სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    14.05.2017

    ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი, თდასუ-ს (თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის) ასოცირებული პროფესორი

    ჩემი განცხადებების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წლის 24 მარტს განიხილა პარლამენტის მიერ ჩატარებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევი კონკურსის ერთ-ერთი პირობის - "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტთან შესაბამისობის საკითხი.

    ფაქტობრივად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა განემარტა, პარლამენტის რეგლამენტის 219-მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოებაში მონაწილეობის გამოცდილება იურიდიულ პირს მოეთხოვება თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს. აღნიშნულ საკითხს არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და მიმდინარე სასამართლო რეფორმის ეფექტურად განხორციელებისთვის, აგრეთვე სახელმწიფოში მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმის დაძლევისთვის.

    ნაცვლად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილულ საკითხზე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება ანუ კოლეგიური ორგანოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე საბჭოს წევრებს შორის გამართული მსჯელობის შედეგი ეცნობებინა ჩემთვის, ოფიციალურ პასუხში (#506/310-01-ო,13.04.2017) მხოლოდ საკუთარი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა.

    ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის გრამატიკის წესების მიხედვით, ნაცვალსახელი "მისი" მიემართება მასთან უფრო ახლოს მყოფ სიტყვას ("კანდიდატს"), ლევან მურუსიძის აზრით, ვინაიდან "პარლამენტის რეგლამენტის 219-მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა ცალსახად არ მიემართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, შესაბამისად, იგი უნდა განიმარტოს "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადების მიხედვით".

    გარდა იმისა, რომ საკუთარი აზრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიციად წარმოჩენით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აშკარად გადაამეტა უფლებამოსილებას, მიმაჩნია, რომ მან სრულიად შეგნებულად მოიხსენია ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის ზემოაღნიშნული ნორმები იდენტურად (არადა, ორგანულ კანონში მოცემული ფორმულირებით სასამართლოში საქმეთა განხილვაში "წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა" კანდიდატის წარმდგენ ა(ა)იპ-ს მოეთხოვება, ხოლო პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თავად წარდგენილი კანდიდატი უნდა იყოს "წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი"), რათა გაემართლებინა ადრე ჩადენილი არაეთიკური და უკანონო ქმედებები.

    კერძოდ, საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2014 წლის დასაწყისში ჩატარებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის (ლევან მურუსიძის მეგობრის) დანიშვნის კანონიერების თაობაზე სასამართლოში წარმართულ დავას, როდესაც საკასაციო საჩივრის განმხილველი პალატის შემადგენლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც "აღმოჩნდა".

    შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე "ზეპირი მოსმენით იმსჯელეს", არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და სამართლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ვერაფერი დაინახეს... ფაქტია, რომ საკასაციო პალატამ ვერც ქვემდგომი ინსტანციის მიერ დაშვებული შეცდომები შენიშნა და იმითაც კი არ დაინტერესებულა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კრიტერიუმები მკაფიოდ განესაზღვრა, რამაც მორიგი კონკურსის კანონდარღვევით ჩატარებაც გამოიწვია (პარლამენტის 2017 წლის 23 მარტის დადგენილების ბათილობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელია შეტანილი).

    სავარაუდოდ, სწორედ ლევან მურუსიძის მიერ განხორციელებული ზემოქმედების შედეგად ვერც ქვედა ინსტანციებში შენიშნეს მოსამართლეებმა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პირს საკონკურსო კომისიისთვის არ წარუდგენია კანდიდატად რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი (არ დასტურდებოდა, რომ წარდგენილი კანდიდატი ან მისი წარმდგენი იურიდიული პირი მონაწილეობდა "სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში"...), ხოლო თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში, ფაქტობრივად, სულ ტყუილები ეწერა.

    ამასთან, კანდიდატი წარადგინა არაუფლებამოსილმა სუბიექტმა, ხოლო კანდიდატების შერჩევა განახორციელა "კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ"). ფაქტობრივად, როგორც ეს საქართველოში არცთუ იშვიათად ხდება, კანონის უზენაესობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების იგნორირებით მოხდა წინასწარ შერჩეული პირის კონკურსის პირობების გვერდის ავლით დანიშვნა, რაზეც "მურუსიძის სასამართლომ" რეაგირება არ მოახდინა.

    ამდენად, მიმაჩნია, რომ ჩემთვის გამოგზავნილ პასუხში ლევან მურუსიძემ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის ზემოაღნიშნული ნორმები, ფაქტობრივად, მხოლოდ იმიტომ აღიარა იდენტურად, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს წევრს, უკვე გამოხატული ჰქონდა პოზიცია, როდესაც სრულიად დაუსაბუთებელ განჩინებას მოაწერა ხელი (საქმე #ბს-779-765, 12.03.2015).

    გარდა ამისა, სრულიად მიუღებელია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გარდა იმისა, რომ უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში, ფაქტობრივად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც სრულად აკონტროლებს და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებსაც, როგორც ჩანს, ერთპიროვნულად წყვეტს.

    ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ 2004-2005 წლებში გორის რაიონულ პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ დასაქმებული ლევან მურუსიძე სააკაშვილის 2005 წლის 22 სექტემბრის #784 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ, ხოლო პარლამენტის 2006 წლის 14 აპრილის #2901 დადგენილებით (ფაქტობრივად, მოსამართლედ გამწესებიდან 6 თვეში) საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად აირჩიეს.

    ამდენად, "ნაციონალურ ინტერესებში" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ჭეშმარიტად "რევოლუციური" კარიერული წინსვლიდან და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიმაჩნია მოსამართლედ მისი უვადოდ გამწესება. გონივრული იქნებოდა, ნებაყოფლობით გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან და საერთოდ უარი ეთქვა მოსამართლეობაზე, რაც ხელს შეუწყობდა სასამართლო ხელისუფლებაში რეალური რეფორმის განხორციელებასა და მოსამართლეთა კორპუსისადმი ნდობის ამაღლებას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter