სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    16.10.2017

    მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი

    ჩვენს რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში შექმნილ რთულ, შეიძლება ითქვას, დაძაბულ და ფეთქებადსაშიშ ვითარებაში საქართველოსთან მიმართებაში მრავალი პოლიტიკური მოთამაშის ინტერესი პროეცირდება. ბევრ მათგანს არ აწყობს, მოედანზე არსებობდეს ძლიერი სუბიექტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს გამოხატავს და წყვეტს მის წინაშე მდგარ ისტორიულმასშტაბიან ამოცანებსა თუ პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს.

    გამოცდილებით ვიცით, რომ ძნელბედობის ჟამს, როდესაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები ვერ ახერხებს საქართველოს ინტერესების დაცვას ან, მინიმუმ, ქართველი ერის პოზიციის გამოხატვას, დედაეკლესია ხდება მთავარი გოდოლი ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში.

    საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია გარდა თავისი სამოციქულო და აღმსარებლობითი დანიშნულებისა, ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, სახელმწიფოს მოქალაქეთა ინტერესების გამომხატველი და დამცველი. შესაბამისად, ეკლესიის ავტორიტეტის, მის მიმართ ნდობისა და საზოგადოებაში მაღალი რეიტინგის საფუძველი, მისიონერულ საქმიანობასთან ერთად, ყოველთვის იყო ეკლესიის სამოქალაქო აქტიურობა. ამას ადასტურებს ისტორიული თუ მიმდინარე პერიოდის მრავალი მაგალითი - წმინდანად შერაცხილ სასულიერო თუ საერო პირთა ცხოვრება.

    დღესაც, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, "ამორფული და ჩამოუყალიბებელია", პოლიტიკური ძალები - სუსტი (უმეტესობა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სხვის თამაშს თამაშობს), საზოგადოება დეზორგანიზებული (სამოქალაქო სექტორის ძირითადი ნაწილი სახელმწიფოებრივად საეჭვო) - ერთადერთ ინსტიტუტად, რომელსაც შეუძლია საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების განეიტრალება, საქართველოს ეკლესია გვევლინება.

    დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების არც ერთ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ შედგა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა. ეკლესია მარტო დარჩა ქართული სახელმწიფოსთვის ბრძოლაში. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი და მოულოდნელი სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმიდან ეკლესიის ჩამოცილების მცდელობები. დღეს, როდესაც სხვა ინსტიტუციები ვერ ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს, შეტევის მთავარი ობიექტი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაა, რათა მან ვერ იტვირთოს თავისი ისტორიული მისიის შესრულება - ერთი მხრივ, ერის სულიერი დაპურება და, მეორე მხრივ, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში მოქალაქეთა თანადგომა. მოსახლეობაც ყველაზე დიდ იმედად სწორედ ეკლესიას მიიჩნევს.

    დედაეკლესიის მცდელობა - კონკრეტულ ადამიანში სახელმწიფოს მოქალაქისა და მრევლის წევრის ჰარმონიული შერწყმა - საქართველოს მტრებისთვის მიუღებელია. მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ ასეთ მოქალაქეს ძალუძს, მოძებნოს საკუთარი ადგილი ცივილიზებულ თანამეგობრობაში, ინტეგრირებულ იქნეს საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემაში და ამავე დროს შეინარჩუნოს საკუთარი პიროვნული და ეროვნული თვითმყოფადობა, ქრისტიანულ ღირებულებებსა და ზოგადქართული ყოფა-ცხოვრების ტრადიციულ წესებზე დაფუძნებული სისტემა. შეინარჩუნოს ერთიანი ეროვნული ცნობიერება და ქართული კულტურის ერთიანი სივრცე.

    სწორედ ასეთი მოქალაქე ხდება საღმრთო ჭეშმარიტების დამცველი და ქართული სახელმწიფოს მთავარი მშენებელი! ასეთ ადამიანთა მასობრივ არსებობას ვერც ერთი რეჟიმი პრინციპულად ვერ ეგუება. სამაგიეროდ, მაქსიმალურად სტიმულირდება ჰარმონიადაკარგული ადამიანი, რომლისთვისაც მაღალი სამოქალაქო კატეგორიები განყენებული თემაა, სამართავად კი მეტად კომფორტული და ნაკლებად საშიშია ხელისუფლებისათვის.

    რეჟიმი აძლევს მას უფლებას, იაროს ეკლესიაში, ილოცოს, მაგრამ როგორც კი გამოსცდება ეკლესიისთვის შემორტყმულ გალავანს და ქრისტიანული მორალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გატარებას დააპირებს, მმართველ, ოპოზიციურ თუ არასამთავრობო ძალებად გაშლილი მეხუთე კოლონა მისი დაუძინებელი მტერი ხდება!

    მრევლს ანუ მოსახლეობის უმრავლესობას ჩამორთმეული აქვს ლიბერალური დემოკრატიის უმთავრესი მონაპოვარი - მის მიერ საკუთარი გარესამყაროსათვის (პირველ ყოვლისა, თავისი სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის) იმ სახის მიცემისათვის ბრძოლის უფლება, რომელიც მას საუკეთესოდ მიაჩნია ამ სამყაროსათვის. ამიტომაც საქართველოს წინააღმდეგ შეტევის ერთ-ერთი მთავარი ფრონტი სწორედ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადის, რომელიც თავისუფალი, დამოუკიდებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტი პიროვნებების აღზრდისა და ჩამოყალიბების კერაა.

    ამ ფრონტის "სარდლებმა" იციან, რომ მხოლოდ ეკლესიის მესვეურების დევნა (თუმცა არც უმაგისობაა) სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. ეკლესია მასზე პირდაპირი შეტევით ნერონმა, დიოკლეტიანემ და ლენინმა ვერ გაანადგურეს. ენვერ ხოჯამ ალბანეთში ცოცხალი სასულიერო პირი არ დატოვა, მაგრამ ეკლესიის მისტიურ სხეულს ვერაფერი დააკლო.

    ამიტომაც მათი აქტივობის უკან აშკარად იკვეთება გეგმა, რომლის მიხედვითაც ეკლესიამ უნდა თქვას უარი სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების დაცვაში საკუთარი პოზიციის გამოხატვაზე ანუ მიატოვოს საკუთარი მოქალაქეები! ეკლესიას კი უნდა გაემიჯნოს მისი მრევლი და ეს უკანასკნელი ჩამოშორდეს სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.

    გეგმის მიზანია სასულიერო პირებსა და მრევლს შორის, მთლიანად ეკლესიასა და საზოგადოებას შორის კავშირის გაწყვეტა ან, მინიმუმ, შესუსტება. ეს ავტომატურად იწვევს სამოქალაქო სივრციდან ეროვნულ და ქრისტიანულ ფასეულობათა გამოდევნას. ე.ი. ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ბალავარის მოშლას! ისწრაფვიან, რომ ქრისტიანობა საქართველოში გახდეს თავისთავში ჩაკეტილი განყენებული მოძღვრება.

    ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ეკლესიის შიგნით დაძაბულობის შექმნა და მისი გადაქცევა შიდა პრობლემებში ჩაძირულ მართვად დაწესებულებად. მიმდინარეობს კონკრეტული იერარქებისა და მოძღვრების კომპრომეტირება, სასულიერო პირებისა და მრევლის ჩართვა საჯარო დაპირისპირებაში, მაღალი ემოციური ფონის შექმნა მეტი ინტრიგისა და დამაჯერებლობისთვის. ამის მიღწევა ხდება, ერთი მხრივ, ეკლესიის შიგნით არსებული განსხვავებული მოსაზრებების დაპირისპირებამდე გამწვავების ინსპირაციის და, მეორე მხრივ, ერთი ცენტრიდან მართულ ფსევდოლიბერალებსა და ე.წ. ორთოდოქს რადიკალებს შორის რელიგიური რყევების წახალისების გზით.

    დასასრული

    მსგავსი "თვალსასეირო და გულგასახეთქი" პროცესები მედიით გაშუქდება, როგორც თითქოსდა საპატრიარქო ტახტისათვისა და საეკლესიო გავლენისთვის ბრძოლა, რაც მოსახლეობის თვალში მთლიანად ეკლესიის დისკრედიტაციასა და მისგან ხალხის ჩამოშორებას გამოიწვევს.

    შედეგად, საბოლოო ანგარიშით, ეკლესიამ უნდა დაკარგოს პარტნიორი და, თავის მხრივ, მოქალაქემ უნდა დაკარგოს თავისი ცნობიერების ერთ-ერთ მკვიდრი საფუძველი, ზნეობრივი მარეგულირებელი, ძლიერების წყარო და სულიერი ორიენტირი. ეკლესია უნდა დარჩეს სამოქალაქო სივრცეში ორგანიზებული პარტნიორის გარეშე, სადაც დომინანტი იქნება ანტიეკლესიური ძალები, რომლებიც "წარმატებით" შეძლებენ, დაბლოკონ ეკლესიის ინდივიდუალური პარტნიორობის გამოვლენის ნებისმიერი მცდელობა.

    სწორედ ამ დიდი კამპანიის ერთ-ერთ ეპიზოდად იქნა გამოყენებული დასრულებული სისხლის სამართლის საქმე და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. შიდაეკლესიური აქტორებით, მაგრამ აშკარად გარედან მიზანმიმართული და ორგანიზებული წაქეზებით მიმდინარე ამ "დაპირისპირებას" მკაფიოდ გამოკვეთილი ანტიეკლესიური ფორმა აქვს და ნათელს ჰფენს ინსპირატორთა განზრახვას, ხელი შეუშალონ საქართველოს ეკლესიის ფუნქციონირებას.

    სახეზეა საყოველთაო ეგზალტაციისა და ისტერიის დაგეგმილ სპექტაკლში ეკლესიის ჩათრევის მცდელობა. ინსტრუმენტად კი კვლავ ბუნებისგან ამ "საქმისთვის" მოწოდებული ნაცადი სახეები მოგვევლინნენ, რომელთა ლოზუნგია - დავანგრიოთ, რისი დანგრევაც სააკაშვილმა ვერ შეძლო, ან ვერ დაანგრია; გამოვიყენოთ ყოველი შემთხვევა ამ მიზნის მისაღწევად; საქმეში ჩავრთოთ ხელთ არსებული ყველა რესურსი, ყველა, ვისი პირადი ინტერესიც შეიძლება მოვლენების ესკალაციისთვის გამოდგეს; გავსვაროთ ყველა, როგორც პიროვნება, ასევე ინსტიტუცია.

    ეკლესია თავისთავად ცოცხალი ორგანიზმია, სადაც შეიძლება გარკვეული პრობლემა რეალურად არსებობდეს, შეიძლება ზოგიერთი სასულიერო პირი თუ მრევლის წევრი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს წარმოდგენაში არსებულ სტანდარტებს, მაგრამ ამის განზოგადება და არაეკლესიური ან ნაკლებად ეკლესიური ადამიანების მხრიდან შიდა ეკლესიური საკითხების საჯარო განხილვის მცდელობა დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ გარედან ჩარევა ხდება მიზანმიმართულად ერთიანი ქართული მართლმადიდებლური სივრცის რღვევის მიზნით.

    აყველა ჯანსაღი ორგანიზმი და, მათ შორის, საქართველოს ეკლესია თვითონვე მოუვლის მის შიგნით არსებულ პრობლემას გარედან ჩარევის შემცირების პარალელურად. ხაზს ვუსვამთ - გარედან ჩარევის შემცირების პარალელურად.

    ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს (ან უნდა ვაიძულოთ, გააცნობიეროს), რომ ეკლესია დამოუკიდებელი და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინსტიტუტია და სახელმწიფოს მშენებლობა და მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების დაკმაყოფილება მხოლოდ მასთან პარტნიორობითაა შესაძლებელი. ამავდროულად, საზოგადოებას სჭირდება თანადგომა ათეულობით წლების განმავლობაში მებრძოლი ათეიზმისა და ბოლშევიზმის მიერ დატოვებული მეტასტაზებისგან გასათავისუფლებლად და რელიგიური და სამოქალაქო განათლების ასამაღლებლად.

    საღად გააზრება იმისა, რაც ხდება, უნდა დაგვეხმაროს გამოფხიზლებასა და სწორი ორიენტირების არჩევაში. შექმნილ ურთულეს ვითარებაში განსაკუთრებული დაფიქრება და ძალისხმევა გვმართებს როგორც მორწმუნე საზოგადოებას, ისე სასულიერო პირებს. აღარ გვაქვს დრო და ფუფუნება, თვითდინებაზე მივუშვათ პროცესები. ინიციატივა გაშვებულია და საჭიროა კვლავ მისი ხელში აღება. საპატრიარქოს, ეპარქიების, სამრევლოების, მთლიანად მრევლისა და ეკლესიისადმი კეთილგანწყობილი საზოგადოების კონსოლიდაცია საერთო ინტერესების მატარებელ, სამოქალაქო სივრცეში აქტიურ, ერთიან და მთლიან ცოცხალ ორგანიზმად სახელმწიფო და საეკლესიო ცხოვრების გაჯანსაღების ერთადერთი საშუალებაა.

    ის გარემოება, რომ საქართველოს ეკლესიას დღეს თავისი სულიერებითა და ღვაწლით საქართველოში ყველაზე გამორჩეული პიროვნება ხელმძღვანელობს, არ უნდა გახდეს უმოქმედობისა და თავდამშვიდების საბაბი. უწმინდესი და უნეტარესი ილია || ორმოცი წელია, ეწევა ეკლესიისა და ერის სულიერი ლიდერის ჭაპანს. სწორედ მისი ლოცვის, სიბრძნისა და მადლით ვუმკვლავდებოდით ამ პერიოდში ჩვენს თავს მოწეულ ჭირსა და ვარამს. ჩვენი ქმედებებით ბევრჯერ გული ვატკინეთ, ვერ შევაჩერეთ უღირსი ადამიანების მიერ მისი მიმართულებით ნასროლი მრავალი ქვა. ადამიანური მორალი გვავალდებულებს, დავუდგეთ მას გვერდში, რათა იქნებ მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მძიმე ტვირთის ტარება.

    მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ მრევლის და სასულიერო პირების სამოქალაქო აქტიურობა, წარმართული სამოქალაქო სივრცისთვის დამახასიათებელი ფორმებით, ორგანიზებულობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების კულტურის მაღალი სტანდარტებით, აუცილებელი პირობაა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პირველი რიგის ამოცანების მოსაგვარებლად.

    უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ საკუთარი სიმართლისათვის ბრძოლის მოტივი და უფლება ყველას გვაქვს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეს უფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიბრძნის, მორალის ან ეკლესიისა და სახელმწიფოს ბედზე პასუხისმგებლობის გარეშე, ანუ განუკითხავად. ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა ღმერთისა და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში არ უნდა გადაიზარდოს!

    სასულიერო პირთა და მრევლის იმ ნაწილმა, რომელიც სიღრმისეულად აცნობიერებს მდგომარეობას, ვინც გულწრფელად განიცდის შექმნილ საგანგაშო ვითარებას, არ უნდა ჩავათრევინოთ თავი ამ ბინძურ ქმედებებში, მოვთოკოთ ემოციები, საკითხები განვიხილოთ მხოლოდ შესაბამისი ფორმატითა და ამოცანების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. თანმიმდევრულად და ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული თეორიითა და პრაქტიკით დასაბუთებული ჩვენი ძლიერი პოზიციები. ყველას უნდა გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ თითქოსდა მას ძალუძს, ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც თავად სურს და ამისთვის არავინ მოსთხოვს პასუხს. უნდა გავუფანტოთ ის ილუზიაც, რომ შესაძლებელია, რაიმე მოღალატური თუ დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter