სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    19.10.2017

    ანზორ საკანდელიძე, საქართველოს რეფორმატორთა კავშირისა და მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე

    თბილისის მერობის კანდიდატებმა ფაქტობრივად უარყვეს მშენებლობასა და ეკონომიკაში ფოკუსირებული თბილისელების მართლაც სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი 4 პრობლემის მოგვარების უნიკალური რეფორმა. ეს პრობლემებია: სეისმური უსაფრთხოება, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოება, მცირე მეწარმეობა და საგადასახადო კოდექსი.

    რატომ სეისმური უსაფრთხოება? იმიტომ, რომ, ოფიციალური სტატისტიკით, 2000-2010 წლებში მიწისძვრებით მსოფლიოში 43%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1950-2000 წლების განმავლობაში. სიკვდილიანობის ზრდის საშინელი სტატისტიკა კიდევ უფრო დამძიმდება უახლოეს ათწლეულში. გარდა ამისა, ცნობილი გეოფიზიკოსის, აკადემიკოს თამაზ ჭელიძის გაკეთებული საჯარო განცხადების თანახმად, საქართველოს 9-ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება როგორც ჩრდილოეთიდან, სადაც კარგა ხანია კავკასიონის მთელ ქედზე მასობრივად მიმდინარეობს მთის ქანების გლობალური დაშლა, ისე სამხრეთიდან, სადაც ჩრდილოეთისკენ წელიწადში 15-სანტიმეტრიანი გადაადგილებით დაძრული არაბეთის ფილაქანი დაეჯახა ევრაზიის ფილაქანს. კარზეა მომდგარი კატასტროფული მიწისძვრები, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად ევრაზიის ფილაქანზე განლაგებული ყველა სახელმწიფო (საქართველოს გარდა) ყოველდღიურ რეჟიმში დიდი ხანია, ატარებს უზარმაზარი მოცულობის პრევენციულ ანტისეისმურ სამუშაოებს მოსალოდნელი მიწისძვრებით გამოწვეული ნგრევებისა და მსხვერპლის მინიზაციისთვის. ამ დროს კი საქართველოში 25 წელიწადია, არ ჩატარებულა არც ერთი შენობა-ნაგებობის ლაბორატორიული შემოწმება სეისმომედეგობაზე და ასეთი შემოწმების ჩატარებას წელს პირველად აპირებს საქართველოს მშენებელთა ლიგა.

    რატომ სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოება? იმიტომ, რომ დღემდე საქართველოში არც ერთი შენობა (მათ შორის, არც ერთი საცხოვრებელი ბინა!) არ შემოწმებულა სამშენებლო ეკოლოგიაზე. ოფიციალური სტატისტიკით კი, დღეს მსოფლიოში გარდაცვლილთა 50% (ზოგიერთი ავტორების მონაცემებით - 70%) იღუპება სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით გამოწვეული უმძიმესი დაავადებებისაგან. სასიცოცხლოდ აუცილებელი ეს ნორმები საქართველოში ჯერ არც დაუმუშავებიათ, არც დაუკანონებიათ, არც აუმოქმედებიათ და ნელი "თეთრი სიკვდილით" დღეს თბილისში უამრავ ოჯახს ემუქრება, ბევრ დაავადებულს კი პირობები უმძიმდება. გამკითხავი, პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი ქვეყანაში არავინაა, მათ შორის - არც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, რომელმაც წელს ამ სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი პრობლემის მოგვარების თემაზე ოფიციალურად ორჯერ გაგზავნილ ჩვენს წერილზე გაგვცა აბსურდული პასუხი. თურმე ამ პრობლემის მოგვარება არ შედის მათ კომპეტენციაში!

    ამიტომ მშენებელთა ლიგამ საქართველოში პირველად დავიწყეთ მოსახლეობის ბინების შემოწმება სამშენებლო ეკოლოგიაზე.

    რატომ მცირე მეწარმეობა? იმიტომ, რომ, ოფიციალური სტატისტიკით, დღეს მსოფლიოში დასაქმებულთა 90 პროცენტს ასაქმებს მცირე მეწარმეობა. ამ დროს 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი 2006 წელს დანაშაულებრივად გააუქმა "ნაცმოძრაობამ" და 2012 წლიდან დღემდე ასევე დანაშაულებრივად არ აღადგინა "ქართულმა ოცნებამ". აქედან გამომდინარე, 11 წელიწადია, საქართველოში მცირე მეწარმეობა არალეგიტიმურია და გამოცხადებულია კანონგარეშედ, რის გამოც პარლამენტარების, მთავრობის წევრების, ეკონომისტების, ექსპერტების, პარტიების, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების არაპროფესიონალური კამათი არის მხოლოდ ლაყბობა. ნიშანდობლივია, რომ ამ კანონის აღდგენასა და მოსახლეობის დასაქმებას ებრძვიან ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან კოჰაბიტირებული საფინანსო-საბანკო მაფიოზები, რომელთა უძირო ჯიბეებში დაილექა ამ 11 წლის განმავლობაში მიზნობრივად მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის გამოყოფილი ასეული მილიონობით ლარის უცხოური თუ ადგილობრივი გრანტები, ტრანშები, დახმარებები და შეღავათიანი გრძელვადიანი კრედიტები.

    ამის ნათელი მაგალითია 2015 წლის ბიუჯეტში მცირე მეწარმეობის სასტარტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი 200 მილიონი ლარი, რომელიც გადაირიცხა კომერციულ ბანკებში; წელს მცირე მეწარმეების დასახმარებლად მაისის თვეში საქართველოში შემოსული 20 მილიონი დოლარის ევრობანკის გრანტი, რომელიც გადაირიცხა "თიბისი ბანკში" და აგვისტოს თვეში ჩინეთიდან შემოსული 15 მილიონი დოლარის გრანტი, რომელიც გადაირიცხა "ბაზისბანკში". მოსახლეობის დაუსაქმებლობისა და შიმშილისათვის გაწირვის ხარჯზე მცირე მეწარმეობის კანონი გაუქმებულია, მასთან ერთად უქმდება "მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი" საკუთარი საინვესტიციო ფონდით, სადაც უნდა გადარიცხულიყო მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის მობილიზებული ეს ასეული მილიონობით ლარი. ხელისუფლება კი თავს იმართლებს: ბანკების გარდა, აბა, სხვაგან სად გადავრიცხოთო?

    რატომ საგადასახადო კოდექსი? იმიტომ, რომ ნოღაიდელის თავკაცობით წლების წინ მიღებული და დღემდე მოქმედი კრიმინალური საგადასახადო კოდექსი ანალოგიურია დაახლოებით 2 საუკუნის წინ მიღებული და საუკუნის წინ მსოფლიოს მიერ უარყოფილი, მდიდარი მაფიოზურ კლანებზე ორიენტირებული, არარეგულირებადი, ლიბერალური ადამ სმიტისეული საგადასახადო კოდექსისა. იგი მდიდრებს კიდევ უფრო ამდიდრებს და ღარიბებს უმოწყალოდ კიდევ უფრო აღარიბებს. ხელისუფლება კი იმყოფება მოქმედი საგადასახადო კოდექსის მუდმივ ქებაში მაშინ, როცა, ამ საგადასახადო კოდექსით მცირე და მსხვილი მეწარმეების თანაბრად დაბეგვრის გამო, მცირე მეწარმეები განდევნილი არიან ქვეყნის ლეგალური სამეწარმეო სივრციდან და იმყოფებიან ჩრდილოვან ეკონომიკაში. იქვე იმყოფება აგრეთვე მსხვილი მეწარმეების დიდი ნაწილიც, რადგან ცნობილი ეკონომისტის, ნობელის პრემიის ლაურეატ სტენლი ფიშერისა და საქართველოში სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეულ, ცნობილი ესტონური ეკონომიკური მოდელის მამამთავარ მარტ ლაარის მტკიცებით, საქართველოში საგადასახადო ტვირთი 2-ჯერ აღემატება ოპტიმალურ მაჩვენებელს.

    სტენლი ფიშერისა და მარტ ლაარის ამ ეკონომიკური გათვლების სიზუსტე დაადასტურა მსოფლიო ბანკმა, რომელმაც 2012 წელს საქართველოში დააფიქსირა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. საკმარისია ოპტიმალურ საგადასახადო ტვირთებზე ორიენტირებული ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება, რომელიც ჩვენ დღევანდელ 72%-იან ჩრდილოვან ეკონომიკას ჩამოიყვანს საშუალო ევროპულ 20%-იან მაჩვენებელზე, ყოველგვარი ინვესტიციის მოზიდვის გარეშე; სწრაფად გაზრდის მშპ-ის ტემპს ორნიშნა მაჩვენებლამდე და ქვეყანა გააკეთებს დაახლოებით 20-წლიან ეკონომიკურ ნახტომს.

    დაბოლოს, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ გაზეთ "რეზონანსის" რედაქციას, რომელმაც ბოლო წლებში ამ 4 პრობლემის მოგვარების საკითხებზე გამოგვიქვეყნა ათეულობით სტატია და ინტერვიუ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter