სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქართველოს სახალხო ფრონტის ეროვნული კომიტეტის განცხადება
    მოსაზრება
    29.10.2017

    ხელისუფლებაში შევარდნაძის მოსვლის შემდეგ, 1992 წლის გაზაფხულზე, ერთ-ერთი პირველი აქტი, რომელიც მან დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტს შესთავაზა, იყო ყარსის ხელშეკრულების რატიფიკაცია. საქართველოს პარლამენტმა თითქმის მთელი შემადგენლობით, მათ შორის საქართველოს სახალხო ფრონტის წევრებმაც, ხმების დიდი უმრავლესობით ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა, რამდენადაც ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც მათთვის ცნობილი იყო მისი ძირითადი პირობებით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ საშიშს არც იმ დროს (1992), არც ახლო მომავალში, პრაქტიკულად, არაფერს შეიცავდა მიუხედავად იმისა, რომ მისი ორივე მთავარი ფიგურანტი - საბჭოთა რუსეთი და თურქეთი - საქართველოს დაუძინებელი მტრები იყვნენ.

    ის ფაქტი, რომ საქართველოზე რუსეთის მე-11 არმიის შემოტევა აღმოსავლეთიდან და თურქეთის მორიგი შემოტევა სამხრეთ-დასავლეთიდან ერთ დღეს დაიწყო და ურთიერთშეთანხმებით დაიწყო, დეპუტატებისათვის ცნობილი ფაქტი იყო (ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობდა და არსებობს). მაგრამ შევარდნაძემ, რომელიც საპარლამენტო დადგენილების პროექტის ავტორიც იყო და სხდომის წამყვანიც, შეგნებულად დაუმალა პარლამენტს, რომ ხელშეკრულებას აქვს საიდუმლო მუხლებიც, რომლებიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ სახიფათოა და, ამგვარად, მიუღებელია.

    თქმული ეხება არა მხოლოდ თვით ხელშეკრულების ტექსტს, არამედ მის პირველ პუნქტში ნახსენებ რუსულ-თურქულ ხელშეკრულებასაც, 1921 წლის 16 მარტისას, რომელსაც ყარსის ხელშეკრულების 1 პუნქტი ახსენებს სიტყვებით: "დადგენილად ითვლება, რომ წინამდებარე ტექსტი არ მიეყენება თურქეთ-რუსეთის ხელშეკრულებას, რომელიც დადებულია მოსკოვში 16 მარტს 1921 (1337) წლისა").

    იმ დროს (1992) დასავლეთის მიერ თურქეთი განიხილებოდა, როგორც ლამის დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების შემომტანი საქართველოში თავის საქონელთან ერთად, რომელიც რუსულ საქონელს ჩაენაცვლა. ის, რომ ამგვარი დამოკიდებულება შეიცვლება ახლო ათწლულების განმავლობაში, პროგნოზირებადი იყო და ეს მოვლენა დღეს უკვე ნათლად ჩანს. ამიტომ კლარჯეთის თემის გამოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენთვის იმ დროს შეუდარებლად ნაკლებმომგებიანი იყო, ვიდრე დღეს არის და მომავალში იქნება.

    პარლამენტის წევრებს რომ ჰქონოდათ ეს ინფორმაცია ორივე ხსენებული ხელშეკრულების შესახებ, ყარსის ხელშეკრულების რატიფიკაციას ისინი ხმას არ მისცემდნენ.

    ამგვარად, არსებითად რუსეთსა და თურქეთს შორის ყარსის ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტის მიერ მომხდარია მხოლოდ დეზინფორმაციის საფუძველზე, რის გამოც იგი, როგორც საქართველოს პარლამენტის პოზიცია, ყალბად უნდა ჩაითვალოს. სადღეისოდ ყარსის ხელშეკრულება დამოუკიდებელი საქართველოს მიერ რატიფიცირებული არ არის.

    საქართველოს სახალხო ფრონტის ეროვნული კომიტეტი:

    ტ. ბერიანიძე (აღმასრულებელი მდივანი), დ.გუჯაბიძე, ე.დევიძე, ა.დოლიძე, რ.დუნდუა (პოლიტიკური მდივანი), ნ.ელიზბარაშვილი, ნ.ნათაძე (თავმჯდომარე), გ.ყურაშვილი, ს.ცხადაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter