სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    19.05.2017

    ალექსანდრე კუპატაძე, ლონდონის სამეფო კოლეჯი

    უკანასკნელ პერიოდში განვითარებული პოზიტიური მოვლენების მიუხედავად (როგორიცაა უვიზო მიმოსვლის მინიჭება საქართველოსთვის), ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავლის პერსპექტივა მაინც არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება.

    გაურკვეველია, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი (თუკი იქნება საერთოდ) საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. უფრო მეტიც, არსებობს მიზეზები, რის გამოც ევროკავშირი-საქართველოს მომავალი ურთიერთობა, შესაძლოა, მომდევნო წლებში უფრო მეტად ბუნდოვანი გახდეს.

    აღნიშნული წერილის მიზანია, მოკლედ მიმოვიხილოთ ეს ფაქტორები, ძირითადი აქცენტი კი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაზე და "ბრექსითის" რეფერენდუმის შედეგებზე გაკეთდება.

    აღსანიშნავია, რომ ამ შედეგებიდან საქართველოსთვის ბევრი რამ ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობაზეცაა დამოკიდებული, ეს კი ის ფაქტორია, რომელიც ქვემოთ იქნება ხაზგასმული.

    პირველი, ევროკავშირის წინაშე არის მზარდი რაოდენობის გამოწვევები, რომლებიც მემარჯვენე პოპულისტური ჯგუფებიდან მომდინარეობს, დაწყებული ხუთი ვარსკვლავის მოძრაობით იტალიაში, დამთავრებული ეროვნული ფრონტით - საფრანგეთში. "ბრექსითი" კი არის ის მოვლენა, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, თუ რამდენად რეალურია ეს გამოწვევები.

    აღნიშნული მოძრაობები და მათთან ასოცირებული ნაციონალისტური და ანტილიბერალური იდეოლოგიები ძირს უთხრიან ევროკავშირის მმართველობის სუპერნაციონალურ ფორმას და ნდობაზე დაფუძნებული, მულტილატერალური გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

    ასევე, ეს მოძრაობები ძირს უთხრიან ევროკავშირის დამფუძნებელ იდეას, რომელიც მოიცავს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ნეგატიური გავლენა აქვთ ევროკავშირის იმიჯსა და მის გლობალურ როლზე.

    ეს მოძრაობები ანტიგლობალური, ევროკავშირის მოწინააღმდეგე და, ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეხოტბეები არიან. მათთვის რუსეთის ინტერვენციონისტული და რევიზიონისტული პოლიტიკა რუსეთის "ახლო საზღვარგარეთში" ("ნეარ აბროად") მხოლოდ მეორეხარისხოვანი პრობლემაა და უფრო მეტად ინტერპრეტირებულია, როგორც რუსეთის მხრიდან დასავლეთისგან თავდაცვის მცდელობა.

    ახლახან გამართულ ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში "სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის" (ქქვ) დამარცხება იმედის ნაპერწკალს აჩენს, თუმცა ისიც ცხადია, რომ პარტიის პოპულარობა უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა.

    ამასთანავე, ექსტრემისტულ-პოპულისტური იდეები ჯერ კიდევ ჰპოვებს გამოხატულებას ევროკავშირის მოსახლეობის საკმაოდ დიდ სეგმენტში.

    მაგალითისთვის, შემდეგი არარეპრეზენტატული ნიმუშიც: ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობის საბაკალავრო და სამაგისტრო მოდულებზე, რომლის სტუდენტებსაც მე ვასწავლი ლონდონის სამეფო კოლეჯში (ლშტპძთ სწდდუპუ დწტვწტ) გაზაფხულის სემესტრში, სტუდენტების უმრავლესობა ევროკავშირის მოქალაქეა. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ რუსეთი უფრო მეტად არის მსხვერპლი (დასავლეთის ექსპანსიონიზმის), ვიდრე დამნაშავე (მისი მეზობლების წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის გამო).

    მსგავსი ტიპის დამოკიდებულებას პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოზე. საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედება ხშირად მიიღება, როგორც "ლეგიტიმური" და გამართლებულია "თავდაცვითი რეალიზმის" საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ რუსეთი უბრალოდ იცავდა საკუთარ თავს და არ მოახდენდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, თუკი ის არ იგრძნობდა საფრთხეს დასავლეთისა და ნატოსგან.

    ამ პერსპექტივის მიხედვით, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები არარეალურად გამოიყურება, რადგან აღნიშნული მისწრაფებები რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.

    მეორე, ევროკავშირი სულ უფრო მეტად ხდება პრაგმატულ პოლიტიკაზე ორიენტირებული. მაგალითად, მთლად სამართლიანი არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო და უკრაინა განხილულ იქნეს პარიტეტის საფუძველზე, მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაზე საუბრის დროს.

    მმართველობით რეფორმებში საქართველო მიჩნეულია რეგიონულ ლიდერად, უკრაინამ კი მხოლოდ მცირე პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში პარიტეტის პოლიტიკა გეოპოლიტიკურ გათვლებს - თვალსაზრისს ეფუძნება.

    ამასთანავე, ევროკავშირის მეგობრული ურთიერთობა ავტორიტარულ და რეპრესიულ, თუმცა ნავთობით მდიდარ, აზერბაიჯანთან მიუთითებს, რომ მისი პოლიტიკა უფრო მეტად პრაგმატულ მიდგომას ეფუძნება, ვიდრე ნორმატიულს, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებების პატივისცემა.

    ეს მაგალითი აჩვენებს, რომ მომავალში ევროკავშირის ქმედებები, შესაძლოა, დაეფუძნოს, პრაგმატულ ინტერესზე დაფუძნებულ გათვლებს, რომელიც ხშირად შესაძლოა, შესაბამისობაში არ მოვიდეს მისი ნორმატიული ძალის სტატუსთან, რაც მას ამ დროისთვის გააჩნია.

    აქ შეიძლება დავინახოთ რუსეთის ფაქტორიც, რომელიც ევროკავშირის პროდუქციისთვის კვლავ მნიშვნელოვან ბაზრად და ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფოსთვის - ძირითად გაზის მომწოდებელ ქვეყნად რჩება.

    ნაკლებსავარაუდოა, რომ ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების რუსეთის გაზზე დამოკიდებულება მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიცვალოს.

    შესაძლოა, ეს სიტუაცია "ბრექსითმაც" გაამწვავოს, რამდენადაც დიდი ბრიტანეთის მიდგომა ყოველთვის გაზის მოწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მოქნილობაზე იყო ფოკუსირებული მაშინ, როცა გერმანია, პირიქით, უფრო მეტად რუსეთთან გრძელვადიან კონტრაქტებსა და განახლებადი ენერგიის სუბსიდირებაზეა ორიენტირებული.

    შესაძლოა, "ბრექსითის" შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უფრო მეტად გაზარდონ რუსეთიდან გაზის იმპორტი, რაც, თავის მხრივ, გაზზე დამოკიდებულების პრობლემას უფრო მეტად გაამწვავებს. ამ ყოველივეს კი გავლენა ექნება საქართველოზეც.

    გაზრდილი დამოკიდებულება, ამასთან დაკავშირებული ევროკავშირის პრაგმატულობა და რუსეთის მისწრაფება - გამოიყენოს მისი ენერგომომარაგება, როგორც პოლიტიკური ზემოქმედების იარაღი - ეს ყველაფერი ხელს უშლის საქართველოს შანსებს, გააღრმაოს ევროკავშირთან ინტეგრაცია.

    მესამე, "ბრექსითი" ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი დაკარგავს სამიდან იმ ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც გლობალური დღის წესრიგი და საერთაშორისო სტრატეგიული ამბიციები გააჩნია. ამ ყოველივემ კი, შესაძლოა, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უფრო მეტად უნიფიცირებული გახადოს. საბოლოოდ კი, შესაძლოა, ამ ყოველივემ ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთის მიმართ უფრო მეტად შემრიგებლური გახადოს.

    აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში, ამჟამად სწორედ დიდი ბრიტანეთი არის ევროკავშირში რუსეთისადმი ყველაზე მეტად სკეპტიკურად განწყობილი წევრი სახელმწიფო.

    დიდი ბრიტანეთის როლი რუსეთისთვის სანქციების დაწესების დროს, ამ უკანასკნელის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი ანალიტიკოსი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას - ბრიტანეთის მნიშვნელოვანი წონის გარეშე ევროკავშირი საერთოდ თუ შეძლებდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

    "ბრექსითი" ნიშნავს, რომ სანქციებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება. უფრო მეტიც, სანქციები ნაკლებპრიორიტეტული იქნება ევროკავშირის ისეთი წამყვანი სახელმწიფოებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად: გერმანია და საფრანგეთი. შედეგად, უნგრეთისა და იტალიის წონის შედარებითი ზრდა - ქვეყნები, რომლებიც ემხრობიან რუსეთთან შემრიგებლური პოლიტიკის გატარებას და თვალების დახუჭვას მის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე მისივე მეზობლების მიმართ - შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს.

    ზოგიერთი ფიქრობს, რომ ლტოლვილთა კრიზისის საკითხით დაკავებამ, რაც უფრო დიდ პრობლემად აღიქმება ევროკავშირისთვის, ვიდრე რუსეთის აგრესია უკრაინასა და საქართველოში, ასევე, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის მიმართ უფრო მეტად შემრიგებლური პოლიტიკის აღმოცენებას.

    არსებობს რამდენიმე კარგი მიზეზი, რის გამოც რუსმა პოლიტიკოსებმა ენთუზიაზმით აღსავსე განცხადებები გააკეთეს "ბრექსითის" რეფერენდუმის შემდეგ. მაგალითად, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის გარეშე ევროკავშირში "არავინ დაიცავს ჩვენ წინააღმდეგ (დაწესებულ) სანქციებს ასე გულითადად ".

    შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც "ბრექსითის" პროცესი მთლიანად დასრულდება, საქართველო დაკარგავს თავის ერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერს ევროკავშირში. ტრადიციულად, ბრიტანეთი საქართველოს ინტერესების დიდი მხარდამჭერი იყო.

    მაგალითად, 2008 წელს პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა დაგმო აგვისტოს ომი, როგორც რუსეთის "უწყვეტი აგრესია", ხოლო საგარეო მდივანმა დევიდ მილიბანდმა ევროკავშირი-რუსეთის პარტნიორობაზე მოლაპარაკების შეჩერებაზე არაერთი მოწოდება გააკეთა.

    ასევე, ბრიტანეთი მხარს უჭერდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია რიგის 2015 წლის სამიტის წინ მოახდინა, რითაც მან თავისი მხარდაჭერა აჩვენა.

    უკანასკნელ პერიოდს რაც შეეხება, მაგალითად, 2016 წელს საგარეო მდივანმა ფოლიპ ჰამონდმა საქართველოს "უსაფრთხოების საკითხებში მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი და რეგიონული დემოკრატიის მისაბაძი მაგალითი" უწოდა და, ამასთანავე, რუსეთის მიერ მის მეზობლებზე განხორციელებული ძალადობა დაგმო.

    მეორე მხრივ, აშკარაა ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზად არის "მის პრივილეგირებულ ინტერესის ზონაში" გავლენის შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ზომები მიიღოს.

    შესაძლოა, დასავლეთის სანქციებს აუცილებლად შემაკავებელი ეფექტი არ ჰქონდეს. ბევრი არაფერი შეცვლილა რუსეთის ქცევაში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში. მაშინ, როცა სანქციების ეფექტურობა უმეტესად განიმარტება როგორც წარმატება (მაგალითად, რომ არა სანქციები, რუსეთი ქალაქ მარიუპოლს აიღებდა), საკმაოდ რთულია ამის გაზომვა.

    პირიქით, არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ვამტკიცოთ, რომ რუსეთი დონბასში სეპარატისტებისთვის სამხედრო მხარდაჭერაზე უარს ამბობს ან უკან იხევს. ასევე, უკანასკნელ პერიოდში რუსეთი მისი სტრატეგიული გავლენის გავრცელებას საკუთარი საზღვრებიდან ისე მოშორებითაც ცდილობს, როგორც, მაგალითად, ბალკანეთი და ახლო აღმოსავლეთია.

    დასავლეთ ბალკანეთში ევროკავშირის შესუსტებული გავლენის გათვალისწინებით, რუსეთი აქტიურად მუშაობს, რათა შეავსოს რეგიონში არსებული ვაკუუმი.

    მაგალითად, რუსეთი ცდილობს, სერბებთან დაიწყოს და გააფართოოს სამხედრო თანამშრომლობა, ისევე, როგორც ცდილობდა, ბოსნიის, მაკედონიისა და მონტენეგროს "ნატოს" სტრუქტურის გარეთ ყოფნა შეენარჩუნებინა.

    საკუთარი გავლენის გავრცელება მისი "ინტერესის პრივილიგირებული ზონიდან," დიდი ალბათობით, ნიშნავს, რომ რუსეთი მის უშუალო სამეზობლოზე კონტროლს მარტივად არ დათმობს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთის სირიაში ჩართულობა უფრო მეტად საერთაშორისო პრესტიჟს და მისი სამხედრო სიძლიერის დემონსტრირებას ემსახურება, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ძლიერების მონოპოლიასთან მეტოქეობას.

    მოსკოვის ლოგიკით, აღნიშნული მიზნების განხორციელებას ზიანი მიადგება, თუკი მისი ყოფილი პროტექტორატი სახელმწიფო, როგორიცაა საქართველო, რუსეთის გავლენის ზონიდან გასვლას შეძლებს.

    "ბრექსითი" ასევე ნიშნავს, რომ შესაძლოა, ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობაც გართულდეს. ბრიტანეთი ყოველთვის მიიჩნეოდა, როგორც უმნიშვნელოვანესი შემაკავშირებელი სახელმწიფო, რომელიც უთავსებდა და აგვარებდა ორივე მხრიდან მომდინარე საკამათო საკითხებს, ისეთებს, როგორიცაა: ევროპელების წინააღმდეგობა (მათ მიერ აღქმულ) ამერიკელების უნილატერალიზმთან მიმართებით და ამერიკის ზეწოლას - ევროპის მხრიდან ტრანსატლანიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტვირთის გაზიარებასან დაკავშირებით.

    საფრანგეთის პრეზიდენტის-ფრანსუა ოლანდის მიერ გაკეთებული კომენტარი - "ნატოს არავითარი როლი აქვს იმაში, რომ თქვას, როგორი უნდა იყოს ევროპის ურთიერთობა რუსეთთან," - მიუთითებს, რომ ბრიტანეთის გარეშე ტრანსატლანტიკური პოლიტიკა, შესაძლოა, ნაკლებად შეთანხმებული გახდეს. ეს ყოველივე კი ძირს უთხრის ნატო-აშშ-ის მცდელობას - აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აგრესიულ მიზნებს შეეწინააღმდეგოს.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამასობაში ევროკავშირის პოლიტიკა მის აღმოსავლეთ სამეზობლოში გაუგებარი რჩება. ევროკავშირს მის აღმოსავლეთ მეზობლებთან ჩართულობის სტრატეგია აკლია. არსებობს ბუნდოვანი გარანტიები კავშირში პოტენციურ შესვლაზე და "პრივილეგირებული პარტნიორობის" ცნებაც ცუდად არის განმარტებული.

    რუსეთის მკაფიო - "სტაფილო და ჯოხების" მიდგომისგან განსხვავებით, ევროკავშირის მხრიდან ჯილდო და სანქციები გაურკვეველი და არამტკიცეა, ისევე, როგორც მისი მონიტორინგის მექანიზმები.

    საერთო ჯამში, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ "ბრექსითი" აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაციის შესაძლებლობას ზიანს აყენებს. უფრო მეტიც, ეს ზრდის იმის შანსებსაც, რომ რუსეთთან მიმართებით ევროკავშირი უფრო მეტად შემრიგებლურ მიდგომას აირჩევს.

    ამ ყოველივეს კი მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოზე, განსაკუთრებით, თუკი მხედველობაში მივიღებთ რუსეთის მტკიცე, თითქმის უკომპრომისო პოზიციას, ევროკავშირის ბუნდოვანი და გაურკვეველი მიდგომის ფონზე.

    ამის გათვალისწინებით, შესაძლოა დავასკვნათ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება.

    (წერილი მოგვაწოდა "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა")

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter