რაოდენობის მომატება), დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ მდგრადობის გაძლიერება, მცენარეთა განვითარების დაჩქარება (დამწიფების ვადების შემოკლება, ადრეული მოსავლის მიღება), მძიმე ლითონებისა და რადიონუკლიდებისაგან მცენარის უჯრედების დაცვა, ფესვწარმოქმნის დაჩქარება, მძლავრი ფესვთა სისტემის წარმოქმნა, ძნელად დასაფესვიანებელ მცენარეთა ვეგეტატიური გამრავლება - კალმების სწრაფი დაფესვიანება, მეწლეობის თავიდან აცილება, ფრინველთა და ცხოველთა საკვებში მისი დამატებით მათი იმუნიტეტისა და პროდუქტიულობის გაზრდა (ცხოველთა მასის გაზრდა 40%-ით, ფრინველების - 25%-ით), დაავადებების მიმართ მათი მედეგობის ამაღლება, ხორცის კვებითი ღირებულებების გაუმჯობესება, ფრინველთა კვერცხმდებლობისა და საქონლის წველადობის მომატება და სხვ.

    ბუნებრივია, დღის წესრიგში უნდა დადგეს საკითხი (დაგვიანებით, მაგრამ 38-წლიანი გამოცდის საფუძველზე) ამ პრეპარატის უდიდეს გამოგონებად შეფასების შესახებ, ხოლო მისი ავტორი: ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ამერიკისა და ევროპის სამეცნიერო საზოგადოების წევრი, რამდენიმე აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოსა და ამერიკის ღირსების ორდენების მფლობელი, კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ საუკუნის უდიდეს მოაზროვნედ დასახელებული მეცნიერი რამაზ გახოკიძე წარდგენილ იქნეს ნობელის პრემიაზე.

    ამ საკითხის დაყენების მოტივაცია მომცა ზემოთ აღნიშნულმა მრავალწლიანმა წარმატებულმა, ასეულობით ჰექტარზე ჩატარებულმა საველე ექსპერიმენტებმა, ჩვენი და საზღვარგარეთის სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მიერ დაწერილმა დასკვნებმა, რომელთა შორისაა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიების შეფასებები და რეკომენდაციებიც, რომელთა თანახმად: "პროფ. რამაზ გახოკიძე აღიარებულია ახალი სამეცნიერო დისციპლინის, აგრობიოორგანული ქიმიის ფუძემდებლად, რომელმაც დაამუშავა მცენარეული უჯრედის მართვის გზები, რაც ორგანიზმებს პოტენციურ შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოვლენის საშუალებას აძლევს, რათა გამოამჟღავნოს დაავადებებისა და გარეშე ფაქტორებისადმი მაღალი მდგრადობა". მათ მიერვე აღიარებულია აგრეთვე ამ პრეპარატის უნიკალურობა და ის, რომ დღეს მსოფლიოში მას ანალოგი არ გააჩნია და იგი რეკომენდებულია სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოსაყენებლად ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის უხვი მოსავლის მისაღებად.

    თავიანთი და ასევე საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ასეთი შეფასებებისა და დასკვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ქართული მეცნიერების უმაღლესი ორგანოები ქმედით ნაბიჯს გადადგამენ იმისათვის, რომ ჩვენმა თანამემამულე მეცნიერმა მიიღოს ნობელიანტის დამსახურებული ტიტული.

    აქვე არ შემიძლია, არ შევეხო ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტსაც. ამ დღეებში ყველასათვის ცნობილი გახდა იმ უზარმაზარი ზარალის შესახებ, რაც გამოიწვია აზიური ფაროსანას გავრცელებამ საქართველოში. მილიონობით ზარალი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა ქიმიური პრეპარატების შეძენა-გამოყენების შედეგად. სამწუხაროდ, ფაროსანამ აღმოსავლეთ საქართველოშიც შემოაღწია და თბილისშიც გავრცელდა. საყურადღებოა, რომ ერთ-ერთმა ქართველმა ფერმერმა გენო ცაავამ, რომელიც რამდენიმე წელია, წარმატებით იყენებს "ბიორაგს" აფხაზეთში, განაცხადა, რომ ეს მავნებელი არ შეხებია მის მიერ "ბიორაგით" დამუშავებულ მცენარეებს. რასაკვირველია, ამ საკითხით ძალიან დაინტერესდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აკად.პაატა კოღუაშვილის ინიციატივით, მეცნიერებმა საქმის კურსში ჩააყენეს თვით პრემიერ-მინისტრიც და ამ დღეებში დაგეგმილია "ბიორაგის" ზემოქმედების შესწავლა. თუ ეს საკითხიც "ბიორაგის" სასარგებლოდ გადაწყდა, მის მნიშვნელობაზე კომენტარი ზედმეტია.

    მე პირადად "ბიორაგთან" შეხება მქონდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროში რესპუბლიკური გაერთიანება "საქთამბაქოს" უფროსად მუშაობის პერიოდში. "ბიორაგი" გამოვიყენეთ თამბაქოს ნედლეულისათვის სასუქებისა და პესტიციდების გარეშე. მიღებულმა მოსავალმა ორჯერ გადააჭარბა საკონტროლოს (სასუქებითა და პესტიციდებით მოყვანილს), ხარისხიც სადეგუსტაციო კომისიის შეფასებით უკეთესი აღმოჩნდა.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია დაავადებული ბზის მცენარის "ბიორაგის" მეშვეობით განკურნება. ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოტექნოლოგიის ინჟინერინგის ფაკულტეტის შენობის წინ (გურამიშვილის პროსპექტზე) დგას ორი ყუთი, რომელშიც ჩარგულია ბზის ორი ბუჩქი. მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ისინი, ისე როგორც საქართველოში არსებული ბზის სხვა ხეების დიდი უმრავლესობა, სპეციფიკური დაავადების გავლენით გახმა. სტუდენტების ინიციატივით, რომლებსაც ჩემი ლექციებიდან მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია "ბიორაგის" განსაკუთრებული თვისებების შესახებ, ამ მცენარეების ფესვებში შევიტანეთ ხსნარი, რამაც მოგვცა სასწაულებრივი შედეგი. ვიზუალურად და ფიზიკურად გამხმარი მცენარე (მსხვრევად ტოტებზე არც ერთი ფოთოლი აღარ იყო) ორ კვირაში მწვანე ფოთლებით შეიმოსა!

    ჩემი რჩევით მცხეთის რაიონის სოფელ არმაზში ახლობელმა ოჯახმა "ბიორაგი" გამოიყენა კიტრის მოსაყვანად. ამ შემთხვევაშიც მოსავალმა თითქმის 4-ჯერ გადააჭარბა საკონტროლოს, თანაც ნაყოფი გამოირჩეოდა ზომით, სიჯანსაღით და მაღალი კვებითი ღირებულებებით. იმავე ოჯახმა "ბიორაგი" გამოსცადა თითქმის მთლიანად გამხმარი გარგარის ხის მიმართ. აქაც შედეგი გასაოცარია: გამხმარმა მცენარემ ახალი ტოტები გამოისხა.

    ასეთივე შედეგები მიიღო ვანო უდესიანმაც, რომელმაც "ბიორაგი" გამოსცადა სიმინდზე. მოსავალი აქაც თითქმის 4-ჯერ მეტი იყო საკონტროლოსთან შედარებით.

    აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ "ბიორაგის" საშუალებით, დადასტურდა "ფოთლის სიხუჭუჭით" დაავადებული თუთისა და ლიმნის ხეების მასეკოსაგან სრული განკურნება, ასევე მძიმე ლითონების მცენარის უჯრედში შეღწევისაგან დაცვა.

    საჭიროა აღინიშნოს, რომ იმ დროს, როცა ასეთი უნიკალური, შეუფასებელი განძი გვაქვს, მისი მასობრივი გამოყენება ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, მას მხოლოდ ფერმერთა გარკვეული ნაწილი იყენებს. აბსოლუტური უმრავლესობა ისევ მინერალურ სასუქებს, პესტიციდებს ან საზღვარგარეთიდან შემოტანილ ბიოსტიმულატორებს ან ბიორეგულატორებს იყენებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას კი იძლევიან, მაგრამ დიდად ჩამორჩებიან მოსავლიანობითა და ხარისხით "ბიორაგს".

    უნდა გავიხსენო შარშან უკრაინიდან ჩამოსული მეცნიერი, რომელმაც კონფერენციაზე წარმოგვიდგინა მის მიერ შექმნილი ბიორეგულატორი და სიამაყით განგვიცხადა, რომ მისი პრეპარატი მოსავლიანობასაც ზრდის 16-18%-ით და რეკომენდაცია გაუწია საქართველოში დასანერგად. ამ ფაქტს კარგად შეესაბამება ქართული ანდაზა: "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო".

    მინდა, აგრეთვე გავამახვილო ყურადღება "ბიორაგის" იმ უნიკალურ თვისებებზე, რაც გამოიხატება მცენარეების სიჯანსაღის, მათი ზრდა-განვითარების, ფესვთა მძლავრი სისტემის შექმნის და მწვანე მასის, მინიმუმ, 2-3-ჯერ-გაზრდითა და მცენარეების დარგვის შემდეგ მათი გამოსავლიანობის-გახარების 90-95%-იანი შედეგით. ამ თვისებებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ასევე ორგანიზაციებს, რომლებსაც ევალებათ ქვეყნის გამწვანების საკითხები, ასევე მოსახლეობას, რომლებიც დაინტერესებულები არიან თავიანთი ეზოების კეთილმოწყობით, ვურჩევ, მცენარეების დარგვისას გამოიყენონ "ბიორაგი". ვფიქრობ, ამ ინფორმაციით დაინტერესდებიან ის ორგანიზაციებიც, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენას აპირებენ. იოლი მისახვედრია, რომ "ბიორაგის" გამოყენებით დარგული ყოველი ერთი ძირი მცენარე თავისი სიდიდით, ფოთლების რაოდენობითა და აქედან გამომდინარე ნახშირორჟანგისაგან ჰაერის გასუფთავებითა და ჟანგბადით გამდიდრებით, მინიმუმ, 2-3 ძირს უტოლდება.

    ამ წერილს ნიუ იორკიდან ვაგზავნი, სადაც თვენახევარია, ვიმყოფები. "ბიორაგის" შესახებ ვუამბე იმ ადამიანებს, რომლებიც კალიფორნიაში მომხდარი ხანძრით დამწვარი ტყეების აღდგენით არიან დაინტერესებული. მათ უკვე გაუჩნდათ სურვილი, გამოიყენონ "ბიორაგი" და ჩვენ რა დაგვემართა, ურწმუნო თომები ვართ? "ბიორაგის" ფართო გამოყენებით თავიდან ავიცილებთ საყოველთაო სასურსათო კრიზისს, რაც მოსალოდნელია 2030 წლისათვის.

    იმედია, ისინი, ვისაც ეხება და ხელეწიფება ამ უნიკალური გამოგონების ჯეროვანი შეფასება, დარწმუნდებიან, რომ "ბიორაგი" სცილდება ორიგინალურ გამოგონებებს, იმსახურებს უმაღლეს ადგილს მეცნიერების კოჰორტაში და გადადგამენ რეალურ ნაბიჯებს მისი აღიარების, ასევე საქართველოში მისი დამამზადებელი საწარმოს შექმნისა და საერთაშორისო მასშტაბით მისი გავრცელების ხელშეწყობისათვის. ეს უდიდეს როლს შეასრულებს მოსახლეობის სასურსათო პრობლემის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საქმეში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter